ფერისცვალება ცოდვათა შეცნობით იწყება. თუკი მივხვდებით, რომ ვაშავებთ ღვთისა და ადამიანის წინაშე, უკეთესები გავხდებით უთუოდ. უფალმა ჩვენთვის იცვალა ფერი, ჩვენ დაგვანახვა, რომ ცოდვათა დატევებით გავბრწყინდებით.
თუმცა თავად უცოდველი იყო, კიდევ ერთხელ შეიბრალა ცოდვებში ჩაფლული დედამიწა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, როგორ შეიძლება აჯობო საკუთარ თავს.
ცოდვაში ჩაფლული ადამიანი ვერ გრძნობს თავისი ყოფის უგუნურებას, მაგრამ თუკი უფლის ხმას მიჰყვები და განიწმინდები, მერე საკუთარ თავსაც გადმოხედავ, იმ ლაფის სიმრავლე შეგაძრწუნებს, რომელშიც ყელამდე იყავი ჩაფლული.
დოდო (57 წლის):ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გამოსწორდეს. უფალმა მოგვცა ამის ძალა და არაფერია შეუძლებელი მზისქვეშეთში. ჩემი შვილი ნარკომანი გახდა.
ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, ჩვენ, მშობლებმა, დავუშვით შეცდომა, ვანებივრებდით, არაფერს ვუშლიდით და მის სიტყვას მყისვე ვასრულებდით. შესანიშნავი ბიჭი იყო, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ აურია და შედეგიც სავალალო მივიღეთ.
ამის გაგება ღვთის რისხვა იყო ჩვენთვის. ლამის დავიხოცეთ დარდისაგან, მიცვალებულივით გამოვიგლოვეთ. მეტიც, ღმერთს ვცოდავდი და ვამბობდი, ნეტავ მისი დაბადების სიხარული არ განმეცადა (სამი გოგონას შემდეგ გვეყოლა) ან მომკვდომოდა-მეთქი.
მერე რაღაცნაირად ძალა მომეცა. ეკლესიური მანამდეც ვიყავი, მაგრამ ახლა გაათკეცებით ვლოცულობდი და მოწყალებას გავცემდი. ღმერთმა ისმინა ჩემი და ჩემმა შვილმა გული მოიბრუნა ეკლესიისკენ, მერე მონასტერშიც წავიდა და ნელ-ნელა, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოერია თავს.
უმაღლეს სასწავლებელში ხელახლა ჩააბარა, ცოლიც შეირთო და შვილებიც ჰყავს. მისი დღე ლოცვით იწყება და ლოცვით მთავრდება, იცის, რომ მის განკურნებაში უფლის ხელი ურევია.
სტატიის ავტორი: ხათუნა ჩიმაკაძე , კარიბჭე