1990-იანი წლები იმდენად მძიმე პერიოდია საქართველოს უახლეს ისტორიაში, ბევრს მისი გახსენებაც არ უნდა. თუმცა ეს ჩვენი ისტორიაა, წლები, რომლებიც მაინც გადავლახეთ და გავიარეთ.
ბნელი სახლები, “კერასინკა”, პურის რიგები, ტალონები, ორად გახლეჩილი ხალხი, დამწვარ-დაბუგული შენობები…
იმ წლებმა ბევრ ჩვენგანს დაატყო თავისი კვალი, თუმცა განსაკუთრებულად მაინც იმ თაობის პატარები დაიჩაგრნენ – მათმა ბავშვობამ ყველაზე მძიმე წლებში გაიარა.
არ ჰქონდათ სრულფასოვანი საკვები, სათამაშო, გასართობი… მაშინ უმრავლესობა იყო ასე, სამწუხაროდ, ბავშვების ნაწილს საქართველოში ახლაც ენატრება ნორმალური საკვები თუ ჩვეულებრივი სათამაშო…
ჩვენს ხელთ აღმოჩნდა ჩანაწერები, რომლებიც იმ მძიმე წლებში მცხოვრებ ერთ პატარა, 8 წლის ბიჭს ეკუთვნის. რასაკვირველია, მათი სიმძიმის გამო, მთლიან დღიურს არ ვაქვეყნებთ, მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.
რისთვის? იმისთვის, რომ გვახსოვდეს ის წლები, იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რას გრძნობს პატარა, რომელსაც პური ენატრება, და იმისთვის, რომ ჩვენ, უფროსებმა, ყველაფერი გავაკეთოთ, ჩვენს შვილებს არასდროს დასჭირდეთ ასეთი ჩანაწერების გაკეთება.
- “17 მარტი, ოთხშაბათი, 8-ის 20 წუთი
კვლავ შიმშილი, ცარიელი სუპი. ასჯერ მოსმენილ მუსიკას ვუსმენ, რომ არ ვიფიქრო საჭმელზე. გაკვეთილები ჯერ არ მისწავლია. ველოდები, იქნებ რამე შეიცვალოს.
9-ის ნახევარი. სუპი ძალით შევჭამე. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ახლა ისევ უპურო, უშაქრო, ანუ ცარიელ ჩაის ველოდები (შეიძლება მურაბა დარჩა და ის გაურიოს დედამ). ორი კოვზი თაფლიც შემხვდა…
- 18 მარტი, ხუთშაბათი, 10-ის 15 წუთი
ისევ ძველებურად ვარ. დედა ლობიოს აკეთებს, ალბათ ლობიოსაც უპუროდ შევჭამ. მწვანილი საწებელაში ამოვავლე და მარილი მოვაყარე. ერთი ცალი შევჭამე. ფუჰ, რა საზიზღრობა იყო…
სუპიც ძალით ვჭამე. დედამ სულ მთლად ცარიელი საწებელი ჭამა. იქნებ, მამა რომ მოვა, რამე მოიტანოს, მაგრამ ვინღა ასესხებს, ყოველდღე ხომ არ მისცემენ… დედამაც ყველაფერი გაყიდა, აღარაფერია გასაყიდი…
ელენიკოსაც გზის ფული არ აქვს და ლექციებზე ვერ წავიდა…
ახლა გეოგრაფია მაქვს სასწავლი… აუ, ფონდის ფულიც მისატანია.
11 საათი.
შიმშილმა სულ ოდნავ გადამიარა. წეღან ცოტა დავხატე, გავერთე. დედამ ”მანიკრუპა” სიმინდის ფქვილივით მოზილა და ტაფაში შეწვა, კინაღამ კბილები ზედ შევატოვე, მაგრამ ცოტათი პურს ჰგავდა… სადაცაა დავწვები და წიგნს წავიკითხავ, ”როლფი ტყეში” ჰქვია, თუმცა ამას რა აზრი აქვს?!
- 19 მარტი, პარასკევი, 1-ის ნახევარი
სკოლიდან რომ მოვედი, პური დამხვდა და ვაკოცე.
დედას სადღაც ბოთლები მოუგროვებია, ჩაუბარებია და ერთი პურის ფული გამოვიდა. დაჭრა და დაანაწილა, ოთხი ნაჭერი შემხვდა, უნდა გამოვიზოგო – ერთი ჩაიზე, ერთი ლობიოზე, ერთი ისე, ერთიც – საღამოს.
არა უშავს, გუშინდელზე უფრო გამოკეთდა სიტუაცია. ახლა ეზოშიც ჩავალ და ვითამაშებ…”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია