პოპულარული ტელეწამყვანი და იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი დავით ქაშიაშვილის საავტორო გადაცემას, “მესამე ფურცელს“ სტუმრობდა. ჯავახიშვილმა გულახდილად ისაუბრა იმ რთულ გზაზე, რომელსაც კრიტიკული მედია გადის, გაიხსენა გუნდის დაშლის მტკივნეული პერიოდი და ის ურთიერთობები, რომლებიც ყოფილ თანამშრომლებთან დღეს აქვს
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.
გუნდის გახლეჩა და ურთიერთობა ნიკა არაბიძესთან
ვანო ჯავახიშვილმა გულახდილად ისაუბრა გუნდის დაშლის პროცესზე, როდესაც თანამშრომლების ნაწილი „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა, ნაწილი კი ახალ არხზე გადავიდა.
“პრობლემა ჩემთვის გუნდის გახლეჩაა, რაც რამდენჯერმე მოხდა. პირველი 2012-ში იყო, როცა ნაწილი ბიძინას გუნდში გადავიდა. ბოლო გაყოფა კი მაშინ მოხდა, როცა „რუსული კანონის“ პირველი პროტესტის დროს გუნდი „ფორმულაზე“ იყო, შემდეგ კი ერთი კონკრეტული პიროვნება, ნიკა არაბიძე „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა. დანარჩენებმა, მათ შორის მიშა ანდღულაძემ, ცალკე ტელევიზია გააკეთეს.
ეს დაყოფა, რა თქმა უნდა, მუდმივად გაზიანებს და განგრევს. იწყებ ახლების ძებნას, ზრდი მათ და მერე ისინიც მიდიან. ამ სფეროში არსებობენ გადამეტებული ამბიციის მქონე ადამიანები. რაც შეეხება ურთიერთობებს – მიშა ანდღულაძე ჩემი მეგობარია და მასთან ხშირად ვკონტაქტობ, თუმცა ნიკა არაბიძესთან, სიმართლე გითხრათ, ურთიერთობა არ მაქვს და მას მერე არც მინახავს“.


