ზურა ანთელავას მეგობარი, რომელიც ცნობილი გახდა სერიალიდან “ჩცდ”, კვაზი მანტკავას როლით ქორწინების უცნაურ ისტორიას იხსენებს, როგორც მისი “ფარული მეუღლე” ამბობს, მათ ორი წლის წინ იქორწინეს მალულად. მსახიობის “ფარული მეუღლე” ემიგრანტი ლიგია მუშკუდიანია.
გამოცემა პრაიმტაიმთან ემიგრანტმა ლია მუშკუდიანმა მისი და კვაზი მანტკავას კურიოზულ ქორწილზე ისაუბრა:
“წლების განმავლობაში რუსთავის კულტურის სახლში, განყოფილების ხელმძღვანელი გახლდით. საბედნიეროდ მქონდა ბედნიერება, რომ ვთანამშრომლობდი ძალიან ბევრ და კარგ ხელოვან ადამიანებთან. კარგ მოგონებებთან ერთად, სახალისო ისტორიებიც ბევრი მაქვს. ალბათ მოვა დრო და ყველაფერს ერთ წიგნში მოვუყრი თავს.
ზედმეტ სახელად “კურიოზას” მეძახიან. ეს სახალისო ისტორია, კი რომელზედაც ახლა უნდა გიამბოთ, ორი წლის წინ გადამხდა. 22 წელია ემიგრაციაში ვარ. იმ ზაფხულს ვიყავი ჩამოსული და ბატონი ზურა ანთელავა, ჩემი მეგობრების, ნუკრი გამყრელიძისა და ლარისა ხაჭაპურიძის ოჯახში ორი წლის წინ სუფრაზე გავიცანი.
ეს ის პერიოდია, როცა სერიალში მისი გმირი ძალიან პოპულარული იყო. ბევრი ვიხალისეთ, ვიმღერეთ. მეორე წელს, ისევ იმავე ოჯახში შევხვდით ერთმანეთს.
როგორც ყოველთვის შესანიშნავი სუფრა გაგვიშალა ქალბატონმა ლარისამ და ბატონმა ნუკრიმ. მოვეფერეთ და მოვესიყვარულეთ ერთმანეთს. კარგადაც ვიმხიარულეთ. საუბარში, სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გარჩევა დავიწყეთ და ბატონ „კვაზი მანტკავას“ გავეხუმრე, როგორ არ გამოგყვა ცოლად ნანა შონიას გმირი – მეთქი და ვუთხარი, მე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გამოგყვებოდით ცოლად ისეთი კარგი გმირი ხართ სერიალში – თქო. მომიტრიალდა და მითხრა: ხო და რადგან ასეა, ახლა გამომყევი ცოლადო.
მეც მეტი რა მინდოდა. ავყევი ამ ხუმრობას. გულში კი ვფიქრობდი, იქნებ მეც გამოვკრა ხელი ერთ როლს -თქო. ხუმრობა იქით იყოს და ლარისამ ბეჭედი გამომირბენინა ოთახიდან და ხელზე გამიკეთეს. მერე თეფშიც გავტეხეთ და მრავალჟამიერიც შემოვძახეთ.
ჩემი ხელის „მომკიდე“ ეკა ქვრივიშვილი იყო. „კვაზისი“ ბატონი ნუკრი გამყრელიძე. ერთი სიტყვით, ისეთი სცენა გავითამაშეთ, ნებისმიერ ფილმს რომ დაამშვენებდა. ეს ყველაფერი კი ვიდეოზე დავაფიქსირეთ.
არ ვიცი საიდან, როგორ და ეს ვიდეო ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. ერთმანეთს უგზავნიდნენ ჩემი მეგობრები და ნაცნობები. რამდენიმე დღეში, როცა ათენში დავბრუნდი, ქალაქში გამოვედი თუ არა და ყველა ნაცნობი რაღაცას მილოცავდა. თავიდან ვერ მივხვდი რას მილოცავდნენ.
ვიფიქრე, რა დაემართათ ამ ემიგრანტებს, 15 წელია ასე ჩამოვდივარ ათენში და ასეთი მილოცვა დალოცვა არასოდეს მიმიღია-მეთქი. თურმე სად ვარ, ყველას ჰგონებია, რომ მართლა გავთხოვდი ბატონ „კვაზი მანტკავაზე“ და ამას მილოცავდნენ.
ერთ დღესაც ნათესავი ბიჭი შემხვდა და დამინახა თუ არა მომახალა – „იცოდე ეს სუფრა რომ მაკისრებინო, დედამიწა გააჩერე და ჩადიო“. – რა სუფრა რეზო, რამ შეგშალათ მთელი ემიგრაცია – მეთქი? ნიძლავი დაუდვიათ მეგობრებს ერთმანეთში, რომ „კვაზის“ გავყევი ცოლად და ერთ-ერთი მათგანი მე ვარ, და ვაი შენი ბრალი ეს რომ ხუმრობა აღმოჩნდესო. კი შემომეყარა გულზე, მაგრამ რას ვიზამდი…
იმ ბიჭმა 20 კაციანი სუფრა გაშალა. ერთი თვე ქართული რესტორნები ათენში ჩემს მზეს ფიცულობდნენ. შენ გაიხარე, ეს რამდენი სუფრა გაიშალა შენი „გაბედნიერებითო“. დღეს დაგვიანებით მაგრამ ყველას ბოდიშს გიხდით ჩემო ქართველო ემიგრანტებო. სამაგიეროდ ერთი კარგი ქეიფი ხომ შეგრჩათ? გუშინ, ჩემი საყვარელი მეგობრის დაბადების დღე იყო.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ზურაბ ანთელავას ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, მზეგრძელობა, ხვავი და ბარაქა და წელთა სიუხვე ულამაზეს ოჯახთან ერთად! მიყვარხარ ზურა და მადლობა რომ ჩემი მეგობარი გქვია.
მადლობა ჩემი ლარისა ხაჭაპურიძის ოჯახს, რომ გამაცნო და ჩამახუტა თქვენთან და დღეს ეს ლამაზი მოგონებად დარჩა.“ – ამბობს ლიგია მუშკუდიანი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…