პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გრანტების მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ წესები და საკანონმდებლო ნორმები მკაცრდება.
ცვლილებები განხორცირლდა: „გრანტების შესახებ“ კანონი, „სისხლის სამართლის კოდექსი“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი.
▪️კანონის პროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
გრანტის მიმღებად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ვალდებულება ექნებათ, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ.
თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება, გრანტს თანხმობის გარეშე მიიღებს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებსაც გრანტი კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული, კანონის ამოქმედების შემდეგ 1-თვიანი ვადა ექნებათ, საქართველოს მთავრობას მიმართონ. თავის მხრივ, მთავრობასაც 1-თვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი – უთხრას თანხმობა ან უარი.
▪️„გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება.
შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას – 6 წლამდე ვადით.
„სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლს დამამძიმებელი გარემოება ემატება.
კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს დაარღვევს – კერძოდ კი, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას.
დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
▪️სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.
კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას.
▪️„სისხლი სამართლის კოდექსს“ კიდევ ერთი ახალი ნორმა დაემატა, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
▪️„სისხლის სამართლის კოდექსში“ ჩაიწერა ახალი – 316-ე პრიმა მუხლი, სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს: – საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 – წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
▪️ცვლილებები მეწარმე სუბიექტების მიერ საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებითაც განხორციელდა. მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტებს პოლიტიკური აქტივობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება განხორციელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
ტერმინი „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“, ტერმინით – „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ ნაცვლდება და მისი შინაარსი ფართოვდება. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ სუბიექტებზეც გავრცელდება. უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.


