ისე მოხდა, რომ ჩემს ქმარს ბიზნესი ჩაუვარდა და დიდი ვალი დაგვედო. რა არ ვცადეთ, მაგრამ მდგომარეობიდან ვერ გამოვედით. ყველაფერი გავყიდეთ, რაც გვებადა, ბინაც დავაგირავეთ ბანკში, მაგრამ ვალი მხოლოდ გავანახევრეთ.
ამიტომ, ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, უცხოეთში წასულიყო სამუშაოდ. ვიცოდი, რომ სამი შვილის მოვლა-პატრონობა მარტოს გამიჭირდებოდა, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი.
ჩემს ქმარს ბიძაშვილი ჰყავდა ამერიკაში, იქაური მოქალაქე იყო და კარგი სამსახურიც ჰქონდა. ის შეჰპირდა, თუ ჩამოხვალ, არც ბინა გექნება საზრუნავი და სამუშაოდ ჩემთან მოგაწყობ, შენისთანა პროფესიონალ ხელოსნებს სანთლით ვეძებთო.
მოკლედ, წავიდა თავის ბიძაშვილთან. როგორც ტელეფონში მითხრა, ჩასვლიდან ერთ თვეში დაიწყო მუშაობა. თავიდან იმდენ ფულს მიგზავნიდა, რომ ბანკში ბინის გირაო გადამეხადა.
იმ თანხიდან ერთი თეთრიც არ მრჩებოდა და ბავშვების სარჩენად რაღაცნაირად გავდიოდი იოლას – ცოტას ჩემი ძმა მეხმარებოდა, ცოტას – დედამთილი (მერე გავიგე, რომ თურმე, ჩემი ქმარი დედამისს უფრო მეტ თანხას უგზავნიდა, ვიდრე ჩვენ). მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ რძალმა (ძმის ცოლმა) მითხრა, ჩვენი იმედი ნუღარ გექნება.
რასაც შენი ძმა შენ გაძლევს, ის ჩემს შვილებს აკლდებათ (თვეში 100 ლარზე იყო ლაპარაკი). შენი ქმარი ამერიკაში ფულებს აკეთებს და ჩვენ რატომ უნდა გარჩინოთო. მოსთხოვე, დედამისს რომ თანხას უგზავნის, იმისი ნახევარი მაინც გამოგიგზავნოს და სხვისი ხელის შემყურე აღარ იქნებიო.
სწორედ მულისგან გავიგე, რომ ჩემი ქმრის გაგზავნილ ფულს ჩემი დედამთილი თავისი ქალიშვილისთვის აგროვებდა, რომ ბინის მშენებლობაში შეეტანა. მალე დედამთილმაც დაახლოებით იგივე მითხრა და დავრჩით მხოლოდ ჩემი ხელფასის ამარა.
მანამდე კიდევ თავს ვიკავებდი, მაგრამ, დედამთილის „გამოსვლის“ შემდეგ, გადავწყვიტე, ხმა ამომეღო. ჩემს ქმარს დავურეკე და ვუთხარი, დედაშენი შენი ფულებით თავის ქალიშვილს ბინას უშენებს, შენი შვილები კი მშივრები დადიან.
ეგებ იმათთან გასაგზავნი ფულის ნახევარი ჩვენ გამოგვიგზავნო, რომ ბავშვებს ან ვაჭამო, ან ჩავაცვა, ან მასწავლებლებთან ვატარო-მეთქი. ისეთი ამბავი დამაწია, ვერ წარმოიდგენთ. შენ არავინ გეკითხება, დედაჩემს რამდენს გავუგზავნი, იმაზეც მადლობელი იყავი, რასაც გაძლევ. წესით, მაგის ღირსიც არა ხარ, მაგრამ არ მინდა, ბავშვებს ბინა დავუკარგოო.
მეც ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, ჯერ ერთი, ეს ბინა ჩემი მზითევია და შენთვის მშობლებს არანაირი წილი არ მოუციათ (ცნობისთვის, სადაც დედამისი ცხოვრობს, იმ ბინასაც ქალიშვილს უტოვებს – ეს არის ჩემი მომხედავიო.
არადა, დღემდე ჩემი ქმარი არჩენს მთელ ოჯახს, სიძიან-დისშვილებიანად) და ეგ ვალებიც ჩემ გამო არ დაგვდებია. ამიტომ, ნურაფერს მაყვედრი, ნება იბოძე და შენი შვილები მინიმალურად მაინც უზრუნველყავი-მეთქი.
მეგონა, ცოტას გამოვაფხიზლებდი, მაგრამ, პირიქით მოხდა. იმ დღიდან ერთი კაპიკი აღარ გამოუგზავნია. არადა, ბანკში ორი თვის გადასახდელი იყო დარჩენილი. შემეშინდა, ბავშვებს სულ არ დავუკარგო ბინა-მეთქი, მე დედაჩემთან გადავედი ჩემი შვილებიანად, ჩემი ბინა კი გავაქირავე და იმით დავფარე გადასახადი, მერე კი ჩემს ხელფასს ქირასაც ვამატებდი და რაღაცნაირად გაგვქონდა თავი.
ამასობაში ორ წელიწადზე მეტი ისე გავიდა, ჩემი ქმარი, პრაქტიკულად, აღარც დამლაპარაკებია. თვითონ მხოლოდ ბავშვებს ურეკავდა. ისიც, მხოლოდ მოკითხვის დონეზე, მე კი არც მკითხულობდა. მე რომ ვურეკავდი, მეჩქარება, არ მცალიაო და ტელეფონს თიშავდა. თავიდან ძალიან განვიცდიდი, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მენატრებოდა ქმარი.
ახალგაზრდა ვიყავი და, რა თქმა უნდა, მქონდა სურვილი, გვერდით საყვარელი მამაკაცი მყოლოდა. მაგრამ, გვერდით კი არა, ჩემს ქმარს შორიდანაც აღარ ვუნდოდი. რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, როგორ ფერმკრთალდებოდა ჩემს გულში მისი სახეც და ხმაც. გულში კი არა, ლამის ვიზუალურადაც დამავიწყდა, როგორი იყო.
დავიღალე ყველანაირი გაგებით, მარტო ყოფნით, მაგრამ, არც აღზრდა, არც მორალი, არც შვილების წინაშე პასუხისმგებლობა არ მაძლევდა იმის საშუალებას, მეგობარი გამეჩინა. თუმცა, ამის შანსი ძალიან ხშირად მქონდა.
ასეთი ყოფის გამო სულ სტრესებში ვიყავი, ნერვებსაც ვეღარ ვაკონტროლებდი და ბოლოს ისე შემიპყრო აპათიამ, კარგა ხანს ლოგინად ჩავვარდი. დედაჩემს ერთი უახლოესი მეგობარი ჰყავდა, არაჩვეულებრივი ფსიქოთერაპევტი და იმან მითხრა:
თუ გინდა, ისევ გაცოცხლდე, ან შენ წადი ქმართან, ან აიძულე, რომ ის ჩამოვიდეს, ან მეგობარი გაიჩინე, თორემ, მოკვდებიო. ჩემი წასვლა თეორიულადაც კი გამორიცხული იყო. ამიტომ, ქმარს დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი (ვაიძულე, რომ მოესმინა).
პასუხად გაიცინა და მითხრა – ჯერ ერთი, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება, მეორეც, ვის „აბოლებ“, არაფერს რომ არ გეუბნები, ხომ არ გგონია, მჯერა, რომ ამდენ ხანს მარტო ხარ და საყვარელი არ გაიჩინეო.
ისე გამამწარა ამ სიტყვებმა, გადავწყვიტე, შური მეძია და ჩემს ყველაზე აქტიურ თაყვანისმცემელს თვითონ დავურეკე. კარგა ხანს ისე ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩვენ შორის კოცნაც არ ყოფილა – ვერანაირად ვერ ვდგამდი ნაბიჯს ინტიმური ურთიერთობისკენ.
ერთ დღეს კი ჩემს მულს წამოსცდა, მეოთხედ გავხდი მამიდაო. მოკლედ, გაირკვა, რომ ჩემს ქმარს იქ ცოლიც შეურთავს (მერე რა, ხელი რომ არ ჰქონდა მოწერილი) და შვილიც ჰყოლია. ჩემს მულს რომ ჩავეკითხე, მითხრა, მერე რა მოხდა, ახალგაზრდა კაცია და აბა, ამდენი წელი უქალოდ ხომ არ იქნებოდაო.
მე არ ვარ ახალგაზრდა-მეთქი? – ვკითხე. ირონიულად შემომხედა და მიპასუხა – შენმა მატარებელმა უკვე კარგა ხანია, ჩაიარაო. არადა, 36 წლის ვიყავი, მეტის კი არა. ისეთი შეურაცხყოფილი დავრჩი, თავს ძლივს მოვერიე, ტირილი რომ არ დამეწყო. ჩემი მული რომ წაბრძანდა, ბევრი ვიფიქრე, როგორ გამემწარებინა ჩემი ქმარი და შურისძიება გადავწყვიტე.
გადავწყვიტე და შევასრულე კიდეც – საყვარელი გავიჩინე, რასაც მაინც საგულდაგულოდ ვმალავდი (ისიც მხოლოდ ბავშვების გამო, თორემ, გულის სიღრმეში ძალიანაც მინდოდა, ჩემს ქმარსა და მისიანებს გაეგოთ).
უნდა გამოვტყდე, რომ მხოლოდ ამ კაცმა მაგრძნობინა, რომ ქალი ვარ. მასზე გათხოვებას არ ვაპირებ (თუმცა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სამი შვილის მიუხედავად, ხელი მთხოვა), მიუხედავად იმისა, რომ შვილებს გავაცანი. სხვათა შორის, ბავშვებმა არაჩვეულებრივად მიიღეს, რადგან ხედავენ, რომ ეს კაცი მათ დედას აღმერთებს.
წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდება ჩემი ქმარი (ან მისიანები), ამას რომ გაიგებს, მაგრამ, სულაც არ მეშინია, პირიქით, წინასწარ ვნეტარებ – მართლაც ძალიან ტკბილი ყოფილა შურისძიება. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ჩემი თაყვანისმცემელი მეც მართლა შემიყვარდა და შურისძიების იარაღი სულაც არ არის.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
მარიკა, 38 წლის.