ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც თქმა სჯობს ართქმას; თანაც თქვენ ხომ არ დამაძალებთ ვინაობის გამხელას? – მეუბნება ჩემი რესპონდენტი, – ერთხანს საშინელი დეპრესია მქონდა. თავის მოკვლაც კი მინდოდა.
როცა ყველაფერი ავწონ-დავწონე, მივხვდი, ორი უღირსი ადამიანის გამო არ ღირდა სიცოცხლესთან გამოთხოვება, მით უფრო, რომ ორი შვილი მყავს გასაზრდელი. ნელ-ნელა დავდექი ფეხზე. ალბათ ქმრის ღალატს როგორმე გადავიტანდი, ამ საშინელებაში მეგობარი რომ არ ერიოს.
მე და ნანა ერთად ვიზრდებოდით. სკოლაშიც ერთად შევედით. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. სკოლის დამთავრების შემდეგ ნანა მალევე გათხოვდა.
ერთ ბიჭს მოსწონდა, სულ კუდში დასდევდა. ნანა არ თანაუგრძნობდა მას, მაგრამ გულის სიღრმეში სიამოვნებდა იმ ბიჭის ყურადღება. ერთ საღამოს, კარგა ხანს ვისეირნეთ.
მერე ვთხოვე, ჩემთან წამოდი-მეთქი. არ გამომყვა. იმ საღამოს ნანა და რეზო გაიპარნენ. მე ვიყავი მისი მეჯვარე. ორი წლის შემდეგ, ჩემს ქორწილამდე სამი თვით ადრე, ნანა რეზოს დაშორდა. გულდამდუღრული მიამბობდა, როგორ უჭირდა უსაქმურ ქმართან ცხოვრება, თანაც შვილი არ ჰყავდათ. გავიდა დრო.
მე და ირაკლის ქალ-ვაჟი შეგვეძინა. დღე არ გავიდოდა, ჩემთან არ მოსულიყო. ზაფხულობით ნანაც მიმყავდა დასასვენებლად. ერთხელ ირაკლიმ მითხრა, – ახალი თანამშრომელი გვყავს, მშვენიერი ბიჭია, თანაც დასაოჯახებელიო და თვალი ჩამიკრა.
მალე ირაკლის დაბადების დღეზე მისი მეგობრები მოვიდნენ, გოჩაც იყო და ძალიან მომეწონა. შევამჩნიე, ჩუმ-ჩუმად უმზერდა ჩემს მეგობარს. მერე გოჩამ ჩვენთან სტუმრობას მოუხშირა, ნანა ხომ თითქმის სულ ჩვენთან იყო. ორი თვის შემდეგ კი შეუღლდნენ.
გოგონა შეეძინათ, ლიზიკო. მალე გოჩა სხვა სამსახურში გადავიდა, მაგრამ ირაკლისა და გოჩას მეგობრობა გაგრძელდა.
გავიდა დრო და ნანამ თანდათან უმატა გოჩაზე საყვედურებს. ერთხელ ძალიან აღელვებული მოვიდა და მითხრა, – გოჩამ მიღალატაო. ყურებს არ ვუჯერებდი, რადგან გოჩა მექალთანე არ იყო.
ნანა კი გულმდუღარედ მიამბობდა, – ძველ შეყვარებულს ხვდება, ქალი არ ვიყო, თუ სამაგიერო არ გადავუხადოო. როცა წავიდა, ვერ მოვითმინე, გოჩას დავურეკე, მან კი – შენს დაქალს რაღაცები ეჩვენება. ის ქალი მართლა ვნახე, მაგრამ ჩვენ შორის არაფერიაო.
მომდევნო დღეებში ნანას დამშვიდება ვცადე, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა. ძალიან რომ გამწვავდა ურთიერთობა, მე და ირაკლიც ჩავერიეთ და როგორც იქნა, შევარიგეთ. იმ დღიდან ნანა ეჭვით დაავადდა. ქმრის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა.
შარშან ზაფხულს ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ზღვაზე წავედი. ნანაც დავპატიჟე, მაგრამ საქმეები მოიმიზეზა. როცა დავბრუნდი, მეზობლებმა მითხრეს, საეჭვოდ დადიოდნენ ირაკლი და ნანა ერთადო. ჯერ სიცილად არ მეყო, მაგრამ როცა ირაკლისაც შევატყვე გაუცხოება და ნანაც საეჭვოდ გამირბოდა, დავფიქრდი.
შაბათი დღე იყო. ირაკლიმ მითხრა, წყალტუბოში, მშობლებთან ვაპირებ წასვლასო. ბავშვებიც წაიყვანე-მეთქი, მაგრამ – ბავშვებისთვის ვერ მოვიცლი, ქვეყნის საქმეები მაქვს მოსაგვარებელიო. მეზობელს ვთხოვე, ყურადღება მიექცია ჩემი შვილებისათვის და როგორც კი ირაკლიმ კარი გაიხურა, მეც უკან გავყევი. მანქანა ვიქირავე და უკან დავედევნე.
ჩემმა ქმარმა გოჩას სახლის შორიახლოს დააყენა მანქანა, ცოტა ხანში ჩემი სანაქებო დაქალი ჩაუჯდა მანქანაში და დასავლეთისკენ წავიდნენ. ერთ კერძო სასტუმროსთან გაჩერდნენ. გავიგე, რომელ ნომერში იყვნენ და კარზე დავუკაკუნე.
ირაკლიმ გააღო კარი და რომ დამინახა, ელდა ეცა. ცივად გავწიე განზე და ოთახში შევედი. ნანაც გაშეშდა. ეგონათ, სკანდალს ავტეხდი, მაგრამ კარი გამოვიხურე და წამოვედი. სიტყვითაც ვერ გამოვხატავ, რა დამიჯდა ეს სიმშვიდე და თავშეკავება.
მანქანაში დაბრუნებული ისე ცუდად გავხდი, მძღოლმა საავადმყოფოში დააპირა ჩემი მიყვანა, უარი ვუთხარი. იმავე საღამოს ირაკლის ნივთები ჩემი დაქალის სახლში გავგზავნე, იქამდე გოჩას სამსახურში მივაკითხე და ყველაფერი ვუამბე. გოჩას თავზარი დაეცა, დამუნჯდა, ხმას ვერ იღებდა.
ირაკლიმ – ბინას შვილებს ვუტოვებო, – შემომითვალა. მისი არც დანახვა, არც ხმის გაგონება არ მინდოდა. ნანამ თავის მშობლებს ერთოთახიანი ბინა აყიდვინა და გოჩასგან წამოვიდა. ახლა ერთად ცხოვრობენ ჩემი ყოფილი ქმარი და დაქალი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ყურადღება: ფოტო პირობითია