რატომ შეიძლება მოსიყვარულე დედმამიშვილებს შორის გაჩნდეს ბზარი? მიზეზი ათასნაირია… მერიმ გულისტკივილით მიამბო თავისი ამბავი. დალხინებით არ უცხოვრია. მეუღლე მძიმე ხასიათისა გამოდგა.
მერი უკვე 52 წლისაა, უფროსი ვაჟი დაცოლშვილებული ჰყავს. იგი კარგა ხანია სოფლიდან ქალაქში ჩამოვიდა და უმცროს ვაჟთან ერთად ქირით ცხოვრობს.
ურჩევნია, აქ მომჭირნედ იცხოვროს, ვიდრე სოფელში, ქმრის გვერდით. “ალბათ იმიტომ დავისაჯე, რომ სიყვარულს ზურგი ვაქციე და გარიგებით გავთხოვდი”, – მეუბნება მერი.
თუმცა, მას ახლა გაცილებით მეტი სათქმელი ძმებზე აქვს, რომლებთანაც ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა.
– ოჯახში უმცროსი მე ვიყავი. უფროს ძმებს თვალებში შევციცინებდი, ისინიც მანებივრებდნენ, ჩემს თავს იფიცებდნენ ხოლმე. პატარაობიდანვე მესმოდა, როგორ ანაწილებდნენ მშობლები მთელ ავლადიდებას. უფროსი ძმის იყო სახლ-კარი, შუათანას ცალკე უშენებდნენ დიდ სახლს.
მე თითქოს შვილი არ ვიყავი. დედა ამბობდა, – მერი გათხოვდება და წავა, მისი პატრონი მიხედავსო. გამოდის, რომ გათხოვებამდე უპატრონო ვიყავი და მშობლები სამადლოდ მზრდიდნენ. მაინც არასოდეს გამომიხატავს უკმაყოფილება.
უმაღლესი სასწავლებელი რომ დავამთავრე, შემომიჩნდნენ, გათხოვების დრო გაქვსო… ერთი სამტრედიელი ბიჭი მიყვარდა. დედაჩემმა ყურმოკვრით იცოდა, რომ იმერელი მომწონდა. კარგა ხანს იქოთქოთა, კახელი ვერ შეეგუები იმერელს, ყველამ თავისი კუთხისა უნდა შეირთოსო.
მერე ჩვენი ერთი თანასოფლელი გამირიგეს, – მდიდარი და მშრომელი კაციაო და მეც დავემორჩილე მშობლებისა და ძმების ნება-სურვილს. იგი 11 წლით უფროსია ჩემზე.
ერთად ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი თვე მახსოვს მშვიდი და კარგი, შემდეგ სულ ლანძღვა-გინებას ვისმენდი. როცა მოთმინების ფიალა ამევსო, ავდექი და წამოვედი. მანამდე კი შვილების გამო ჩუმად ვიტანდი შეურაცხყოფას.
ჩემმა უფროსმა ძმამ, სკოლის მოსწავლე ვიყავი, ცოლი რომ შეირთო. რატომღაც ამითვალწუნა რძალმა და ძმამაც გამიუცხოვა. სიგიჟემდე მიყვარდა ჩემი ძმისწული თიკო. ყურადღებას არ ვაქცევდი რძლის ოფოფებს და ძმის შეჭმუხნილ წარბებს.
ბავშვის აკვანს ჩემთან ვიდგამდი და ღამე, როცა ატირდებოდა, საჭმელს ვუმზადებდი. თიკო ისე მომეჩვია, როცა ვერ მხედავდა, ტირილით სკდებოდა. ჩემი რძალი ჩემს დახმარებას ისე იღებდა, თითქოს ვალდებული ვიყავი, მისი შვილისთვის დედასავით მომევლო.
მერე გავთხოვდი და ოჯახიდან წავედი. ჩემმა რძალმა კი, ახლა თიკოსთან დაიწყო ჩემი დამუშავება. შუათანა ძმამაც შეირთო ცოლი. თითქოს რძლებმა პირი შეკრეს ჩემს წინააღმდეგ.
ათასში ერთხელ, როცა მშობლებს ვესტუმრებოდი, ისე ამიბზუებდნენ ცხვირს, რომ ნელ-ნელა იქ მისვლის სურვილი დამაკარგვინეს.
ოდესღაც გულღია და მხიარული გოგო საკუთარ თავში ჩავიკეტე. შინ უხიაკი ქმარი მხვდებოდა, მშობლებთან აღარ მიმესვლებოდა, აბა, რაღა გამახარებდა? ჩემი ერთადერთი სინათლე შვილები იყვნენ. გავიდა დრო.
თიკო გათხოვდა. დიდი ქორწილი გადაუხადეს მშობლებმა. ალბათ, ხალხის შერცხვათ და მეც დამპატიჟეს. სამწუხაროდ, არ გაუმართლა ჩემს ძმისშვილს. მისი ქმარი ერთ წელიწადში ავარიაში მოჰყვა და დაიღუპა. ჩვილი ბავშვი დარჩა, ამიტომ მშობლებთან დაბრუნდა.
მართალია, მშობლებთან და ძმებთან ხშირი ურთიერთობა აღარ მქონდა, მაგრამ ჩემს შვილებს უყვარდათ ბებია-პაპა და თიკო, ისინი მიდიოდნენ ხოლმე მათ სანახავად. ერთ დღეს უმცროსი ძმის შვილები მესტუმრნენ.
ჩემს უმცროს ბიჭს მათი დანახვა ძალიან გაუხარდა, დავტრიალდი და სუფრა გავუშალე. ორი საათის შემდეგ აიჩემეს, მეზობელ სოფელში მივდივართ და ხვიჩაც (ჩემი შვილი) მიგვყავს, იქ ერთი ჩვენი ძმაკაცის ქორწილის მეორე დღეა და გველოდებიანო.
არ მინდოდა, რომ ხვიჩა წასულიყო, მაგრამ ჩემმა ქმარმა – გაუშვი, დროა კაცებში გაერიოსო. მეც ნება მივეცი, ბიძაშვილებს გაჰყოლოდა…
ბიძაშვილებმა კი მიტოვებულ შენობაში მოტყუებით შეიყვანეს და წიხლებით შესდგნენ, – გამოტყდი, სად წაიღე თიკოს ოქროულობაო. თურმე წინადღეს, ხვიჩა რომ ესტუმრა, სწორედ მაშინ “დაკარგა” ოქროულობა, რომელიც პატარა ქისაში ჰქონია გამოკრული.
ჩემმა რძალმა დაიბარა მაზლიშვილები და ხვიჩას წინააღმდეგ გააქეზა. გათენებისას დასისხლიანებულმა ხვიჩამ რომ შემოაღო ჭიშკარი, კინაღამ ადგილზე გავთავდი. გულშემოყრილი მივვარდი შვილს. მანაც აღარ დამიმალა – ოქროს მოპარვას მაბრალებენო.
ხვიჩას ძლიერი ტვინის შერყევა ჰქონდა, კარგა ხანს დასჭირდა მკურნალობა. ჩივილი მინდოდა, მაგრამ ვისთვის მეჩივლა – ძმისშვილებისთვის? ცოტა რომ გამოკეთდა, წავედი ძმებთან.
მინდოდა, ყველაფერი გამერკვია. ყველა ერთად დავიბარე. ჩემი რძალი, ვითომც არაფერიაო, ისე “გამომიტყდა” – აღარ მახსოვდა, ოქროულობის ქისას მე შევუცვალე ადგილი, ლარნაკიდან ამოვიღე და უჯრაში ჩავდე, რომ უცხო თვალი არ მიეზიდაო.
ამის გაგონებაზე ცუდად გავხდი. რძალმა წლების განმავლობაში საჩხუბრად ვერ ამიყოლია. ამიტომ ადგა და შვილებით გამწარება მომინდომა.
ოქროულობა გადამალა, მერე კი მაზლიშვილებთან ხვიჩა “დააბეზღა” – ქვრივ გოგოს სამკაულები მოჰპარაო. აბა, ამის პატიება როგორღა შემეძლო? ჩემი მშობლები კი დუმდნენ.
თითქოს წუხდნენ, მაგრამ ხმას ვერ იღებდნენ. გულდათუთქული გამოვტრიალდი, ერთი კი ვუთხარი, – ჩემი ფეხი აქ არ იქნება-მეთქი.
გამოხდა ხანი და მშობლები ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ. მამაზე როგორღაც მოვახერხე იქ მისვლა და ჭირისუფლობა, დედის სიკვდილის ამბავი კი ნათესავისგან შევიტყვე. მინდოდა, ბოლო გზაზე გამეცილებინა დედა, მაგრამ ძმებმა და რძლებმა შემომითვალეს, – აქ არ გაბედო ფეხის შემოდგმაო.
რას მემართლებოდნენ, ვერ გავიგე. შვილი კინაღამ მომიკლეს და კიდევ აქეთ მემდუროდნენ… ვიცოდი, ის ქალბატონი ჩემს დანახვაზე ერთ ამბავს ატეხდა და სხვებსაც აიყოლიებდა.
ამიტომ ისევ მიცვალებულს ვეცი პატივი, სასაფლაოზე წავედი და იქ დავემშვიდობე დედას, რომელმაც, ჩემდა სამწუხაროდ, ვერაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მის შვილებს ერთმანეთი ჰყვარებოდათ…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
კვირის პალიტრა, ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი