შპს „ქართული ცემენტის“ (ყოფილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) წლიური მოგება თითქმის გაორმაგდა – ამის შესახებ ირკვევა კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან.
კერძოდ, 2024 წლის ანგარიშგების მიხედვით, ამავე წელს კომპანიის წლიური მოგება 189 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. კერძოდ, 2023 წელს კომპანია 96 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა.
რაც შეეხება მთლიან შემოსავლებს, 2024 წელს კომპანიის შემოსავლები 695.1 მილიონ ლარს აჭარბებდა, ეს კი მაშინ, როცა 2023 წელს „ქართული ცემენტის“ რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა 564.7 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ცნობისთვის, „ქართული ცემენტი“ 2024 წლის 13 სექტემბრამდე შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ სახელით ოპერირებდა. ამავე პერიოდიდან კომპანიამ „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ნაცვლად ბრენდის სახელწოდებად Hunnewell Cement-ის გამოყენება დაიწყო. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ცემენტის, ბეტონისა და კლინკერის წარმოება და რეალიზაცია.
„2024 წლისა და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100% -ის მესაკუთრე იყო ნიდერლანდებში მდებარე კომპანია CaucasusCement Holding B.V. („უშუალო მშობელი კომპანია“).2023 წლის 21 აპრილს, HeidelbergCement Central Europe East Holding B.V.-მ, CaucasusCement Holding B.V.-ში საკუთრების 45% მიჰყიდა Cement Invest B.V.-ს.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, Cement Invest BV-ს აკონტროლებდა Meadowsweet Assets Limited, რომელიც რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და საბოლოოდ კონტროლდება ეკატერინა ხვედელიძის მიერ.
2024 წლის დეკემბერში Cement Invest BV-ს საკუთრების სტრუქტურა შეიცვალა. შესაბამისად, ლუქსემბურგში რეგისტრირებულ Park Street Capital Lux Sarl-ს ეკუთვნოდა 50.5% და 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას ერთობლივად აკონტროლებდნენ ნათელა სახოკია და ირაკლი რუხაძე – ოჯახის ახლო წევრები, დედა და შვილი, რომლებიც ერთობლივად ფლობდნენ Park Street Capital Sarl-ის 60%-ს“, – აღნიშნულია 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში.

