“მარშრუტკაზე” ვმუშაობ. მთელი დღე (ზოგჯერ ღამეც) გამოსული ვარ შინიდან და ზოგჯერ ძალიან ვიღლები, ოჯახის წევრებსაც კი მცირე ხნით თუ ვნახულობ, თორემ სულ მინდა, მოგწეროთ.
ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მშობლიურ რაიონში თავპირისმტვრევით გავიქეცი, იქ შეყვარებული მყავდა. მუშაობა დავიწყე და ერთ თვეში ქორწილიც გადავიხადე.. მერე, მოგეხსენებათ, უკან-უკან წავიდა ყველაფერი, საბჭოთა კავშირი იშლებოდა.
ხელფასს თვეობით ვეღარ ვიღებდით. სხვა რამისთვის უნდა მომეკიდა ხელი, თორემ ცოლ-შვილი შიმშილით დამეხოცებოდა.
ჯერ ხელოსნობით ვირჩენდი თავს. იმდენი დავაგროვე, გარეუბანში სამოთახიანი ბინა ვიყიდე და მშობლებიც წამოვიყვანე. მერე, ჯანმრთელობამ აღარ შემიწყო ხელი და ტაქსაობა გადავწყვიტე.
ძალიან კი მენანებოდა რაიონის სახლი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ვეღარ ვახერხებდი იქ ჩასვლას.
ბინა გროშებად გავყიდე, ცოტა დავამატე და მანქანა შევიძინე. ახლა “მარშრუტკაზე” ვმუშაობ და ოჯახს ამით ვარჩენ. ჩემი უფროსი ვაჟიც მუშაობს, გოგონები ჯერ კიდევ სწავლობენ.
ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გვაქვს და არ გვიჭირს-მეთქი, მარა მაინც ბედნიერ კაცად მიმაჩნია თავი. დედა ჯერ კიდევ ცოცხალი მყავს, მყავს კარგი ცოლი და კიდევ უკეთესი შვილები.
ჩემი ცოლი, სანამ ნაბოლარას გააჩენდა, საბავშვო ბაღში მუშაობდა, ახლა შინაა. ეხუმრები, ამხელა ოჯახის მოვლას? ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო და მივეხმარო. მანქანა კი მყავს და ბაზარში ცოლი არასოდეს გამიშვია. მებრალება მძიმე ჩანთებაკიდებული ქალი..
ამას წინათ, ქუჩაში ვხედავ, ასე, 35 წლის ქალი და კაცი რაღაცაზე დაობენ. უცებ კაცი გაბრაზდა, ორი დიდი პარკი ფეხებთან დაუგდო ქალს და გინებ-გინებით გაეცალა. ერთი პარკი გასკდა და ნავაჭრი ტროტუარზე მიმოიფანტა.
ქალი ცრემლებს ძლივს იკავებდა. შემეცოდა, მივედი, ახალი პარკი მივუტანე, ჩავუწყე შიგ ყველაფერი და შინამდე მიყვანა შევთავაზე. ხელები გაასავსავა, – მარშრუტკით წავალო.
არადა, მძიმე პარკები როგორ უნდა წაეღო! ვკითხე, – სად ცხოვრობთ, იქნებ ერთი გზა გვაქვს, მოგიყვანთ-მეთქი. სანზონაში უცხოვრია. მოვატყუე, – მეც მანდ ვცხოვრობ-მეთქი. მთელი გზა ტიროდა. თან არ უნდოდა, შემემჩნია და წარამარა ცრემლებს იწმენდდა.
კი მაინტერესებდა, რა მოხდა, მაგრამ ისეთ დღეში იყო, ვერ დაველაპარაკე. ერთი კი გავარკვიე, ის კაცი ქმარი ყოფილა. განა რა დაუშავა იმ სიფრიფანა ქალმა ისეთი, რომ ამდენი ნავაჭრი მიუყარა და შუა ქუჩაში დატოვა?!
დრომ მართლაც შეცვალა ქალისა და კაცის ურთიერთობა. უსამსახუროდ და უფულოდ დარჩენილი კაცი რატომღაც გაბოროტდა და თითქოს ქალი იყოს დამნაშავე, ჯავრს ცოლზე იყრის.
ეს არაა კაცური საქციელი. კაცმა ქალის პატივისცემა უნდა იცოდეს. იქნებ არაა საინტერესო ჩემი მონაყოლი, მაგრამ თუ გამომიქვეყნებთ, გავთამამდები და კიდევ მოგწერთ. ახლა უბრალოდ, თავი გაგაცანით. პატივისცემით, მარშრუტი#61.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია