ბრძენი კაცის ნათქვამია, ცოლ-ქმარმა ცალკე უნდა იცხოვროს და პრობლემები მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით გადაჭრანო. სამწუხაროდ, მარეხის შემთხვევაში ასე არ მოხდა – მის პირად ცხოვრებაში დედის აქტიურმა ჩარევამ მის ოჯახში ბზარი გააჩინა და საბოლოოდ დაანგრია კიდეც.
- მარეხი:
თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ერთი ძმა მყავს, ჩემზე უმცროსი. ჩვენს მშობლებს არასოდეს არაფერი დაუკლიათ ჩვენთვის. ყველაზე კარგადაც გვეცვა და ყველაზე კარგადაც ვსწავლობდით.
სკოლაში თითით საჩვენებლები ვიყავით, მაგრამ ჩემმა ძმამ მეცხრე კლასის შემდეგ სწავლას უკლო და ორჯერ სკოლიდან კინაღამ გარიცხეს. დედაჩემმა ეს ამბავი რთულად გადაიტანა, ჩემი ძმა კინაღამ მოკლა, რომ გაიგო არ სწავლობდა.
მე სკოლა ისე დავამთავრე, ოთხიანი არ მიმიღია. დედაჩემი ყველას ჩემ შესახებ უყვებოდა. ვერ დავაჯერე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ვიყავი, უბრალოდ, თვითონ ეგონა, რომ გენიოსი შვილი ჰყავდა.
– ასე რატომ ფიქრობთ?
– იმიტომ, რომ მართლა ასე იყო. ჩვენს მეზობლად გურულების ოჯახი დასახლდა. ქალი ისეთი ყოჩაღი იყო, ხელებიდან ცეცხლს ყრიდა. საქმიანი, გულღია, მაგრამ რომ გაბრაზდებოდა, მისი ყვირილი მთელს უბანს ესმოდა.
ერთხელაც ამ ოჯახს სტუმრები გურიიდან ჩამოუვიდნენ. უმცროსი შვილის დაბადების დღე ჰქონდათ და ჩვენც დაგვაპტიჟეს. ძალიან არ მინდოდა წასვლა, მაგრამ დედაჩემი არ მომეშვა, სირცხვილია, ადამიანებმა დაგვიძახეს და რომ არ ვესტუმროთ, იფიქრებენ, რომ არ ვკადრულობთო. მხოლოდ მე და დედა წავედით. მამაჩემი სამსახურში იყო, ჩემი ძმა კი სპორტზე.
– სანდროც იქ გაიცანით?
– კი. სანდრო ჩვენი მეზობლის დისშვილი იყო. ჩემზე ორი წლით უფროსი, მაგრამ ისეთი სერიოზული და გაწონასწორებული, ბევრ ასაკოვან კაცს რომ შეშურდებოდა. დედაჩემმა ტრადიციულად რომ გააღო პირი, აღარ დაუკეტია. იყო საჭირო თუ არ იყო, ჩემზე ყველაფერი ილაპარაკა.
იმ დღის შემდეგ დედაჩემი და ჩემი მეზობელი გურულის ქალი კარგი მეგობრები გახდნენ. ან ის იჯდა ჩვენთან, ან დედაჩემი იყო მათთან. იმ პერიოდში არაფერი მიფიქრია, ვერც კი წარმოვიდგენდი, დედაჩემი თუ ჩემს მომავალს ჩემ მაგივრად დაგეგმავდა.
ორ თვეში ჩვენს ოჯახში სანდრო და მისი მშობლები მოვიდნენ. მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ჩემს ოთახში შევიკეტე. დედამ ბევრი მეხვეწა, მაგრამ გარეთ არ გამოვსულვარ.
იმ საღამოს კიდევ ერთხელ ვიჩხუბეთ. ამჯერად დედაჩემი ჩხუბში არ ამყოლია, პირიქით, ძალიან მშვიდად მისმინა და მითხრა, მართალი ხარ, შევცდი და მაპატიეო.
– სანდროს შეყვარება მოახერხეთ?
– სანდრო იმ დღის შემდეგ ჩვენს უბანში კარგა ხანს აღარ მინახავს. არ ვიცი, შერცხვა თუ მისი ამბავი გაიგეს, თბილისში აღარ ჩამოდიოდა. დედაჩემიც არ იღებდა ხმას და ეს ამბავი მეც მიმავიწყდა. მოულოდნელად სანდრო ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
სასწავლებელთან დამხვდა და ვითომ შემთხვევით მომესალმა. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. გაგიგონიათ, სალამი ღვთისააო, მეც მივესალმე და მაშინვე ზურგი ვაქციე.
სანდრო არც გამომკიდებია, არც რამე უთქვამს, მაგრამ მისი დახვედრა სასწავლებელთან ლექციების შემდეგ ყოველდღიური გახდა. დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს, არ მინდოდა მასთან ამ თემაზე მელაპარაკა, მაგრამ საუბარი მოულოდნელად ისევ თვითონ დამიწყო.
ძალიან მშვიდად მელაპარაკებოდა. მითხრა, უკვე დროა ოჯახზე იფიქრო, დავიტანჯე იმ ბიჭის საცოდაობით, რას უწუნებ, დედისერთაა, კარგი სახლი აქვს, კარი აქვს, ცოტა ხანი იცხოვრე სოფელში, მერე კი თბილისშიც იყიდით ბინას და მთელი ცხოვრება უზრუნველად იცხოვრებო.
– დედას დათანხმდით?
– არა, რა თქმა უნდა, არა. ისეთი კონცერტი მოვაწყე, დედაჩემი შეშინებული მიყურებდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მშვენიერი შანსი მეძლეოდა და დედაჩემისთვის უნდა დამეჯერებინა. სანდროს ცოლად უცებ არ გავყოლივარ, ცოტა ხანს ვაწვალე.
– ქორწილი გადაიხადეთ?
– გურულები ცოტა უცნაური ხალხია. უზარმაზარი ქორწილი გადაგვიხადეს. სანდრო მართლა არ აღმოჩნდა ცუდი ადამიანი, ყურადღებიანი იყო, ვგრძნობდი, რომ მართლა ვუყვარდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
– გაგიჭირდათ სოფელში ცხოვრება?
– მიუხედავად იმისა, რომ სანდროს ოჯახს ყველაფერი ჰქონდა, სოფელში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა.
ჩემმა ორსულობამ ყველაფერი შეცვალა. პირველი შვილი ბიჭი შემეძინა. ბებია-ბაბუები მისმა დაბადებამ ჭკუიდან შეშალა. მთელი თვე სვამდნენ და ქეიფობდნენ და ჩემი შვილის დაბადებას ზეიმობდნენ.
– რატომ გაშორდით ქმარს?
– ისევ დედაჩემის წყალობით. ჩემი შვილი ნიკუშა სამი წლის რომ გახდა, დედაჩემმა დამიწყო ტვინის არევა. ბავშვი ბაღში უნდა მივიდეს და სოფლის ბაღში ხომ არ ატარებ, თბილისში გადმოდით და აქ იაროსო.
ამაზე ოჯახებს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა. სანდროს მშობლებს არ უნდოდათ ჩვენი თბილისში გაშვება, დედაჩემი კი გაიძახოდა, ბავშვს სოფელში ვერ დავტოვებ, აქ საკმარის განათლებას ვერ მიიღებსო.
– დედას დაუჯერეთ?
– კი. დედას დავუჯერე. მეც მომბეზრდა სოფელში ცხოვრება. ერთ საღამოსაც, მორიგი ჩხუბის შემდეგ, ჩემი და ბავშვის ბარგი ჩავალაგე და დილით თბილისში წამოვედი.
სანდროს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ბავშვს ჩაეხუტა და ბევრი კოცნა. არც გამოვუცილებივარ. მაშინ 22 წლის ვიყავი და მეგონა, ჩემი საყვარელი ქმარი გამომეკიდებოდა.
– და ასე არ მოხდა, არა?
– რა თქმა უნდა, არა. ალბათ სანდროს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ არც ერთხელ ჩვენთვის არ მოუკითხავს. მხოლოდ მისი დეიდა თუ შემოვიდოდა ჩვენთან, იქნებ შერიგდეთო, მაგრამ არაფრის გაგონება არ მსურდა, მხოლოდ იმას გავიძახოდი, თუ ჩემს ქმარს ჩემსა და თავის შვილს მშობლები ურჩევნია, იყოს იქ, არავინ არაფერს სთხოვს-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ შევცდი. ჩემი ქმარი ნამდვილი კაცივით მოიქცა.
– თქვენი შვილი რამდენი წლისაა?
– ნიკუშა უკვე 15 წლისაა. ამ ხნის მანძილზე ჩემს ქმარს ჩვენთვის არ მოუკითხავს. როგორც ვიცი, არც ცოლი მოუყვანია. მე და ჩემი შვილი უკვე ცალკე ვცხოვრობთ. მამაჩემმა იმდენი ქნა, რომ ცალკე ბინა მიყიდა.
კი ვარ ახლა ჩემს თბილისში, მაგრამ ის ოჯახური სიმყუდროვე და გვერდით მამაკაცი ძალიან ხშირად მენატრება. არც მე გავთხოვილვარ, განა იმიტომ, რომ სანდროს ერთგული ვარ, უბრალოდ, ჩემი შვილის გარდა არავინ მჭირდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია; ჟურნალი სარკე