ჟურნალი თბილისელები – ავტორი : ნათია უტიაშვილი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ხატია, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ნუგეშად და შემწედ იქცა. ხატის, რომლის გამოჩენაც საქართველს პატრიარქმა ერისთვის სიხარულის მომტანად მიიჩნია, საკვირველმოქმედება და სასწაულმოქმედება არა მხოლოდ საქართველოში, არამეც უცხოეთის ბევრ ქვეყანაში გახდა ცნობილი.
შარშან ოქტომბერში „დედოფლის“ ხატის მცველების – ზურაბ შიოშვილისა და გიორგი ჭოლოკავას უდიდესი ღვაწლის, თავდაუზოგავი ბრძოლისა და შრომის შედეგად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა აღსრულდა: იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კლავდიოსის კურთხევით, „დედოფლის“ პირველი ულამაზესი ასლი ქართველთა უძველეს სავანეში, შოთა რუსთაველის ფრესკის პირდაპირ, სამუდამოდ დაბრძანდა და საუკუნეების შემდეგ დედა ღვთისას ნებით, არქიმანდრიტ კლავდიოსის კურთხევით, „ქართველთა მოსალოცი კუთხე“ შეიქმნა.
„დედოფლის“ ჯვრის მონასტერში დაბრძანებას ხილული სასწაული ახლდა თან – ღვთისმშობელმა დიდებით ინება ქართველთა სავანეში შებრძანება.
27-28 მაისს „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“ ხობში ჩაბრძანდა, სადაც მას სასულიერო პირები და მომლოცველები დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და მოწიწებით დახვდნენ. ხატის მცველებისა და ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას წყალობით, სოფელ პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსში, რომელიც ბატონმა გოდერძიმ ააშენა, ორი დღის განმავლობაში მომლოცველების უწყვეტი ნაკადი მიდიოდა.
ეს ულამაზესი საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია 4 წლის წინ, სწორედ 28 მაისს ეკურთხა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის საკურთხეველში კი, კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამობრძანებული, 83 წმიდანის წმიდა ნაწილი დაბრძანდა, რომელიც, ტაძარს რუსეთისა და უკრაინის პატრიარქების შეთანხმებით, მუდმივ მფლობელობაში გადაეცა.
„დედოფლის“ ჩაბრძანებასთან დაკავშირებით, წმიდა ნაწილები საკურთხევლიდან გამობრძანდა და ხალხს ამ ორი უდიდესი სიწმიდის ერთად მოლოცვის საშუალება მიეცა.
გოდერძი ბუკია: 28 მაისს იყო საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის 4 წლის იუბილე. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ჩამობრანდა ხატი „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“, რაც კიდევ ერთი დიდი სიხარულია მთელი ხობისა და ჩვენი კუთხისთვის. მღვდელი იაკობ სურმავა:
წმიდა ნაწილები ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველშია დაბრძანებული და დიდ დღესასწაულებზე, წირვებზე ხდება მათი გამობრძანება. ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ წმიდა ნაწილების გამობრძანებას და მათ სხვადასხვა კურნებებს შესთხოვენ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მოვიდნენ უშვილო ოჯახები და წმიდა ნაწილების მოლოცვის შემდეგ შვილი შეეძინათ. ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი ისტორია გიამბოთ: აქვე, ახლოს არის სოფელი ხორგა, სადაც პატარა მონასტერია, სამი მონაზონი მსახურობს. მეც ვწირავ იქ შაბათ-კვირას.
ერთ-ერთ ოჯახს, რომელიც მონასტრის მრევლი იყო, 5 წელი არ ჰყავდა შვილი. ერთ დღესაც მოვიდნენ და მთხოვეს პარაკლისის გადახდა: გვინდა ღვთისმშობელს ვთხოვოთ შვილიო. გადავიხადეთ პარაკლისი. როდესაც დავასრულეთ, ვუთხარი: შეგეძინებათ გოგო, რომელსაც ეფემიას დაარქმევთ-მეთქი. გავიდა ერთ წელზე ნაკლები და წმიდა ეფემიას ხსენების დღეს დაიბადა გოგონა. ასე რომ, დედა ღვთისა შეეწევა ყველას, ვინც გულმხურვალედ სთხოვს დახმარებას.
ხობიდან გამომგზავრების შემდეგ „დედოფალი“ ნოჯიხევში, ხობის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერში მიბრძანდა, ისე რომ, ეს არც კი ყოფილა დაგეგმილი. „ჩვენი დედა მობრძანდა“ – გულმხურვალედ, გალობით დახვდნენ ღვთისმშობლის ხატს მონასტერში, რომლის ისტორია უნიკალურია, ისევე როგორც არქიტექტურა და ფრესკები.
სწორედ ამ მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც სასწაულმოქმედებით, კურნებებით გამოირჩეოდა. დღესაც, ღვთისმშობლის კვართის ძალით, მრავალი სასწაული აღესრულება. ერთ-ერთი სასწაული მოხდა 2000 წელს, როდესაც კვართის ქსოვილზე გამოისახა მაცხოვრის სახე.
როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, ხობის მონასტერში დაცული იყო: ძელიცხოვლის ჯვრის ნაწილები, ასევე თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, წმიდა დავით მეფე აღმაშენებლის ომში საწინამძღვრო ჯვარი, მაცხოვრის წვერის ღერები და შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა. ხობის მონასტერში აგრეთვე, დაცული ყოფილა ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი, რომელიც ჯვარცმულ მაცხოვარს პირთან მიუტანეს. ხობის მონასტრის კუთვნილება იყო წმიდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი.
იერუსალიმის პატრიარქის, დოსითეოსის ცნობით, ხობის მონასტერში მეჩვიდმეტე საუკუნეში დაცული ყოფილა იოანე ნათლისმცემლის თითქმის მთელი სხეული. აქ ინახებოდა ასევე, წმიდა კვირიკეს უხრწნელი ხელის მტევანი, წმიდა მარინეს უხრწნელი მკლავი. იქ იყო სასწაულმოქმედი ქვა – ასე უწოდებდნენ მას ბერები, რადგან ქვის გარეცხვის დროს წვიმა მოდიოდა.
მამა იაკობი: როდესაც მონასტრის სამრეკლო გარემონტდა, იმ დროს დიაკვანი ვიყავი. მამა ილია მონასტერში არ იმყოფებოდა და დამირეკა: მინდა, სასულიერო პირმა აიტანოს სამრეკლოზე ჯვარი და ამიტომ შენ აღმართეო.
სანამ მივიდოდი, ახალგაზრდებს უკვე აებრძანებინათ ჯვარი. მამაომ მითხრა: უკან ჩამოაბრძანე და შენ აღმართეო. ასეც მოვიქეცი, ავაბრძანე ჯვარი და როდესაც აღვმართე, წვიმა წამოვიდა – უფრო სწორად, ცრიდა. როგორც შემდეგ შევიტყვეთ, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე წვიმდა. ცაში ძალიან მაღლა, სამრეკლოს ზემოთ ჩიტებს წრე ჰქონდათ გაკეთებული და დაფრინავდნენ. ეს რომ ვუთხარი მამა ილიას, მიპასუხა: თავად ქრისტემ აკურთხა ჯვარიო.
მონასტრის წინამძღვარი, დედაოები სასოებით ელოდებიან იმ დღეს, როდესაც ღვთისმშობლის კვართი თავის ძველ სავანეს დაუბრუნდება. „დედოფლის“ ამ მონასტერში მოულოდნელი მიბრძანებაც ამ საკითხს დაუკავშირეს, რადგან მხოლოდ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ამბავიც საკმარისია, რომ გავიხსენოთ: მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ ქართველთა უძველეს სავანეში, „დედოფლის“ დახმარებით, როგორ შებრძანდა ივერიის ღვთისმშობელი და იქ „ქართველთა კუთხეც“ გაჩნდა..
მამა ილია (ლომაია – ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვარი): საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ხობის მონასტერში ღვთისმშობლის კვართის მობრძანების აღსანიშნავად, საზეიმო წირვა-ლოცვა გადაუხდიათ, რომლის შემდეგაც დაუპირებიათ კვართის შენახვა, მაგრამ სასწაული მომხდარა: კვართი არ დაკეცილა. ორი კვირის განმავლობაში ტარდებოდა ლოცვები, პარაკლისები და მხოლოდ ორი კვირის თავზე ინება კვართმა მონასტერში შებრძანება.
სწორედ ამის შემდეგ დაწესდა 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კვართის გამობრძანება. 15 ივლისს, „ვლაქერნობას“ კვართის გამობრძანება უფრო ბერძნული ტრადიცია. ჩვენ უკვე მივმართეთ უწმიდესს, წმიდა სინოდს, რომ 28 აგვისტოს აღდგეს ღვთისმშობლის კვართის გამობრძანების დღესასწული. იმედი მაქვს, აღდგება და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ უდიდეს დღესასწაულს.
დღეს ჩვენი მონასტრის სულიერი განძი ორ ნაწილად არის გაყოფილი: იმას, რასაც მატერიალური ფასეულობა გააჩნია ოქროს ფონდშია, ხოლო რასაც სულიერი ფასეულობა აქვს – ზუგდიდის მუზეუმში. ჩვენ ველოდებით: როდესაც ჩვენი წინაპრების მსგავსად, სიწმიდის რაღაც ხარისხს მივაღწევთ, ღვთისმშობელი მობრძანდება და სიწმიდეებს დაუბრუნებს მონასტერს.
ახლაც ხომ „დედოფლის“ მოსალოცად ჩავბრძანდით საეკლესიო კომპლექსში, შემდეგ მან თავად ინება ჩვენს მონასტერში მობრძანება. დაე, ასე ინებოს დედა ღვთისამ, მისი კვართი დაუბრუნდეს მონასტერს… გიორგი ჭოლოკავა (ხატ „დედოფლის“ მცველი): ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ის ხატი გახლავთ, რომელიც მუდამ თავად ირჩევს, სად წაბრძანდეს ან სად დაბრძანდეს. თავად ხატის ისტორიაც ამას მოწმობს. ასეა „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელიც“ – ჩვენ მის ნებას აღვასრულებთ მუდამ.
წინასწარ არასოდეს ვიცით, სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით, ვის ნუგეშისცემას გადაწყვეტს და სად მიბრძანდება. თუმცა, ხატის მცველებმა თავიდანვე ვისწავლეთ ხატის ნებასურვილის გაგებაცა და გაყოლაც. ასე იყო ნოჯიხევში, ღვთისმშობლის მიძინების მონასტერშიც, როდესაც ხობიდან თბილისში წამოსვლის წინ „დედოფალმა“ ინება ამ დიდებულ მონასტერში მიბრძანება.
არც თუ ისე დიდ დროში უდიდესი სასწაულები აღავლინა ხატმა. თუმცა, განსაკუთრებული მაინც ის არის, რომ უბრალო, ნაბეჭდ ასლებზეც კი „დედოფალს“ ხელები უთბება. მსგავსი მოვლენა ქრისტიანობას თავისი ისტორიის განმავლობაში არ ახსოვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბოლო ჟამს, როგორც არის ნაწინასწარმეტყველები – უდიდესი ცხოველმყოფელობა შეიგრძნობა ღვთისმშობლისა.
ზურაბ შიოშვილი (ხატ „დედოფლის“ მცველი): „დედოფლის“ ფეისბუქ-გვერდზე ხშირად მოგვდის წერილები, „დედოფლის“ წყალობის შესახებ გვწერენ. ერთ-ერთი წერილის შინაარსი ასეთია: „ყოველთვის თვალს ვადევნებ თქვენს გვერდს და სიხარულით მავსებს „დედოფლის“ მადლი.
დღეს „დედოფლის“ მადლი და წყალობა საკუთარი ოჯახის ირგვლივ ვიხილე. ჩემს უახლოეს ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – მესამე სტადია. სულ ვფიქრობდი და „დედოფალს“ ვთხოვდი, მისცემოდა მისი მოლოცვის საშუალება, რომ მიახლებოდა მას. ზუსტად განმეორებითი გამოკვლევევის წინ გავიგე, რომ მოილოცა „დედოფალი“.
ცოტა ხანში თურქეთიდან მოვიდა გამოკვლევის პასუხები: სიმსივნის ერთი უჯრედიც აღარ არსებობს. მადლობა თქვენ და ღვთისმშობელს ამ სასწაულისთვის“. ადამიანები დიდი ხანია, უცხოეთიდანაც ჩამოდიან ხატის მოსალოცად, ზოგი – მეორედ და მესამედაც. როდესაც „დედოფალი“ კვირიკესა და ივლიტას ტაძარში იყო გამობრძანებული, ჩემთან მოვიდა ქალბატონი, რომელიც როგორც გაირკვა, უკვე მეორედ ჩამოფრინდა ხატის მოსალოცად, თუმცა, ახლა – მადლობის სათქმელად.
ქალბატონს თავში ავთვისებიანი წანაზარდი ჰქონდა, რაზეც ექიმები საიმედოს არაფერს ეუბნებოდნენ. „მე ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა ღვთისმშობელი და როცა ეს დიაგნოზი მოვისმინე, ვიფიქრე, მთავარი მაინც უფლისა და ღვთისმშობლის სიყვარულია, პატარა აღარ ვარ და ალბათ, უნდა მივიღო ეს ყველაფერი როგორც არის“, – გვითხრა ქალბატონმა.
მას მალევე შეუტყვია „დედოფლის“ შესახებ და როდესაც მომლოცველთა ჯგუფი საქართველოში მოფრინავდა, ისიც გამოჰყვა. ეს იყო ერთი წლის წინ. „მაშინ თქვენ ხატის ასლი მაჩუქეთ, რომელიც ძალიან შემიყვარდა და ჩემთვის დიდ საუნჯედ იქცა. ერთხელ, როცა ლოცვებს ვკითხულობდი, სიყვარულით ლოყა მივადე ხატს და გავირინდე, საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. ხატს ხელი მუდამ თბილი ჰქონდა და ეს სითბო საოცარ ნუგეშს მაძლევდა, მაგრამ ახლა სხვაგვარად მოხდა.
ეს სითბო გაძლიერდა, უფრო გაცხელდა და ვგრძნობდი, საფეთქლიდან თავში როგორ შემომეჭრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელიდან მომავალი სიმხურვალე. თავი სულ გამიცხელდა“, – ყვებოდა ქალბატონი. როგორც მისი საუბრიდან შევიტყვეთ: როდესაც ლოცულობდა ხშირად იხუტებდა ხატს და ეს პროცესი ყოველთვის მეორდებოდა. „შემდეგ მივხვდი, რომ ღვთისმშობელი ამით კურნებას მაძლევდა და მეც ამ გზას მივმართავდი.
უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი და შიშიც აღარ მქონდა. რაღაც დროის მერე მივხვდი, რომ კარგად ვიყავი. ექიმთანაც არ წავსულვარ დიდხანს, მაგრამ შემდეგ, როცა კონტროლი გავიკეთე, ვნახე, რომ სრულიად გამოვჯანმრთელდი. ახლა კი იმისთვის ჩამოვედი, რომ „დედოფალს“ მადლობა ვუთხრა და მოვეალერსო“. საოცრად ამაღელვებლად ყვებოდა სათნო ქალბატონი ამ ისტორიას. მის სიტყვებში უდიდესი რწმენა, სიყვარული და მოწიწება იყო და იმავდროულად, სიახლოვე ღვთისმშობელთან.