ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ერთი კვირის წინ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა – ამის შესახებ მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„რასაც ამდენი ხანია გიყვებით ტოვებს ერთადერთ, უალტერნატივო დასკვნის საფუძველს – ამდენი უზუსტობა ბუღალტერიაში და ჩვენებებში, მითუმეტეს, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა თავისთავად, ეს არის კონკრეტული პირების, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, კონკრეტული დავალებების, მეგობრების თხოვნებისა და შურ-ბოღმიანობის შედეგი. სიცრუის და მიზანმიმართული დეზინფორმაციის შექმნის მცდელობით გამოწვეული ნეგატივის შესაღება საზოგადოებისთვის არა და ვერ გამოგივათ, ამის იმედი კი არა, მჯერა.
მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, ასეთი ზიანისა, ოღონდ, ვის მივაყენე და რა მივაყენე არ ვიცი, ვინ რით დავაზიანე არ ვიცი, იმიტომ, რომ განგებამ გვაჩუქა ჩემი მოსახელის და მოგვარის მოლოდინი, ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე გაჩნდება კაცი, მორიგი მიქაუტაძე, სწორედ ამიტომ, ერთი კვირის წინ პროკურატურას მივმართე საპროცესო გარიგების გაფორმების თხოვნით. არარსებული დანაშაულის აღიარების და არარსებული ზიანის ანაზღაურების მზადყოფნის, რაც მთელი ოჯახის გადაწყვეტილებაა, რომ იქნებ, ერთად ვიზეიმოთ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე თვეში გველოდება. საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ არც ამას არ შევუშინდებით.
ისევ ცალმხრივი მოლოდინის რეჟიმში ვართ. პროკურატურა იმეორებდა, არ მოუმართავთო, ჰოდა, ჩვენც მივმართეთ. შეიქმნა პრაქტიკები მსგავსი შემთხვევებისა. ჩემი შემთხვევა ის არის, რომ გაუგებარია ზიანი ვის მიადგა და სად. საზოგადოებრივ ინტერესს მიადგა ზიანიო, როგორც 194-ე მუხლი, რომელსაც პროკურორები „რეზინის მუხლს“ ეძახიან. სადამდეც გინდა, იქამდე გაწელავ, ამას ნიშნავს „რეზინის მუხლი“, – IPN-ის ცნობით, განაცხადა მიქაუტაძემ.

