თქვენს საიტზე ხშირად მინახავს გამოქვეყნებული მკითხველების წერილები. მეც გამიჩნდა სურვილი ერთი ეპიზოდი მოგიყვეთ, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და მგონია, რომ სხვებსაც დააინტერესებთ.
ერთხელ სამარშრუტო ტაქსის მოლოდინში ჩემი ჰყურადღება ახალგაზრდა დედამ და მისმა პატარა გოგონამ მიიპყრეს. ანგელოზივით ლამაზები იყვნენ ორივე და ალბათ იმიტომაც მივადევნე თვალი.
პატარა ჭირვეულობდა, ეტყობოდა, რომ რაღაცის საყიდლად იწევდა. ის “რაღაც” ჩამოსახმელი ნაყინი აღმოჩნდა, რაზეც დედა ბოლო-ბოლო დათანხმდა. დაიწყო პატარამ ნაყინის “კოშკის” ლოკვა და როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ გაუმკლავდა ამ საქმეს – 2-3- წლის ბავშვი იმ აკოკოლავებულ მასას როგორ მოერეოდა?
დადნა ნაყინი, დაიბრიცა, წუწები გაუვიდა. თან ეს პროცესი დედის განუწყვეტელი შენიშვნების და პატარას წმენდა-დასუფთავების თანხლებით მიმდინარეობდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სულ მალე პაწაწინას გაანჩხლებულ კივილზე მთელი ქუჩა მოტრიალდა.
უკმაყოფილო პატარა ისტერიკაში ჩავარდა, არაფრით არ უნდოდა განადგურებული ნაყინის დათმობა, საოცარ ხმაზე კიოდა და კიდევ უფრო მეტად იგლისებოდა ნაყინის ნარჩენებით. დედა აშკარად სასოწარკვეთილი იყო, ბავშვის ცემა და მუჯლუგუნებით გაჩუმება არც უფიქრია.( არადა დედების უმეტესობა ამ დროს ასე იქცევა).
პატარაც განაგრძობდა კივილს. ამასობაში გაჩერებასთან მდგომმა დარბაისელმა ქალბატონმა თავდაჯერებული სახით გამოაცხადა: “რად უნდა ბავშვს ამხელა ნაყინი, არ იცოდა, რომ ვერ შეჭამდა? მარა გათამამებული ჰყავს, ბავშვს როგორც გაზრდი, ისეთი იქნება.
– რა ექნა, ქუჩაში რომ ატყდება ბავშვი, უყიდი
აბა რას იზამ – გაეპასუხა თანმხლები ქალბატონი
– რას ქვია, ატყდა, აბა ჩემმა გაბედოს!. ერთს რომ გადავუბრიალებ თვალებს, მეორედ თქმას ვეღარ გაბედავს. ვერც დედამისს უბედავს ზედმეტ ლაპარაკს და მითუმეტეს, მამამისს. ბაბუამისი უფრო ათამამებს, მაგრამ იქ არა ვარ, ერთს რომ ვეტყვია, ბებო, ეგ არ შეიძლება, დამთავრებულია იქ ყველაფერი.
– მარინას ბიჭზე ამბობ, ქალო? რამდენისაა, 5-ის არაა ჯერ ხო? შე კაი ქალო, ახლა თუ არ შეუსრულეთ სურვილები და ახლა თუ არ გაახარეთ, მაშ ჩვენი ხნის გაიხარებს? მერე ვეღარც თვითონ მოიცლის თავისთვის და სხვა მითუმეტეს..
ახლავე თუ ყველაფერზე აჩუმებთ საწყალ ბავშვს, მერე ამოიღებს ხმას? სულ სახლში ხომ არ გეყოლებათ, გაიზრდება, გავა ხალხში და ამ პატარა გოგოსნაირები ისე ჩაუთაქუნებენ თავში და გასწევენ გვერდზე, ხმის ამოღებასაც არ აცლიან.
მაგას მოვუკვდი, მითხარი, რა უნდა და ერთხელ მე ვუყიდი” – სხაპასხუპით მიაყარა ქალბატონმა და კიდევ აგრძელებდა, მაგრამ მე სამარშრუტო ტაქსში ავედი და აღარ მომისმენია.. გარკვეულწილად, ალბათ ორივე მართალი იყო, მაგრამ მეორე ქალის სიტყვები ძალიან ღრმად ჩამრჩა გულში.
მართლაც, ეს თუ ის სულელური ახირება, სასწრაფოდ რომ “ჩავახშობთ” ხოლმე, ვინ იცის, რამხელა სიხარულის მომტანი გახდეს ბავშვისთვის. იქნებ ის სიხარული ჩარჩეს გულში და მერე ცხოვრების პრობლემებისგან გადაღლილს ტკბილად გაახსენდეს ხოლმე..
მოთმენა, გაჩუმება, საკუთარი სურვილების უკანა პლანზე გადაწევა მერე არ ეყოფა? მეც 54 წლის ქალი ვარ და ისეთი უბრალო რაღაც გამახსენდება ტკბილად, თვითონაც მიკვირს, რამ დამამახსოვრა მეთქი..
გთხვოთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია