მე 20 წლის ვარ, ჩემი და, ირა – 16-ის. ირა მეთორმეტე კლასში სწავლობს, მე კი გაისად ვამთავრებ ინსტიტუტს. მართალია, ფასიანზე ვსწავლობ, მაგრამ ხანდახან რაღაც შეკვეთებს ვიღებ კომპიუტერზე და იმდენს კი ვშოულობ, ჩემი სწავლის ქირა გადავიხადო.
მაგრამ პერიოდული შემოსავალი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ოჯახს სხვა ხარჯებში შევეშველო. დედა კი მუშაობს, საწყალი, ორ ადგილას, მაგრამ, სამაგიეროდ, მამაჩემი უკვე მეოთხე წელია, სახლში ზის და, ისე გააგიჟა ამ უფუნქციობამ, იმის ნაცვლად, რომ მიდგეს-მოდგეს და რამე სამსახური იშოვოს, აქეთ გვერჩის,
განსაკუთრებით – მე და დედას, გვაყვედრის, რომ მის ბინაში ვცხოვრობთ და სულ იმას გვაძახებს, მადლობლები იყავით, ბინის ქირას რომ არ გართმევთო. ერთი სიტყვით, უსაქმურობისგან საშინელი უჟმური, უხასიათო და აგრესიული გახდა.
თანაც, რაც მთავარია, ვერაფერს მოაწონებ, მის გულს ვერაფრით მოიგებ, ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოა, განსაკუთრებით კი დედაჩემი აღიზიანებს.
საწყალმა ქალმა აღარ იცის, რა ქნას, სახლიდან უთენია გადის და გვიან ღამით ბრუნდება პროდუქტებით დატვირთული, მამაჩემი კი მაშინვე გადაუქექავს ხოლმე პარკებს და, თუ ისეთი რამ ვერ იპოვა, რაც თვითონ უყვარს, ფრუტუნითა და ლანძღვა-გინებით გვიკლებს ყველას.
მაგრამ თუ რამე „საინტერესო“ საჭმელი, ანუ დელიკატესი ნახა, ისე შეჭამს მთლიანად, ერთს არ იკითხავს, ვინმეს ხომ არ უნდაო. ბოლოს კი მადლობის ნაცვლად, აქეთ გვაყვედრის, რომ იკადრა და მიირთვა. მთავარი კი ის არის, რომ საერთოდ აღარ აპირებს სამსახურის მოძებნას და მუშაობის დაწყებას.
ასეც მშვენივრად გრძნობს თავს: კარგს ჭამს, კარგს სვამს, მთელი დღე ლოგინში ნებივრობს, საღამოობით ძმაბიჭებთან ერთად მიდის დასალევად, სახლში დაბრუნებული კი თავზე გვამხობს ყველაფერს – რატომ არ ვმუშაობთ მე და ჩემი და და რატომ მას არ აბარებს დედაჩემი ხელფასს მთლიანად (ანუ, ნახევარს აძლევს მამაჩემს და არ ჰყოფნის).
ამას წინათ, მოვიდა სახლში და გამომიცხადა, ავტობუსების კონდუქტორის ადგილი გიშოვე და იქ უნდა დაიწყო მუშაობა, კარგ ხელფასს იძლევიანო. მე ვუთხარი, ლექციებს ვერ გავაცდენ, ბოლო კურსზე ვარ და მერე დიპლომზე არ დამიშვებენ-მეთქი.
მაპატიეთ და, ასე მიპასუხა, სულ მკიდია შენი დიპლომი, ჩემს კისერზე როდემდე უნდა ისხდეთ, ყელში ამომივიდა თქვენი რჩენაო.
მე ძლივს შევიკავე თავი და პასუხი არ გავეცი, ჩემმა დამ კი გაბედა და საკმაოდ მკვახედ უთხრა, მთელი ოჯახი შენ კი არა დედაჩემს აზის კისერზე და მართლა შენს კმაყოფაზე რომ ვიყოთ, მაშინ, ალბათ, თავ-პირს გადაგვჭამდიო.
მამაჩემი შეპასუხებას, თანაც უმცროსი შვილისგან, არ მოელოდა და ისე გადაირია, მთლად დასაბმელი გახდა. დედაჩემზე გაიწია კიდეც – შენ აგიჟებ ჩემს წინააღმდეგ შენს უსაქმურ შვილებსო.
დედა რომ არ მეცოდებოდეს, ერთი წუთით არ გავჩერდებოდი სახლში. როგორ მივატოვო, როცა ვიცი, რომ ჩვენღა დავრჩით იმედად. თან, დედაზეც ძალიან ვბრაზდები, როგორ შეუძლია, ასე დაამცირებინოს თავი ვინმეს, თუნდაც ეს „ვინმე“ მისი ქმარი იყოს?!
მართლაც, ალბათ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ, როცა მისგან დამცირების, ექსპლუატაციისა და აბუჩად აგდების მეტს ვეღარაფერს ხედავს, რატომ აკვლევინებს თავს, ან ჩვენ რას გვერჩის?
ასეთ „დაუნგრეველ“, მაგრამ მუდმივად დაძაბულ ოჯახს არ ჯობდა, გაყროდა მამაჩემს და პატარაობიდანვე შევეჩვეოდით უმისობას.
ახლა კი, რა გამოვიდა? მამა კი გვყავს, მაგრამ რომ არ გვყავდეს (სიკვდილს მაინც არ ვუსურვებ, მის ცალკე ყოფნას ვგულისხმობ), ის ჯობია.
ნერვებს მაინც არ აგვიშლიდა და, თანაც, ნახავდა, როგორია, თვითონ რომ მოუწევდა ყველა ხარჯის დაფარვა და ყველაფერზე ზრუნვა, იქნებ, მაშინ მაინც დაეფასებინა დედაჩემის შრომა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია