ელენესა და ზურაბს საერთო ჭერი, შვილები, საზრუნავი და კიდევ 22 წელი აკავშირებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შორის დღემდე გრძელდება კონფლიქტი… კონფლიქტი – არაფრის გამო.
ელენე: – დიდი შვილები რომ არ მყავდეს, ქმარს გავცილდებოდი, მაგრამ არ მინდა, ბიჭებს გული ვატკინო, და ჩემი პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო.
23 წლის ვიყავი, როცა მეგობარმა თავისი ნათესავი გამაცნო. მე და ზურაბი ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ბოლოს, დავქორწინდით.
მეუხერხულება ამ ყველაფერზე ლაპარაკი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, იმ პირველი ღამის მერე ჩემმა ქმარმა თავისი უაზრო ბრალდებებით ლამისაა ჭკუიდან შემშალოს. მოკლედ, ქალიშვილი ჩავბარდი, მაგრამ ამის “ნიშანი” არ ასახულა ზეწარზე.
ზურაბი საშინლად დაითრგუნა, მეც არანაკლებ დღეში ვიყავი – ტრადიციულ ოჯახში ვიზრდებოდი და ჩემი მშობლებისთვის პატიოსნება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
ზურაბს მაშინვე შევთავაზე, წავიდეთ ნებისმიერ ექიმთან, გავესინჯები და ამის პასუხი ერთად მოვისმინოთ-მეთქი. დამთანხმდა და მეორე დღესვე ჩაჩავას სახელობის საავადმყოფოში წავედით. გინეკოლოგს ჩემი გასაჭირის შესახებ ვუამბე.
გაეღიმა, გამსინჯა და მითხრა, – ასეთი შემთხვევა ხშირია, აქ საგანგაშო არაფერიაო. ჩემი ქმარიც დამშვიდდა.
რამდენიმე დღეში სოჭში წავედით საქორწინო მოგზაურობით. გავიდა დრო, გავაჩინე შვილები, ჩავები საოჯახო საქმეში, მაგრამ როცა ზურაბმა სმას ხელი მიჰყო, თანდათან ურთიერთობა დაგვეძაბა.
რომელ ცოლს სიამოვნებს ქმრის გამუდმებული ლოთობა? რა თქმა უნდა, ვსაყვედურობდი, იმან კი, ერთ მშვენიერ დღეს წამომაძახა: ჭკვიანად იყავი, თორემ შენს ამბავს მთელ სანათესავოს მოვდებ; იმის მაგივრად, რომ მადლობა მითხრა, ამდენი ხანია ოჯახში გაჩერებ, ბედავ და მეჩხუბები კიდეცო?
ამის გაგონებაზე კინაღამ გული გამისკდა. ცუდად გავხდი, ძლივს მოვსულიერდი. იმ დღის შემდეგ, ყოველ დალევაზე წამომაძახებდა, – ქალიშვილი არ იყავი და დაგინდე, არ გაგაგდეო.
არ ვიცი, როგორ ვითმენდი. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი შვილებისთვის ვინმეს ცერად არ შეეხედა, ან რაიმე არ წამოეძახებინა. ვერიდებოდი ნასვამ ზურაბს, აშკარად შეურაცხადი იყო; არც კი აფიქრებდა ჩემი ნერვიულობა, რაც პირზე მოადგებოდა, ყველაფერს მეუბნებოდა.
ასეა თუ ისე, ზურაბი შეეჩვია ჩემს სიჩუმეს, გადიდგულდა და ისე იქცეოდა, როგორც მას სიამოვნებდა. თავად არც დროს ტარებას იკლებდა, არც სმა-ჭამას, მე კი, ამ ყველაფერზე თვალი უნდა დამეხუჭა.
ამ ბოლო ხანს, ვატყობ, რომ უფროსი ვაჟი ისეთი თბილი და ყურადღებიანი აღარაა ჩემ მიმართ, როგორიც ადრე იყო. ვეჭვობ, რომ მამამისმა სიმთვრალის დროს ის, რაც აჩემებული აქვს, მასთანაც წამოაყრანტალა. ისიც ბიჭია და ალბათ, იმოქმედა მამის სიტყვებმა.
ამას წინათ უფროს შვილს ვთხოვე, აეხსნა მისი გაუცხოების მიზეზი, მან მოკლედ მომიჭრა – ძალიან ვიღლები და არ მაქვს “თამაშის” თავიო. ვინ იცის, რა უთხრა მამამისმა. ყოველდღე წამლებს ვსვამ, რომ დავმშვიდდე, მაგრამ საკმარისია, ზურაბის ამღვრეული თვალები დავინახო, ცუდად ვხდები.
მირჩიეთ რამე, რა ვქნა, რა საშველი მოვძებნო. როდემდე შეიძლება ქმარმა 45 წლის ქალს “უპატიოსნო” მეძახოს და მაყვედროს, – ოჯახიდან არ გაგაგდე და მადლობელი იყავიო.
პატივისცემით – თქვენი მკითხველი ელენე ც., თბილისი
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.