სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა / კარიბჭე
მეოცე საუკუნის 60-70-იან წლებში სამთავროს დედათა მონასტერს ერთი მოხუცი არისტოკრატი ქალი ესტუმრა და ეს ამბავიც მამა რაფაელს სწორედ მან მოუთხრო:
“ცოტა ხნის წინათ საქართველოს ინგლისელი მაღალჩინოსანი ეწვია, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. სწორედ ამ მიზნით იუარა დაცვით სიარული, თუმცა, მგონი, უშიშროების აგენტები მაინც უჩუმრად დასდევდნენ…
მე მისი თარჯიმნობა დამევალა… უცხოელმა მთხოვა, ზედაზნამდე ავყოლოდი და ჩვენც მონასტრისკენ სავალ ბილიკს დავადექით, რომელიც ადგილ-ადგილ ტყეზე გადიოდა..
საუბარში მითხრა, – ოქსფორდის უნივერსიტეტი დავამთავრე და დიპლომატიურ კორპუსში ვმსახურობო. ჩინებულად ერკვეოდა ფილოსოფიასა და ხელოვნებაში, მაგრამ მომეჩვენა, რომ სულის სიღრმეში სკეპტიკოსი იყო, თუმცა თავის შეხედულებებზე საუბარს ერიდებოდა.
მთის წვერიდან საუცხოო ხედი იშლებოდა (ამბობენ, აქედან ქართლის მეოთხედი ჩანსო). ინგლისელი დიდხანს ტკბებოდა პანორამით. მერე ტაძარში შევედით. არქიმანდრიტი ისე, ხმელ-ხმელი, მაღალი და ფერმკრთალი ბერი, მარტო წირავდა და ძველისძველ ქართულ საგალობლებსაც თავად გალობდა..
უეცრად ტირილის ხმა შემომესმა და დავინახე, როგორ ქვითინებდა ხელებში თავჩარგული ჩემი სტუმარი.
წირვა რომ დასრულდა, მითხრა: ხშირად დავდივარ ლონდონის კაპელაში, რაც მხოლოდ ტრადიციაა, რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში, პაპის მსახურებებსაც დავსწრებივარ, მთელი ევროპა მომივლია, ბალკანეთის მონასტრებშიც ვყოფილვარ, მაგრამ რაც ამ ღარიბმა და ნახევრად დაქცეულმა ტაძარმა მაგრძნობინა, არსად განმიცდია..
აქ ცხადად ვნახე ის, რასაც სიწმინდე ჰქვიაო…
გზად აღარაფერი უთქვამს. შევთავაზე, – იქნებ, სხვა ადგილებიც გენახულათ-მეთქი, მაგრამ იუარა, – საკმარისიაო”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..