კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულოა, რადგან იმას, რაც ჩვენ საქართველოში ამ დღეებში ვიხილეთ, არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, განვლილ დღეებში ღმერთმა პატრიარქის პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე დაგვანახა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენებას. ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენთვის წმინდა ეკლესიის მიერ, თუ რა დიდი სიკეთეა ჩადებული ადამიანის ბუნებაში, როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია საიდუმლოდ დაფარული ყოველ ადამიანში.
თქვენ იცით, რომ მარიამ ეგვიპტელი თავდაპირველად არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა და შემდეგ შეინანა.
სინანული რა არის? – ეს არის ცვლილება აზროვნების, ცხოვრების, მთელი მიმართულების ცხოვრებისა. და აი, მარიამ ეგვიპტელი ისე შეიცვალა, ისეთი ცვლილება მოხდა მასში, რომ ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა. როგორც მისი ცხოვრებიდან ვიგებთ, მდინარე იორდანეზე ფეხით დადიოდა და ლოცვისას ჰაერში იწეოდა. აი, ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში.
რა ცვლილებაა ეს? – ის გადავიდა არაწმინდა ცხოვრებიდან წმინდა ცხოვრებაში.
სიწმინდე რა არის? – ეს არ არის მხოლოდ ხორციელი ვნებისა და სიძვის დამარცხება. ეს არ არის ჯერ კიდევ საკმარისი სიწმინდისთვის, არამედ სიწმინდე არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის მთელი პიროვნება, მისი სულიერი ძალები, მშვინვიერი, ფიზიკური, მიმართულია ღმერთისკენ, გახსნილია სულიწმინდის მიღებისთვის და ეს სულიწმინდა შემოდის ადამიანში, განწმენდს, განასულიერებს მას. ე. ი. ეს არის სულიწმინდის დამკვიდრება ადამიანში.
ამრიგად, როდესაც ვსაუბრობთ სიწმინდეზე, ეს ნიშნავს, რომ ვსაუბრობთ სულიწმინდასა და მის მოქმედებაზე.
წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ (1 ინ. 5, 19), ე. ი. ქვეყანა დანთქმულია ბოროტებაში. ეს, მართლაც, უდავოდ ასეა. იგივე მოციქული სხვაგან წერს: „ნუ შეიყვარებთ ამა სოფელს და ნურც სხვა რამეს ამასოფლიურს“ (1 ინ. 2, 15). შეიძლება ზუსტად არ ვამბობ ახლა ციტატას, მაგრამ დაახლოებით ასეა: „ნუ შეიყვარებთ ამა სოფელს და ყოველივეს ამა სოფლიურს“.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს სამყარო ღვთისაა, ღვთის შექმნილია. ამიტომ მოციქულის ეს სიტყვები არ ეხება ყველაფერ იმას, რაც ღვთისგან არის ამ სამყაროში. ღვთისგან კი ძალიან ბევრია, ბევრი, ულევი სიკეთეა ღვთისგან და ღვთისა. აი, სწორედ ამაზე ქადაგებს და ამას გვახარებს წმინდა ეკლესია. სწორედ სინანულის გზაზე, სინანულის მეშვეობით იხსნება ჩვენთვის ეს დიდი სიკეთე, რომელზეც მოგახსენებთ.
რა არის ეს დიდი სიკეთე? – ეს არის ღვთისგან მომავალი მარადიული სინათლე, ჭეშმარიტი სინათლე, ქრისტეს აღდგომის სინათლე. სწორედ ამას შეგვახსენებს წმინდა ეკლესია დიდი მარხვის ყოველ კვირას.
გახსოვთ, პირველი კვირა – მართლმადიდებლობის ზეიმი, რას გვეუბნებოდა, რომ ღვთის ხატებაა ჩადებული ადამიანში.
შემდეგ იყო გრიგოლ პალამას სწავლება, თუ რა არის ეს ღვთის ხატება, რომ ეს საღვთო ენერგიაა, ღვთისგან მომავალი შუქი და მადლია და ჩვენ თანაზიარნი ვართ ღვთისა.
მესამე კვირა იყო ჯვრის გამობრძანება ტაძრის შუაგულში – საღვთო სიყვარულის დიდი გამოვლინების, ნიშნის და სიმბოლოსი, რომელიც გვიცავს ხილული თუ უხილავი მტრებისგან და რომელსაც ჩვენს სხეულზე ვატარებთ. ნახეთ, როგორ გვანუგეშებს დიდმარხვაში წმინდა ეკლესია.
მეოთხე კვირას იყო იოანე კიბისაღმწერლის ხსენება, როდესაც ეკლესია გვეუბნება, რომ არსებობს სულიერი სრულყოფის გზაზე აღმავალი კიბე, სადაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სრულყოფილებას, განღმრთობას და ღმერთთან თანაზიარებას.
და აი, დღევანდელ კვირას ამის დასტურად და ნიმუშად ეკლესია წარმოგვიდგენს ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენებას, რომელმაც მიაღწია ასეთ დიდ სრულყოფილებას, რომ ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა, როგორც მის ცხოვრებაშია ნათქვამი.
ამრიგად, ჩვენ ვიცით, რომ სინანულის გზა მიმყვანებელია დიდ სიხარულამდე, დიდ მადლამდე, რომელიც ხსნის ჩვენში და ჩვენთვის ამ სიკეთეს, საღვთო ნათელს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიცით, რომ ბოროტსა ზედა დგას ეს წუთისოფელი, როგორც ამბობს მოციქული, მაგრამ რატომ ვიცით ეს? იმიტომ, რომ ასევე ვიცით: არსებობს სიკეთე, არსებობს საღვთო სინათლე და ეს ძალიან ბევრია სამყაროში. ეს ჩვენ გვეძლევა, მაგრამ ეს რომ გაიხსნას ჩვენში, ამისთვის საჭიროა ეს სინანულის გზა, რომელზეც მიგვითითებს წმინდა ეკლესია და რომლისკენაც მოგვიწოდებს, ძვირფასო ძმებო და დებო.
ამიტომ დღეს ვევედროთ წმინდა ღირს დედა მარიამ ეგვიპტელს, რომ მისი მაგალითის შემხედვარეებმა მას მივბაძოთ და შევძლოთ, ვუპასუხოთ ეკლესიის ამ დიდებულ მოწოდებას, რაც არის ჩვენი დანიშნულება და არ დავთმოთ არაფერი ჩვენს რწმენაში, სიკეთის რწმენაში, ჩვენს რწმენაში ღვთისადმი და რწმენაში ადამიანისადმი.
აი, ამის მაგალითი კი გახლავთ ჩვენი დიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია), რომელიც ამ წმინდა ტაძარში განისვენებს. მან აღმსარებლობის ღვაწლით დაამტკიცა თავისი ერთგულება ღვთისადმი, სამშობლოსადმი და ადამიანისადმი. შეგვეწიოს ასევე მისი მადლი და ლოცვა.
დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს, წინამძღოლს, ილია II-ს, რომლის სულის მოსახსენებლადაც ახლა გადავიხადეთ პანაშვიდი.
ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, მთავარი საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს მოცემული.
კიდევ ერთხელ ვთქვათ ის, რომ ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე, ე. ი. ჩვენ, მრავალი ჩვენგანი, არ ვცდებოდით, როდესაც ვამბობდით და ხაზს ვუსვამდით იმას, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო, იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება. უფალმა მოახდინა ეს სასწაული მისი ხელით, აღძრა მთელი საქართველო, მთელი საქართველოს გულები, ჩვენი, ყველასი მისთვის მადლობის სათქმელად და მწუხარების გამოსახატავად.
ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული, ღმერთმა მოიხსენოს და სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ მარიამ ეგვიპტელის კვირას. მისი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. მარიამ ეგვიპტელის ლოცვით და შეწევნით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!
ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს შესრულდა 30 წელი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის მღვდელმთავრად ხელდასხმიდან. ასე რომ, მივულოცოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, ვუსურვოთ მრავალჟამიერ მსახურება, წარმატებული მსახურება და ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომ შეგვეწიოს თავისი ლოცვებით.
მეუფე, თქვენ შეგეწიოთ, ჩვენ შეგვეწიოს, რომ ჩვენი შემდგომი ეკლესიური ცხოვრება ღირსეულად წარვმართოთ.
ღმერთმა გაგაძლიეროთ!“, – აღნიშნა მეუფე შიომ.


