– ტატა? ისევ ძველებურად ლამაზია, რამდენი წელია თვალიც არ მომიკრავს, – ჩაილაპარაკა მეგობარმა და აღფრთოვანებული მზერა გააყოლა ახალგაზრდა ქალს… კაფეში ორი ლამაზი ქალი შემოვიდა. ტატას მხოლოდ ჩემი თანმხლები როდი უყურებდა დაუფარავი აღტაცებით, უამრავი თვალი მისკენ მიმართულიყო…
– ვინ არის ეს ქალი, გიყვარდა? – ჩავეძიე ლაშას. ტატა ყველას უყვარდა, მაგრამ მხოლოდ ერთმა შეძლო მისი გულის დაპყრობაც და გაპობაც. ერთი სანდრო იყო ჩვენს სკოლაში, ძალიან ლამაზი ბიჭი, სკოლა დააამთავრა თუ არა, იმ წელსვე მოიტაცა მეათეკლასელი ტატა. ეს ამბავი რომ გავიგეთ, უსიტყვო გლოვა გამოვაცხადეთ ბიჭებმა – თითქოს ტატას გათხოვებასთან ერთად, რაღაც დამთავრდა ჩვენს ცხოვრებაში.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის დღე ტატასთვის იყო ყველაზე ტრაგიკული… მას ჰყავდა უზომოდ მოსიყვარულე, მაგრამ ავადმყოფურად ეჭვიანი ქმარი, რომელმაც ცოლსაც გაუმწარა სიცოცხლე და თვითონაც ტრაგიკულად დაასრულა ცხოვრება.
– მერე, როგორ იყო ეგ ამბავი, განაგრძე თხრობა, – ვთხოვე ლაშას, რომელსაც თვალები ასცრემლებოდა. ჯერ იყოყმანა, მაგრამ შემდეგ ტატას და სანდროს ტრაგიკული სიყვარულის ისტორია მიამბო.
– სანდრო ჭკუიდან იშლებოდა, როცა ქუჩაში ცოლთან ერთად მიმავალი ტატასკენ კისერმოღრეცილ კაცებს ხედავდა. – წესიერად გაიარე, ყველა შენ გიყურებს! გამოცრიდა კბილებში. არადა, სიარულის მანერა არაფერ შუაში იყო, სანდროს ისეთი ლამაზი ცოლი ჰყავდა, შეუძლებელი იყო, თვალი არ გაგეყოლებინა.
მალე გარეთ მარტო გამოსვლა, შარვლის და მოკლე კაბის ჩაცმა აუკრძალა. თურმე თვითონ არჩევდა ტანსაცმელს ცოლისთვის.
ამიტომაც ყველაფერი ერთფეროვანი, ტომრის ფორმის ეცვა ტატას, რომ მოხდენილი სხეული არ გამოსჩენოდა. ისეთი ლამაზი იყო, მაინც ვერაფერი ჩრდილავდა. რომ შესძლებოდა, სახეზე ჩადრსაც ააფარებდა ალბათ ქმარი. გაგიჟდა გოგო ასეთი შეზღუდვებისგან და მშობლებთან გაიქცა, ქმრის ოჯახში აღარ დავბრუნდებიო.
ტატას მამასთან “სანახაობა” გამართა სანდრომ, – ცრემლმორეული იფიცებოდა, რომ სიგიჟემდე უყვარდა ცოლი. პირობა დადო, ტატას აღარ შევზღუდავ და თვალისჩინივით გავუფრთხილდებიო. ერთი წელი მშვიდად განვლეს. ერთ დღესაც ჩემი და სანდროს საერთო მეგობრის ქორწილში მოვხვდით. ტატა მეორე ბავშვზე იყო ორსულად.
ისეთი ლამაზი ფეხმძიმე იყო, პატარძალს არავინ უყურებდა. სანდროს ხასიათი კარგად ვიცოდით და ახლობლები ვერიდებოდით ტატას მიმართ ზედმეტი ყურადღების გამოხატვას, მაგრამ მაინც გაგვირბოდა თვალი, როცა ტატა იცინოდა. შევამჩნიე, რომ სანდრო სასმელს მიეძალა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.
უცებ ტატამ შეჰკივლა. თურმე, გამწარებულ და გვარიანად გამომთვრალ ქმარს ზურგში გამეტებით უთავაზებია მუშტი. ქმრის უაზრო საქციელი რომ შეუმჩნეველი გაეხადა, თავი ჩაღუნა და მუცელზე ხელი დაიდო. ქალებმა შეიცხადეს, სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთო. სანდრომაც დაიჟინა, საყვარელო, ფერი არ გაქვს, ნამდვილად დახმარება გჭირდებაო…
იმ დღეს მხიარულება ჩაგვშხამდა, ყველა მიხვდა, რაც მოხდა, მაგრამ ვინ გაბედავდა ტატას დასაცავად სანდროსთვის წინააღმდეგობის გაწევას.
მეორე ბავშვი რომ გაუჩნდათ, სადილი გამართა სანდროს ოჯახმა. ჩვენც დაგვპატიჟეს. სტუმრებს შორის ის ბიჭიც იყო, ვინც სანდროს მთავარ მეტოქედ ითვლებოდა სკოლაში – ლუკას უზომოდ უყვარდა ტატა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ სანდროს ლუკა საგანგებოდ მოეწვია – მისი მოპატიჟებით ცოლს ცდიდა.
ქეიფი გახურდა, გვეგონა ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მაგრამ უცებ სანდრომ დაიღრიალა: ტატა, სადა ხარ, ტატა! გავხევდით, სანამ ტატა ბავშვის საძინებლიდან გამოვიდოდა, ლუკამ ღიმილით უთხრა, ტატა პატარას ძუძუს აწოვებსო – შეუნიშნავს, როგორ შევიდა ქალი ჩვილის ოთახში და ბავშვი გულზე მიიხუტა, ამიტომაც ალალად, ღიმილით თქვა…
სანდრო შეშლილი სახით მიეჭრა ლუკას, საყელოში სწვდა, ფეხზე წამოაგდო და დაუღრიალა, ამისთვის შემოგიშვი სახლში, რომ ჩემი ცოლისთვის გეთვალთვალაო? ლუკა თავიდან მშვიდად ცდილობდა სანდროსგან გათავისუფლებას. როცა გაცოფებულმა სანდრომ გინების კორიანტელი ატეხა, გაჩაღდა ჩხუბი…
ამ ამბის გამო ლუკას ფეხმძიმე ცოლი ცუდად გახდა, მეორე დღეს გავიგეთ, რომ მუცელი მოეშალა, ტატა კი ორი შვილით გაიქცა სახლიდან. სანდრომ მორიგი სცენები მოაწყო სიმამრთან, მაგრამ მისმა ცრემლებმა აღარ გაჭრა – შვილის უბედურებით შეწუხებულმა მამამ სიძეს კარი მიუჯახუნა… ერთი თვის განმავლობაში სანდრო თავის მოკვლით იმუქრებოდა, მერე ცრემლებს ღვრიდა და ცოლს სიყვარულს ეფიცებოდა.
ტატამ ვეღარ აიტანა მისი საცოდაობა და ისევ დაუბრუნდა… შორიდან გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, სინამდვილეში კი თურმე ჯოჯოხეთი ტრიალებდა მათ ოჯახში. სანდრო ფსიქოპათს დაემსგავსა. შეეცვალა გამომეტყველება, ლაპარაკის მანერა, უცნაურად იქცეოდა…
ტატას გარეთ არ ახედებდა. ერთ დღეს ისევ იფეთქა ეჭვიანობით ჭკუიდან შეშლილმა – უფროსი გოგონა ქორეოგრაფიულ ანსამბლში ცეკვავდა. გადაწყვიტეს უცხოეთში წაეყვანათ ბავშვები გასტროლზე. რამდენიმე მშობელს სთხოვეს გაყოლა, მათ შორის ტატასაც და ნება დართეს მეორე შვილიც თან წაეყვანა.
გაგიჟდა სანდრო, სჯეროდა, რომ ტატა უცხოეთში გარბოდა მისგან თავის დასაღწევად. ყველაფერი გააკეთა, რომ ცოლ-შვილს ფეხი არსად გაედგა… – მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, შენ აღარაფერი გამოგასწორებსო, – უთქვამს ტატას და კვლავ გაქცეულა ქმრისგან, ამჯერად უკანმოუხედავად.
მერე გაყრაზე შეიტანა განაცხადი, – სანდრო მოკვდა ჩემთვისო, – უთქვამს ჩვენი მეგობრისთვის და გული გადაუშლია – დიდი უბედურება ტრიალებდა ჩვენს ოჯახშიო… თურმე საკუთარ მამაზეც კი ეჭვიანობდა სანდრო, რის გამოც მშობლები სხვაგან გადასულან საცხოვრებლად…
ერთხელ მამამთილს გულში ჩაუხუტებია ტატა და სიამაყით უთქვამს, არავის ჰყავს ასეთი ლამაზი რძალი, როგორიც ჩემი ტატააო, მერე ისიც დაუყოლებია, ხასიათითაც ანგელოზი ხარ და ჩემგან არაფერი მოგაკლდებაო.
ამის შემხედვარე სანდროს უღრიალია, ჩემს ცოლს ხელი გაუშვი, შე ბინძურო, რას ბედავო. შესკდომიან ერთმანეთს მამა-შვილი. თურმე კაცი ტიროდა, ეს რა მაკადრა ჩემმა შვილმა, რა ავადმყოფი გამიზრდიაო.
მოკლედ, ტატასგან მიტოვებული სანდრო მარტო დარჩა, არც დას იკარებდა ახლოს, არც სიძეს, მშობლების დანახვაც არ უნდოდა და ერთ დღეს საერთოდ გაქრა…
იმ დღეს ცუდ ხასიათზე გამეღვიძა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რაღაც ძალიან ცუდი უნდა გამეგო. უბანში გავედი, ბიჭებმა თქვეს, სანდრო ორი დღეა არ გამოჩენილაო. მალე მისი ცხედარი მოასვენეს…
ბავშვობაში დავდიოდით სათევზაოდ მტკვარზე, ერთი ლამაზი ადგილია, პატარა კლდის ქიმი მდინარის შუაგულისკენ არის გაშვერილი, წყალში ვხტებოდით იმ ადგილიდან, სანდრო ამჯერად მანქანით გადამხტარა…
იმ ადგილას წყალი ისე ღრმა არ არის, რომ დაიხრჩო, ან მანქანიდან თავი ვერ დააღწიო, ამიტომ სანდროს კარის საკეტი გაუფუჭებია, რაღაც წამალიც ჰქონია დალეული, რამაც მოადუნა, წინააღმდეგობის გაწევის თავი რომ არ ჰქონოდა…
წერილი დატოვა. ბოდიშს უხდიდა ყველას, ვისაც ეჭვიანობის გამო გული ატკინა, ყველაზე დიდი ადგილი ტატასადმი მონანიებას ეთმობოდა… ახლაც თვალწინ მიდგას აკანკალებული ხელით დაწერილი სანდროს უკანასკნელი სიტყვები: “ტატა, უშენოდ ვერ ვიცხოვრებ, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა”.
სანდროს სიკვდილმა თავზარი დასცა ყველას. ტატა ლოგინად ჩავარდა და დიდხანს მკურნალობდნენ, მდგომარეობიდან რომ გამოსულიყო. ახლა ხომ ხედავ, ისევ ძალიან ლამაზია, იცინის, ცხოვრებას აგრძელებს, მაგრამ მჯერა, მისი გული სიცოცხლის ბოლომდე ვერ მორჩება მარადიული ტკივილისგან, რომელსაც სანდრო ჰქვია…
საერთოდ, რა ავადმყოფობაა ეჭვიანობა? – მეკითხება ლაშა. მართლაც რა არის ეს – ნამდვილი სიყვარულის თანამდევი გრძნობა თუ დაავადება, რომელიც არ იკურნება?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სოფო გამრეკელი; წყარო: კვირისპალიტრა