საშინელ მდგომარეობაში ვარ. ისეთი რამ შემემთხვა, თავი რომ მოვიკლა, ის მირჩევნია. ვიცი, გასამხელადაც სამარცხვინოა, მაგრამ თავს ვერ ვერევი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. საქმე ისაა, რომ ჩემი ძმის საცოლე შემიყვარდა.
გიგა და ია თითქმის ერთი წელია, ერთმანეთს ხვდებიან, ოფიციალურ საცოლედ და საქმროდ ითვლებიან, მაგრამ მე მხოლოდ ერთხელ მყავდა ჩემი სარძლო თვალმოკვრით დანახული.
ამას წინათ კი, გიგამ ია სახლში მოიყვანა, რომ ოჯახისთვის ოფიციალურად გაეცნო და იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება:
სახეში შევხედე თუ არა, კინაღამ გული წამივიდა. ასეთი რამ მხოლოდ წიგნებში თუ წამიკითხავს და ყოველთვის მეცინებოდა ამგვარ სენტიმენტალობაზე.
იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ თავად აღმოვჩნდებოდი სიყვარულის ხაფანგში თავიან-ფეხიანად გაბმული?!
რა თქმა უნდა, არავის წარმოდგენაც კი არ აქვს, რა დღეში ვარ. სიკვდილი მენატრება. ვიცი, რომ ეს, ყველაფერ დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, კაცობის ღალატია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის.
წარმოდგენა არ მაქვს, გიგა ცოლად რომ მოიყვანს იას, ერთ ბინაში როგორ უნდა ვიცხოვროთ.
სიამოვნებით გადავიკარგებოდი სადმე, ან უცხოეთში წავიდოდი სამუშაოდ და უკან აღარ დავბრუნდებოდი, მაგრამ ამ წასვლასაც იმხელა თანხა სჭირდება, ჩემი ხელფასით ათ წელიწადში ვერ დავაგროვებ.
ახლა გადავწყვიტე, სანამ რამე გზას ვეწევი, ცალკე, ქირით გავიდე საცხოვრებლად ყველაზე მოშორებულ გარეუბანში, ან, სულაც, სხვა ქალაქში ან რაიონში დავსახლდე და აღარასოდეს ჩამოვიდე თბილისში.
ჩემი ამბავი, თუნდაც ერთმა ადამიანმა რომ გაიგოს, ზუსტად ვიცი, არაკაცის სახელი შემერქმევა. წადი მერე და იმართლე თავი! ვინ დამიჯერებს, რომ ყველაფერი თავისთავად, ჩემდაუნებურად დამემართა?!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
დათო, 24 წლის.