ქუსლმორყეული ფეხსაცმლითა და გახუნებული შარვლით სიარული არ მესირცხვილებოდა
”38 წლის კაცი ვარ, მაგრამ რომ მნახოთ, იტყვით, რომ ღრმად მოხუცი ვარ. სულ მთლად გავჭაღარავდი, წელში მოვიხარე და ჯანმრთელობაც შემერყა.
ეს ყველაფერი კი, ქალის დამსახურებაა. როდესაც ცოლი გარდამეცვალა, 27 წლის ვიყავი და 3 წლის ვაჟი დამრჩა. უპატრონო ბავშვთა სახლში გავიზარდე. ამის გამო ცოლის ნათესავებთან ძალზე ცუდი ურთიერთობა მქონდა.
მათ, ფაქტობრივად, ნინოს (მეუღლის) ნათესაობაზეც ხელი აიღეს, ხოლო მშობლები ოჯახშიც კი არ უშვებდნენ: ჩემი სიმამრი საკმაოდ დიდი ფულის პატრონი იყო და იუკადრისეს ჩემნაირი კაცის დანათესავება. ნინოს უზომოდ ვუყვარდი, ამიტომ არჩევანი არასოდეს უნანია და 5 წელი ძალზე ბედნიერად ვცხოვრობდით.
ის მეორე შვილზე მშობიარობისას დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა ბავშვიც. დაკრძალვამდე 2 დღით ადრე, გვიან ღამით, მამამისი მოვიდა. არც დამლაპარაკებია, არც რაიმე უკითხავს, თანმხლებ მამაკაცებს მითითება მისცა, რომ მიცვალებული ოთახიდან გაესვენებინათ. ხმა არ ამომიღია. ნინო მამის სახლში გადაასვენეს, მე და ბავშვი კი, შინ დავრჩით.
ჩემს მწუხარებას მხოლოდ მეზობლები და ნინოსა და ჩემი მეგობრები იზიარებდნენ. იმ დროს კი, როდესაც ნინოს მამა მოვიდა, მხოლოდ მე, ლადუკა (შვილი) და ორი მეზობლის ქალი ვიყავით შინ.
რა თქმა უნდა, არ მომცეს უფლება, მიცვალებულს გავყოლოდი. დაკრძალვაზეც ვერ მივიდოდი, ამიტომ ბავშვი ხელში ავიყვანე და პროცესიას შორიახლო გავყევი.
როდესაც ყველა გაიკრიფა, სასაფლაოზე გვიან ღამემდე დავრჩით მე და ლადო, შემდეგ შინ დავბრუნდით. ბავშვი ჩემი ცხოვრების იმედად იქცა. მის გარდა, არავინ მყავდა. ნინოს მშობლებს არც მოუკითხავთ მისთვის, მაგრამ მაინც სულ მეშინოდა, რომ ლადო ჩემთვის არ წაერთმიათ. გადიოდა წლები, მე ვმუშაობდი, ლადო იზრდებოდა.
ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით. შემდეგ გავიცანი ერთი ქალი, რომელმაც თავგზა ამიბნია და უზომოდ შემიყვარდა. ამ დროს, ლადო უკვე სკოლაში დადიოდა. ნუნუ და ჩემი შვილი თავიდანვე ვერ იტანდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად საყვარლები ვიყავით. ის ჩემთან მოდიოდა ხოლმე და ხანდახან რამდენიმე დღითაც რჩებოდა.
ვატყობდი, რომ ბავშვი მის მიმართ აგრესიული იყო. ვცდილობდი, ისინი ერთურთისთვის არ შემეხვედრებინა, ამიტომ, ნუნუ შინ აღარ მომყავდა ხოლმე. ამის გამო, სულ უკმაყოფილება გვქონდა ერთმანეთში. შემდეგ დავიწყე ბავშვის დატუქსვა. ხანდახან მიცემია კიდეც, იმის გამო, რომ ნუნუს არ უჯერებდა და ცუდად ექცეოდა.
ამ ქალმა შვილის მიმართ სიყვარული რაღაცნაირად გამინელა. მზად ვიყავი, მისი ნებისმიერი სურვილი შემესრულებინა, ოღონდაც ჩემ გვერდით ყოფილიყო. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ვთხოვე, ცოლად გამომყოლოდა; მან კი პირობა წამომიყენა – თუ ლადო ჩვენთან არ იცხოვრებს, იმ შემთხვევაში დავქორწინდებითო.
გამოსავალიც თვითონ მოძებნა – შენც ხომ უპატრონო ბავშვთა სახლში ხარ გაზრდილი, რა უჭირს, ლადოსაც თუ იქ მივიყვანთ, სანახავად კი ძალზე ხშირად წახვალო?!. ასე იყო თუ ისე, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. თავდაპირველად ბავშვს კვირაში ერთხელ ვნახულობდი, შემდეგ – თვეში ერთხელ.
თუმცა, ლადოს სულაც არ ჰქონდა ჩემთან შეხვედრის სურვილი. რომ ველაპარაკებოდი, ხმას არ იღებდა, ზევით, ცაში იყურებოდა და ფეხებს აქანავებდა..
ბოლოს, საერთოდ შევწყვიტე მასთან ურთიერთობა. ნუნუმ მთლიანად გამახვია თავის ბადეში და მარიონეტივით მათამაშებდა. გახსენებაც კი არ მინდა იმ წლების.. ჩემი გონება, აზრი, გული, არსება ამ ქალით იყო დაკავებული. თვალებში შევყურებდი და მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რაც ესიამოვნებოდა.
დღე და ღამე თავაუღებლივ ვმუშაობდი, რომ მისთვის ჩექმა, ”შუბა”, ოქროს სამკაული და ძვირფასი კაბები მეყიდა. მე კი დავჩაჩანაკდი, ქუსლმორყეული ფეხსაცმლითა და გახუნებული შარვლით სიარული არ მესირცხვილებოდა. ნუნუ ხომ კარგად იყო! – ჩემთვის მთავარი ეს გახლდათ. მეგობრები შემომეცალნენ და სულ მარტო დავრჩი..
ერთხელ, ქუჩაში მოხუცი ქალი შემხვდა. მოწყალება მთხოვა. ჯიბეში რაც ხურდა მქონდა, სულ მივეცი. ამ ქალმა კი თვალი გამიშტერა და მითხრა – შენ მოჯადოებული ხარ, რობოტივით ასრულებ სხვის ბრძანებებს, თვალები ისეთი ცარიელი გაქვს, ამას ყველა მიხვდებაო… თითქოს ამ ქალის სიტყვებმა გამომაფხიზლა. გადავწყვიტე, მკითხავთან მივსულიყავი.
ბევრი სიარულის შემდეგ, ერთ მოლას მივადექი და ჯადო მომიხსნა. ამის შემდეგ, ბავშვი მოვიკითხე, შევპირდი, ერთ კვირაში შინ წაგიყვან-მეთქი. ნუნუს ეს ამბავი არ მოეწონა, ვიჩხუბეთ და ერთმანეთს ფიზიკურად შევეხეთ. დიდი, ხის კოვზი მომიქნია და კბილები ჩამიმტვრია. გავმწარდი და ისე დავალილავე, რომ საავადმყოფოში მოხვდა.
მე კი პოლიციამ დამაკავა… ვიდრე ყველაფერი გაირკვეოდა, ერთი თვე გავიდა. ლადოს მხოლოდ ამის შემდეგ მივაკითხე და აღმოჩნდა, რომ 4 დღის წინ გაქცეულიყო და ეძებდნენ.
11 წლის ბიჭი უკვე თავმოყვარე ადამიანია და როგორც ჩანს, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი..
ძალზე ბევრი ვეძებეთ. 2 თვის შემდეგ, პოლიციის დახმარებით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში მივაგენით. თურმე, ღამეს კულტურის სახლის კიბეზე ათევდა, დღისით კი, კეთილი ხალხი აპურებდა. რომ ვნახე, გულში ჩავიკარი და ხმამაღლა ვიტირე.
ახლა ჩემი შვილი უკვე 14 წლისაა. კვლავ ერთად ვცხოვრობთ. მან დაივიწყა ის გულისტკივილი, რომელიც მე მივაყენე, მაგრამ მე ვერ ვივიწყებ.
აი, რა შეუძლია ქალს. ჩემს სანუკვარ და სათაყვანებელ შვილზეც კი უარი მათქმევინა. სახალხოდ ვინანიებ ჩემს საქციელს”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ ვიდეო. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.