ყოველთვის თავნება, გათამამებული და ამპარტავანი გოგო ვიყავი. ვიცოდი ჩემი თავის ფასი და ამიტომ, ბევრ ჩემს თანატოლს ზემოდან ვუყურებდი.
არც ვნანობ. უბრალოდ, იმისთვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, უკან არაფერზე ვიხევდი. ჩემი მშობლები ძალიან მათამამებდნენ და არაფერს მიშლიდნენ.
სადაქალო-საძმაკაცოც „სვეტსკი“ მყავდა და ვცდილობდი, ისე მეცხოვრა, როგორც გამიხარდებოდა. როცა შემიყვარდა, არც მაშინ ავყოლივარ გრძნობებს და გულის დაგა-დუგს, ცივი გონებით გადავწყვიტე მომავალში მისი ცოლი გავმხდარიყავი.
შეძლებული, არისტოკრატი ოჯახის შვილია და მის გამო, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. ასეც მოხდა – სულ მალე ქორწილი დავნიშნეთ და დღესაც მისი ცოლი ვარ. მშობლებისგან გათამამებულს, არც ქმრისგან და დედამთილ-მამამთილისგან მაკლდა გათამამება.
დაბადების დღეებზე ხან მანქანას, ხან ბრილიანტებს და ხან უცხოეთის საგზურებს მჩუქნიდნენ. ორი შვილი გავაჩინე და იმაზე, რომ აუცილებლად მრავალშვილიანი დედა უნდა ვყოფილიყავი, ჩემი დედისერთა ქმრის მშობლების დაჟინებით, უარი ვთქვი.
მოკლედ, უნივერსიტეტი მქონდა დამთავრებული და მინდოდა, მუშაობა დამეწყო, სახლიდან გავსულიყავი და ჩემი „შმოტკების“ დემონსტრირება მომეხდინა უცხო საზოგადოებაში. ჩემი ქმარი დატრიალდა და საკმაოდ კარგი სამსახური მიშოვა.
მართალია, მაღალი ანაზღაურება არ მქონდა, მაგრამ არც დიდად დატვირთული ვიყავი. უბრალოდ, დილით უნდა გავპრანჭულიყავი, მივსულიყავი სამსახურში და საღამოს ექვს საათამდე იქ ვყოფილიყავი.
მერე, კი ჩემი მძღოლი მიმიყვანდა სახლში. სწორედ სამსახურში მისვლის დღიდან შეიცვალა ჩემი პირადი ცხოვრება. ჩემს უფროსს დავადგი თვალი, საკმაოდ სიმპათიური, დახვეწილი და მამაკაცური ტიპია.
ისეთი, ყოველთვის რომ მხიბლავდა და მომწონდა. უბრალოდ, ფლირტი მინდოდა მასთან, მაგრამ მისი საყვარელი გავხდი. თავად შემომთავაზა რამდენიმე შეხვედრის მერე: თუ გინდა, ჩემს მოადგილედ დაგნიშნავ, არ იქნები რიგითი მუშაკი, ხელფასსაც მოგიმატებ, ოღონდ სანაცვლოდ ჩემთან უნდა იყოო.
არც მორიდებია, ისე პირდაპირ მომახალა. არც მე დავიბენი და პასუხის ნაცვლად, ეშმაკურად გავუღიმე. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონდა, არ მიყვარდა. თუმცა, მასთან ინტიმურ კავშირებზე დავთანხმდი დაწინაურების გამო.
ერთ დღესაც, სახლში რომ განვაცხადე დირექტორის მოადგილედ დავინიშნე-მეთქი, ჩემს ქმარს ეჭვიანი გამოხედვა შევამჩნიე. თუმცა, იმდენად დარწმუნებულია ჩემში, ვერაფერი მითხრა. უკვე სამი წელი გავიდა და დღემდე არ იცის, რომ ვღალატობ.
არც მინდა, გაიგოს. მინდა, ეს საიდუმლო საფლავში ჩავიყოლო. კიდევ ვამბობ, ქმარი მიყვარს და ჩემს დირექტორს ვერასოდეს შევიყვარებ, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ტიპია, თუმცა ეს ურთიერთობა ჩემი კარიერისთვის მიღირს.
ერთხელ სკოლაში რომ მივაკითხე შვილს, დაქალმა გადაულაპარაკა: რა ლამაზი და ახალგაზრდა დედიკო გყავსო. ჩემმა შვილმა კი უპასუხა:
ხო, დედიკო დირექტორის მოადგილეა! ისე გაუსვა ხაზი ჩემს თანამდებობას, მივხვდი, ამაყობდა თანატოლებში ჩემი სამსახურით.
ისედაც ნაცრისფერი სამყაროა ჩვენ გარშემო და არ მინდა, ჩემმა შვილებმა ამ ფერებში აღიქვან ის.
მინდა, ჩემსავით თამამი და ამაყები გაიზარდონ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. თუმცა, ის რომ ქმარს ვღალატობ, გამოგიტყდებით და ცოტა გულს მიღრღნის.
თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს ჩემი კარიერისთვის, თანამდებობისთვის და მაღალ წრეში თავაწეული სიარულისთვის, ნამდვილად მიღირს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნინი, 28 წლის; წყარო: თბილისელები