ნანა ორაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს ერთ-ერთ უკრაინელ ოჯახზე, რომელმაც ჯოჯოხეთური გზა გამოიარა საქართველომდე ჩამოსასვლელად და რომელიც საქართველოში ძალიან თბილად მიიღეს.
დღეს კრაკოვიდან ბებია და 8 წლის სერგეი დეიდასთან Eto Gugava ჩამოვიყვანეთ, რომლებმაც კრივოიროგიდან პოლონეთის საზღვრამდე უფანჯრო ელექტრომავალით რამდენიმე დღე გაუჩერებლად იმგზავრეს.
ბებიამ ბავშვები იატაკზე იწვნენ, ქალები ფეხზე ვიდექითო. 18 საათიანი ფეხზე დგომისგან ქალებს გული მიგვდიოდა, ვითიშებოდით და ბავშვები გვასულიერებდნენო.
“მატარებელი კი არა, ეს იყო ჯოჯოხეთი” – ამას 4 დღის მშიერი სერგი მეუბნება, კიევთან სირენების ხმაზე მატარებელი გაგვაჩერებინეს, ყველა იატაკზე დაწოლა მოგვთხოვეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ერთმანეთში აზელილები ვისმენდით ციდან ბომბები როგორ ცვიოდაო. ყველა წამს გვეგონა რომ ავფეთქდებოდითო. ელექტრომავალში საპირფარეშოც არ იყო და ამიტომ, წყალსაც არ ვსვამდითო.
პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე რამდენიმე კილომეტრიანი რიგი ფეხით გაიარეს. სერგეის, რადგან პასპორტი არ აქვს საზღვრის კვეთისთვის საჭირო ერთჯერადი საბუთის ასაღებად კრაკოვში 8 საათიან რიგში მოუწია ყოფნა. აეროპორტის მესაზღვრეებიც დიდხანს ფიქრობდნენ გაეშვათ თუ არა, ამიტომ ყველაზე ბოლოებს მოგვიწია თვითმფრინავში ასვლა, რომელიც უკრაინელი ქალებით და ბავშვებით იყო სავსე. ყველა ერთადერთ რამეზე ნერვიულობდა საქართველოშიც რუსები ხომ არ დაგხვდებიანო.
სერგეიმ დღეს პირველად იფრინა. მიწაზე აღარ მინდა დაშვება, სულ მინდა ცაში ვიფრინოო. თან ყოველწამს ტელეფონში სამხედრო ფორმააში ჩაცმული მისი მშობლების ფოტოებს გვანახებდა, რომლებიც უკრაინაში მეათე დღეა გმირულად იბრძვიან.
საქართველოს საზღვარზე ძალიან კეთილგანწყობილები დაგვხვდნენ, უფასო მგზავრობა და კვება შეგვთავაზეს, გარეთ გამოსულებს აცრემლებულმა ტაქსის მძღოლებმა ფული აჩუქეს.
გავაცილეთ ეს ორი უშიშარი ადამიანი, როგორც ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი გულიც მათ გაჰყვა.
ტელეფონი რომ გავხსენი, სერგეის დედის წერილი დამხვდა ‘ Я благодарна вам до конца своих дней!!!! Спасибо большое за поддержку и помощь!!!! Теперь я смогу спокойно умереть за нашу землю!!!!
ხოდა ვზივართ და სასოწარკვეთისგან ხმამაღლა ვტირით.
ერთი რაც ზუსტად ვიცი, ამ ბავშვების და ქალების წამების გამო, ამ შემზარავი ისტორიების, ტრაგედიებისა და მოუშუშებელი ჭრილობების გამო, რაც რუსეთმა ორივე ერს მოგვაყენა პასუხი ძალიან მალე უნდა აგოს.
-5 მხედველობის მქონე პაციფისტი რომ არ ვიყო იარაღს დღესვე ავიღებდი და უკრაინაში ჩვენი ღირსებისთვის ვიბრძოლებდი.
ბოროტება უნდა დასრულდეს..
გთხოთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..