ნათქვამია, ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდეო. მე პირიქით დამემართა. თითქოს ბავშვობიდან ყოველთვის ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი და ყველა მე შემომნატროდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა.
ხშირად მიფიქრია, ვინმემ ხომ არ დამწყევლა ან რომელიმე ჩემი წინაპრის ცოდვამ ხომ არ მიწია-მეთქი.
როგორც გითხარით, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გავიზარდე და გარეგნობაც ისეთი მქონდა, ყოველთვის ვხვდებოდი ყურადღების ცენტრში.
მაგრამ, საკმარისი იყო, ვინმეს სერიოზულად მოვწონებოდი ან მომწონებოდა, რომ აუცილებლად რაღაც გაუთვალისწინებელი და საშინელი ხდებოდა და ყველაფერი ჩაიშლებოდა ხოლმე.
სულ პირველად რომ შემიყვარდა ბიჭი, მეათე კლასში ვიყავი. მასაც ვუყვარდი და მოვილაპარაკეთ, სკოლას რომ დავამთავრებდი და უმაღლესში ჩავაბარებდი, მაშინ დავქორწინებულიყავით.
ჩემი შეყვარებული ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო, უმაღლესი დამთავრებული ჰქონდა და მუშაობდა კიდეც. ორივეს ოჯახი თანახმა იყო ჩვენს დაქორწინებაზე, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ჩემი შეყვარებული ავარიაში დაიღუპა, რამაც ისე იმოქმედა ჩემზე, რომ კინაღამ ფსიქიატრიულში აღმოვჩნდი.
მესამე კურსი რომ დავხურე, მეგობრის ოჯახში გავიცანი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც იმ დღესვე ამიხსნა სიყვარული და ხელი მთხოვა. რა თქმა უნდა, ასე ქუჩიდან ვერ გავყვებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მეც მომწონდა.
ჩვენ თითქმის ოთხი თვე ვხვდებოდით და ამ ხნის განმავლობაში უკეთ გავიცანით ერთმანეთი. ოთოს არ დაუმალავს, რომ ცოლს იყო გაშორებული და ორი შვილი ჰყავდა. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და ვუთხარი, აღარ შეგხვდები, არ მინდა, სხვის ცოდვაში ჩავდგა ფეხი-მეთქი.
ოთომ მითხრა, შენ რა შუაში ხარ, სანამ გაგიცნობდი, უკვე ორი წლის გაყრილები ვიყავითო.
მე მაინც თავს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს მაინც დამითანხმა. ოთო და მისი მშობლები ჩვენთან რომ მოვიდნენ ხელის სათხოვნელად (ანუ, ნიშნობაზე) და ქორწილის დღეც დავთქვით, ერთი კვირის შემდეგ ვიღაც ქალმა დამირეკა და მითხრა, – ჩაგივარდა კოვზი ნაცარში, ლამაზო, ოთო თავის ცოლ-შვილს დაუბრუნდაო.
ამ ელდამ ჩემი ცხოვრების კიდევ ორი წელი შეიწირა. ბიჭისკენ გახედვის მეშინოდა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და დრო მეტ-ნაკლებად ყველაფერს აშუშებს. ორი წლის შემდეგ გამაცნეს ბიჭი, რომელიც, მართალია, მომეწონა, მაგრამ სიყვარული ამ გრძნობისგან შორს იყო.
მიუხედავად ამისა, ისეთი დადებითი პიროვნება აღმოჩნდა, მივხვდი, რომ მასთან ბედნიერი ვიქნებოდი და ცოლობაზე დავთანხმდი, მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და ოჯახმა გერმანიაში წაიყვანა სამკურნალოდ.
ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ პირდაპირ მეგობრის ქორწილიდან გავყევი ორი-სამი საათის გაცნობილ კაცს, ვიფიქრე, სანამ მე რამეს მოვიფიქრებ და გადავწყვეტ, კიდევ რამე არ მოხდეს-მეთქი. ჩემი ქმარი რაიონიდან იყო ჩამოსული და თბილისში კი არა, იმ თავის რაიონშიც აღარ ჰქონდა სახლი.
ამიტომ, ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. თავიდან კარგად იქცეოდა, სულ თვალებში მიყურებდა, მერე კი, ყველას ნდობა რომ მოიპოვა, „აიწყვიტა“ ყველანაირი გაგებით: ქალები, ქეიფი, ძმაკაცები…
ბოლოს პრეტენზიებიც გაუჩნდა – კარზე გარედან მამაშენის გვარი რომ აწერია, მე რა, კაცი არ ვარ, თუ ამ სახლში არ ვცხოვრობო. მერე თავისი და და სიძე მოძებნა, რომლებიც ჩემ გაცნობამდეც კი რამდენიმე წელი არ იცოდა, სად იყვნენ და ჩვენს ბინაში ჩაასახლა სამი შვილით – ქირა რატომ უნდა იხადონ, როცა მე ამხელა ბინაში ვცხოვრობო.
მერე ვიღაც თავის მეგობარს საკმაოდ სოლიდური თანხის სესხებისას შუაში ჩაუდგა, იმან ვალი ვერ დააბრუნა და, ამას რომ დაეკისრა, მამაჩემს ესესხა – ის კაცი მომაშორებინე და სამ თვეში დაგიბრუნებო.
მამას ამდენი ფული არ ჰქონდა და ვიღაც თავის თანამშრომელს გამოართვა სამი თვით, მაგრამ, ჩემს ქმარს არც უფიქრია იმ თანხის დაბრუნება და სახლიდან ძვირფასი ნივთები გავყიდეთ, რომ ვალი გადაგვეხადა.
მას კი უხერხულადაც კი არ უგრძნია თავი. ჩემს მშობლებს უკვე ვატყობდი, გაძლებაზე იყვნენ, თან, ჩემი მულის შვილებმა მთელი სახლი ყირაზე დააყენეს და ყველაფერს ამტვრევდნენ.
ერთი სიტყვით, ოჯახი საგიჟეთს დაემსგავსა. ერთ დღეს კი, ისე, რომ არავინ ვიცოდით, კარზე ვიღაც მაკლერი მოვიდა ახალგაზრდა ქალ-ვაჟთან ერთად – ბატონმა გელამ (ჩემმა ქმარმა) გამოგვგზავნა ამ მისამართზე და გვითხრა, ბინას ვყიდიო.
ეს კი უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდა, მით უმეტეს, როცა მამაჩემმა გაიგო, რომ ჩემი ქმარი ბაბუაჩემის დანატოვარი ბინის სამ ნაწილად „დახურდავებას“ აპირებდა ერთოთახიანი – დედაჩემსა და მამაჩემს, ოროთახიანი – ჩვენ (რადგან ორნი ვიყავით და შვილები არ გვყავდა), სამოთახიანი კი – ჩემს მულს.
ეს რომ გაიგო მამაჩემმა, ვეღარ ვაბამდით, ისეთ დღეში ჩავარდა. ის მაკლერი ხომ კინწისკვრით გააგდო თავისი კლიენტებიანად. მერე შევარდა ჩვენს საწოლ ოთახში, მეც შემიყვანა და მიბრძანა, სასწრაფოდ ჩამელაგებინა ჩემი ქმრის პირადი ნივთები და ჩემოდნები პირდაპირ ქუჩაში გადამეყარა.
შენ თუ ვერ შეელევი შენს ნაძირალა და გათახსირებულ ქმარს, თუ გნებავს, თან გაჰყევი, მაგრამ, იცოდე, ჩემს სახლში ფეხს აღარ დაადგამო. მე ხმა არ ამომიღია, ისე ჩავალაგე გელას ნივთები, დავურეკე მის ძმაკაცს და ვთხოვე, სასწრაფოდ მოსულიყო.
მერე მას მოვუყევი აბსოლუტურად ყველაფერი და ვთხოვე, ეს ჩემოდნები გელას წაუღე და უთხარი, ხვალ გაყრაზე შემაქვს განცხადება-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, გელას მოშორება ისე არ გაგვჭირვებია, როგორც მისი დის ოჯახის – ცოცხალი თავით არ მიდიოდნენ.
ამ ბინიდან ფართი გვეკუთვნისო, გაჰკიოდნენ. ბოლოს პოლიციამ, როგორც იქნა, გამოასახლა.
ამ ამბიდან ერთი წელი არ იყო გასული, რომ ნათესავებმა ვიღაცა კაცის გარიგება დააპირეს, მაგრამ, ისე ვარ შეშინებული, არ არსებობს ოდესმე კაცზე ან გათხოვებაზე ვიფიქრო.
სიმართლე გითხრათ, უკაცოდ უფრო მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება ფოტო პირობითია
ლალი, 35 წლის.