არასოდეს დამიმალავს ჩემი დაბადებისა და გაზრდის ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობიდან დედაქალაქში გადმოვსახლდი, ყოველთვის სიამაყით ვიხსენიებდი ჩემს სოფელს.
დედაქალაქში ქირით ვცხოვრობდი მარტო და ჩემთან ხშირად იკრიბებოდნენ ძმაკაცები. ერთხელაც ჩემი ძმაკაცი თავის ბიძაშვილ გოგონასთან, მარისთან ერთად მესტუმრა.
ჩემებმა სოფლიდან სურსათ-სანოვაგე გამომიგზავნეს, დატრიალდა მარი და ისეთი სუფრა გაშალა, სიმართლე გითხრათ, ერთი შეხედით ნაზი და გაპრანჭული გოგონასგან გამიკვირდა კიდეც. ამის მერე, ხშირად ამოდიოდნენ ჩემთან და მივხვდი, მარის მიმართ სიმპათიები გამიჩნდა.
გრძნობა ნელ-ნელა გაღვივდა და სიყვარულში გადაიზარდა. არც დამიმალავს ჩემი განცდა. მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. ზაფხულში დასასვენებლად ბათუმში წავიდა, მე – გურიაში, ჩემს სახლში.
დავურეკე და დავპატიჟე. უარი არ უთქვამს. ჩავაკითხე მანქანით და მეგობარ გოგონასთან ერთად ორი დღე დარჩა ჩვენთან.
დედაჩემს რომ ვუთხარი, ეს გოგო მიყვარს-მეთქი, გაუხარდა, მითხრა: სიმართლე გითხრა, შევხედე თუ არა მომეწონა, ცქრიალა, თავმდაბალი გოგოაო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მის ოჯახში მივედი მარის ხელის სათხოვნელად და მისი მშობლებისგან ისეთი აგრესია ვიგრძენი, თითქოს მდუღარე წყალი გადამასხეს.
მარი მეორე დღეს ვნახე და მომიბოდიშა. მითხრა: ჩემს მშობლებს არც შენი გარეგნობა დაუწუნებიათ, არც შენი განათლება და სიტყვა-პასუხი, უბრალოდ, რომ თქვი სოფლიდან ვარო, ამაზე გადაირივნენ და სასტიკად ამიკრძალეს შენთან შეხვედრებიო.
მის მშობლებს ნამდვილად ვერ მივაყენებდი შეურაცხყოფას, მაგრამ გულში კი გავიფიქრე: კუდაბზიკა, ამპარტავანი და სიმდიდრით თავში ავარდნილი ხალხია-მეთქი. არც ჩემს ოჯახს აკლია კულტურა და არც ჩვენ ვართ ღარიბები.
მამაჩემს რომ უმაღლესი არ აქვს დამთავრებული, სოფელში გამზარდა და პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფულით დედაქალაქში გამომიშვა, დამამცირებელს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, მარის მშობლებმა დამამცირეს. ხშირად იმეორებდნენ:
სოფლის წინააღმდეგები კი არ ვართ, უბრალოდ, ვინც ჩამოვიდა, ხომ აღარ დაბრუნდნენ. აღარ უნდათ ტალახში სიარული, ასფალტი არ ურჩევნიათ? ისწავლე? დაამთავრე უმაღლესი? დაბრუნდი, რა, შენს სოფელში და იქ დაეტიეო.
მარის გულახდილად ველაპარაკე ამ ყველაფერზე, ვუთხარი, რომ მეწყინა მათი ამდაგვარი დამოკიდებულება, აგდებული ტონი და ჩემს სოფლელობაზე ასეთი საუბარი.
დავბრუნდებოდი, მაგრამ გამოცდები ჩავაბარე და ერთ-ერთ სამინისტროში სტაჟიორად დამტოვეს. მერე, სხვა სამსახური გამოჩნდა და დავრჩი. სწორედ, მაშინ გამოჩნდა მარი და შემიყვარდა, ამაში რა არის დასაძრახი ან დასაცინი?
მოკლედ, მარიმ გადაწყვეტილება მიიღო, გავპარულიყავით და ცოლად ისე გამომყვა, მშობლებს არ შეკითხვია. რაღას იზამდნენ? თავიდან კი გაიბუტნენ და გაიბღუნძნენ, მაგრამ მერე ვერ გაწირეს დედისერთა შვილი და შეგვირიგდნენ.
დღეს მათ სახლში ვცხოვრობ. სიდედრი ყოველ დღე ახსენებს სოფლელებს, ჩამოსულებს… ცდილობს, გული მატკინოს. ლამის მოვკიდო ჩემს ცოლს ხელი და გურიაში გადავსახლდე, მაგრამ ორივე აქ ვმუშაობთ და არ გამოვა.
ვხვდები, მხოლოდ იმის გამო ამომიძულა, რომ სოფელში გავიზარდე, თორემ, სხვა მხრივ, არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამს. თუ ჩემები რამეს გამოაგზავნიან, იმაზეც კი ბუზღუნებს ჩემი სიდედრი: თუ სოფლის პროდუქტის ყიდვა გვინდოდა, მარკეტებშიც იყიდება, სოფლელი სიძის მოტანილი რომ არ ერქვასო.
მოკლედ, ძალიან დამამცირებელია ასეთი დამოკიდებულება. მარის გამო ვითმენ, რაღაცნაირი კომპლექსი აქვს და არ უნდა ქირით ცხოვრება, თორემ სიდედრის გვერდით ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი.
უბრალოდ, არ მინდა, ამ დაძაბულმა სიტუაციამ ჩემსა და მარის ურთიერთობაზე მოახდინოს გავლენა და ჩვენ შორის ბზარი გააჩინოს.
რამდენიმე წელში კი, ჩემი დანაზოგითა და ჩემების დახმარებით, აუცილებლად მექნება ჩემი საკუთარი ბინა დედაქალაქში და ჩასიძებულის სტატუსსაც მოვიხსნი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნოდიკო, 26 წლის.