დალი მამასახლისი 48 წლის იყო, როცა მისთვის მძიმე, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოდან საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა.
მაშინ ფიქრობდა, რომ იქ მხოლოდ 5 წელი დარჩებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, თუმცა მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ისევ უცხო მიწაზეა. დალი მამასახლისის ისტორიას ჟურნალის „სარკე“ აქვეყნებს:
- დალი მამასახლისი:
– საქართველოში ფინანსური პრობლემები რომ დაიწყო, ჩემი ახლობლები საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ.
მე მაშინ არც მიფიქრია ქვეყნის დატოვება, რადგან ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ჩემი დეიდაშვილია და ის მეხმარებოდა. თამაზი იხდიდა ჩემი შვილების სწავლის ფულს. ოპერაცია დამჭირდა და იმის ფულიც მან გადაიხადა.
მერე მასაც პრობლემები შეექმნა, რადგან ყველა მთავრობა ებრძოდა. შევარდნაძის დროს შევარდნაძის ძმისშვილმა წაართვა ბიზნესი, მერე მოვიდა სააკაშვილი, ბიზნესიც წაართვა და დააპატიმრა.
პედაგოგი ვარ – დაწყებითი კლასების სწავლება და ფსიქოლოგია მაქვს დამთავრებული. საბავშვო ბაღში ვმუშაობდი.
ერთი შვილი დაბადებიდან ინვალიდი მყავს, ცერებრალური დამბლა აქვს. ახლა ჩემი მეორე შვილიც ინვალიდია – ფსორიაზისა და სახსრების სინდრომითაა დაავადებული.
მესამე შვილს ქმარი გარდაეცვალა. სამი შვილის დედაა. ორი სტუდენტი ჰყავს, ერთი კი სკოლაში სწავლობს. არანაირი დახმარება არ აქვს, როგორც მარტოხელა დედას. მუშაობა რამდენჯერმე დაიწყო, მაგრამ 200-300 ლარზე მეტი ანაზღაურება არ ჰქონია, რაც გზის ფულად არ ჰყოფნიდა…
როგორ დავბრუნდე?! ამიტომაც გამიგრძელდა აქ ყოფნა. ყველა სახელმწიფო უწყებას მივმართე ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიმიღია.
– რას ითხოვდით?
– ემიგრანტების დაბრუნების შემთხვევაში ან ფონდი თუ არსებობს, ან რაიმე სახის პროგრამა, რომ ჩამრთონ და მანდ დაბრუნებულმა რაღაც ვაკეთო. აქ აღარ შემიძლია, დავიღალე, 62 წლის ვარ.
– მძიმე პირობებში გიწევთ ყოფნა?
– არა, გადასარევ ოჯახში ვარ 14 წელია. როგორც ოჯახის წევრი, ისე მიმიღეს თავიდანვე. ახლა ოჯახის უფროსი ვარ. თვითონ მუშაობენ, მაგრამ მე მემორჩილება ყველა და მე განვაგებ ყველაფერს.
ბავშვები მეც სიგიჟემდე მიყვარს და მათაც ვუყვარვარ. როცა შემოვლენ სახლში, უნდა ნახოთ, როგორ მეძებენ თვალებით. ეს სიყვარული მაძლებინებს აქ, მაგრამ სამშობლოს, შვილებისა და შვილიშვილების გარეშე ყოფნა ძალიან რთულია. ძლიერი ვიყავი და ვარ.
გარეგნულად ვერავინ მამჩნევს, რომ ამხელა ტკივილს ვატარებ. არ მინდა, ვინმეს შევეცოდო. ემიგრანტობამ ძალიან დამასუსტა. ღიმილისა და ხუმრობის უნარი დავკარგე.
– თქვენს შვილს, რომელიც შშმ პირია, დედა ალბათ ძალიან სჭირდება გვერდით.
– დიახ, ძალიან ვენატრები. მეხვეწება, მეც წამიყვანე მანდო. დები თავს ევლებიან, მაგრამ დედის სითბო და ჩახუტება ალბათ სულ სხვაა. მეც უზომოდ მენატრება. რომ ჩამოვიდე, მისი მკურნალობის ხარჯებს ვინ დამიფარავს?!
მიწის ნაკვეთი მაქვს ბორჯომში და ასევე – თბილისიდან 30 კილომეტრის დაშორებით. ბორჯომში მიწა იმისთვის ვიყიდე, რომ დავბრუნდებოდი, შემოსავლის წყარო მქონოდა.
მინდა, ამ ადგილებში რაღაც ჩავდგა და ცოტა შემოსავალი მქონდეს… მეცხოველეობას ან მეფრინველეობას მივყო ხელი, მაგრამ მანდ არ არსებობს შეღავათიანი სესხი.
5 წელი ვიხადე ბორჯომის მიწის თანხა ბანკში, გამიჭირდა ძალიან. ახლა ვითხოვ შეღავათიან სესხს, მაგრამ…
ჩემი შვილიშვილები გაიზარდნენ და ბევრად მეტი რამ უნდათ. ჩემი ხელფასი ისედაც არ ჰყოფნით. სად ჩამოვიდე, როგორ ჩამოვიდე?!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია