ბრაზილიური თუ ვენესუელური სერიალების ერთ-ერთ მთავარ თემას – სიძეებისა და ცოლისდების სასიყვარულო ურთიერთობას, ან, საბოლოო ჯამში, დაქორწინებას – ჩვენი საზოგადოება ერთხმად აღშფოთებით გმობს და დარწმუნებულია, რომ საქართველოში ასეთი რამ არც მომხდარა და არც მოხდება.
თუმცა, სამწუხაროდ, უნდა გავაწბილო ეს ადამიანები და ვუთხრა, რომ ასეთი რამ, მართალია, იშვიათად, მაგრამ საქართველოშიც ხდება, ოღონდ, მცირეოდენი განსხვავებით.
ამას ასე დარწმუნებით იმიტომ ვამბობ, რომ მე თვითონ მოვიქეცი სერიალის გმირივით, რასაც ახლა ძალიან ვნანობ, მაგრამ, თავიც რომ მოვიკლა, დროს უკან ვერ დავაბრუნებ.
ძალიან ვნანობ, რომ ასე წავიდა ჩემი ცხოვრება და, რადგან ვერაფრით ვერ გავექეცი საკუთარ თავს, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა (სახელებს, რა თქმა უნდა, ვცვლი).
სკოლა რომ დავამთავრე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და კერძო მასწავლებლები არ მყოლია, თავი მოვიკალი მეცადინეობით და პირველივე წელს მოვეწყვე უნივერსიტეტში.
რადგან სიღარიბეში გავიზარდე და ყოველთვის ყველაფერი მაკლდა, გადაწყვეტილი მქონდა, კარიერა გამეკეთებინა და შეძლებული ოჯახიდან გამოსული გოგო შემერთო ცოლად, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი ჰქონოდათ.
პირველ კურსს რომ ვამთავრებდით, ჩემმა ჯგუფელმა ეკამ დიდი დაბადების დღე გადაიხადა აგარაკზე და თითქმის მთელი კურსი დაგვპატიჟა. შეძლებულ ოჯახებში ნამყოფი არ ვიყავი და თვალი მომჭრა სამსართულიანი სახლის ბრწყინვალებამ.
იმ დღეს სხვა თვალით შევხედე ეკას (მანამდე ის მხოლოდ რიგითი თანაკურსელი იყო და ყურადღება არასდროს მიმიქცევია, რადგან, ერთი ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას, საშუალოზე ნაკლები გარეგნობის გოგო იყო), მეორე დღიდან კი აჩრდილივით ავეტორღიალე, გასაქანი არ მივეცი და თავი შევაყვარე.
როცა გავიგე, რომ ჰყავდა მხოლოდ რვა წლით უმცროსი და (ანუ, ძმა არ ჰყავდა და, შესაბამისად, ოჯახის მთელი ქონება ორ დას შორის თანაბრად გაიყოფოდა), ეკასადმი ინტერესი უფრო გამიძლიერდა.
ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი რაღაცაზე წავიჩხუბეთ და დავშორდით, უფრო სწორედ, მე ისევ ვცდილობდი მასთან დაახლოებას, მაგრამ ის ახლოსაც არ მიკარებდა. ორი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ეკას ნდობა და სიყვარული ხელახლა მომეპოვებინა.
როგორც იქნა, აღვადგინე მასთან ურთიერთობა და საკმაოდ შორს მიმავალ გეგმებსაც ვსახავდი. ეკას მშობლებმა იცოდნენ ჩემი არსებობის შესახებ, მაგრამ პირადად გასაცნობად არ მივსულვარ მათთან.
ამასობაში მე და ეკამ ინსტიტუტი დავამთავრეთ და ერთად დავიწყეთ მუშაობა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ეკა თავისმა ახლობელმა მოაწყო ერთ სოლიდურ ფირმაში და მერე მეც თავი მოვიკალი, სანამ იმავე ფირმაში არ ვიშოვე სამსახური.
სულ ვეუბნებოდი ეკას, როდის უნდა გამაცნო მშობლები, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დავქორწინდეთ, ასე როდემდე ვიაროთ-მეთქი. მითხრა, ერთ თვეში ჩემი დაბადების დღეა, არავის არ დავპატიჟებ, მარტო შენ მოდი და ჩემებს გაგაცნობო.
მართლაც, დათქმულ დღეს კარგად გამოვეწყვე, ვიყიდე ვარდების თაიგული და ფრანგული სუნამო და ეკასთან წავედი. საკმაოდ ვნერვიულობდი და ზარი აკანკალებული ხელით დავრეკე, თან წინასწარ ვიმეორებდი ტექსტს, რომელიც შესვლისთანავე უნდა მეთქვა, მაგრამ, კარი რომ გაიღო, ეკას ნაცვლად 15-16 წლის ანგელოზი დავინახე, რომელმაც გამიცინა და ეშმაკურად მითხრა, მობრძანდი, ბატონო სიძეო.
ეს იყო ეკას და, რომლის სილამაზემ ენა წამართვა და გონება დამიხშო. იქ ერთ საათზე მეტხანს არ გავჩერებულვარ და მთელი ამ ერთი საათის განმავლობაში ხმა ვერ ამოვიღე. ვიჯექი სოფლის პატარძალივით თავჩაღუნული და დაბნეული, მხოლოდ „ჰოს“ და „არას“ ვამბობდი.
ბოლოს ბოდიში მოვუხადე ყველას, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი და წამოვედი. მართლა ცუდად ვიყავი, რადგან ერთი ნახვით უგონოდ შემიყვარდა ეკას და, თუმცა, ვიცოდი, რომ ბევრი მიზეზის გამო მასზე ოცნებაც კი არ შემეძლო. მაგრამ, ვეღარც ეკას შევირთავდი ცოლად, რადგან, მაშინ, თინანო სულ ჩემ თვალწინ უნდა ყოფილიყო და ამას ვერ გავუძლებდი.
ჩემი საქციელის გამო ეკა ისევ გამებუტა (რაც, სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა) და კარგა ხანი გავიდა ისე, რომ ერთმანეთს არც კი შევხმიანებივართ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვებრძოდი თავს, მაგრამ მაინც სულ თინანოზე ვფიქრობდი, მინდოდა, თავიდან და გულიდან ამომეგდო მისი სახე, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი გეგმები მეფუშებოდა.
ერთ დღეს კი შემიჩნდა ეშმაკი და თინანოს სკოლასთან დავხვდი. საკმაოდ ცივად შემხვდა და დამადანაშაულა, ჩემს დას ცუდად მოექეცი და შენი დანახვაც არ მინდაო. მე კი, თავის მართლების ნაცვლად ვუთხარი, ამის მიზეზი შენ ხარ, რადგან, დანახვისთანავე შემიყვარდი-მეთქი.
თინანო წამით გაოგნდა, მერე კი ისეთი გამილაწუნა სახეში, თვალებიდან ნაპერწკლები გადმოვყარე. წესით, უნდა მოვბრუნებულიყავი და ჩემს გზაზე წავსულიყავი, მაგრამ, ამის ნაცვლად თინანოს გავეკიდე და ვეხვეწებოდი, მოესმინა ჩემთვის.
მან კი სასტიკად ამიკრძალა მის სიახლოვეს გამოჩენაც კი და დამემუქრა, თუ თავს არ დამანებებ, შენს თავს ვაცემინებო. მცემეს კიდეც, თანაც, არაერთხელ, მაგრამ, მაინც არ მოვეშვი და დაახლოებით წელიწად-ნახევარში, თინანოს სკოლის დამთავრების აღსანიშნავი ბანკეტის შემდეგ, გავიპარეთ.
როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, თინანოს ოჯახი გაგვინაწყენდა, მაგრამ, შვილი რომ გაგვიჩნდა, შეგვირიგდნენ. ჩემს მშობლებს პატარა და მოუწყობელი ბინა ჰქონდათ, სადაც ბავშვის გაზრდა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
დაქირავებულ ბინაში კი ცალკე ვერ ვიცხოვრებდით, რადგან ჩემი ცოლი ბავშვს მარტო ვერ მოუვლიდა, სიმამრმა თვითონ შემოგვთავაზა, უზარმაზარი ბინა მაქვს და ჩვენთან იცხოვრეთო. მე სინდისის ძაფი უკვე გაწყვეტილი მქონდა და დავთანხმდი. მართალია, თავიდან გამიჭირდა ყოველდღე ეკასთვის მეყურებინა, მაგრამ, მერე ამასაც შევეჩვიე.
ასე გავიდა ხუთი წელი. როცა კარგად მოვშინაურდი და სიდედრ-სიმამრის ნდობა მოვიპოვე, სიტყვა ჩავაგდე, მე და თინანოს ცალკე გვინდა ცხოვრება და ბინა გვჭირდება-მეთქი. სიმამრი დამთანხმდა და მითხრა, ამას ისედაც ვაპირებდი, მაგრამ, ახლა ფული არ მაქვს.
თუ შეგიძლია, რომ ვინმესგან ისესხო ან ბანკიდან გამოიტანო კრედიტი, ვიყიდოთ ბინა და ფულს რამდენიმე თვეში დაგიბრუნებთო. გახარებულმა, ნაწილი მევახშისგან ვისესხე, ნაწილი ბანკიდან გამოვიტანე და ბინა ვიყიდეთ, მაგრამ, სიმამრმა კაპიკიც არ დამიბრუნა, რადგან, აღმოჩნდა, რომ თვითონაც ყელამდე ვალებში ყოფილა და მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ბანკში ჰქონია ჩადებული.
ბოლოს ისე მოხდა, რომ ბანკმა ყველაფერი წაართვა და თინანოს მშობლები ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად, რადგან წასასვლელი აღარსად ჰქონდათ. ეკა კი გათხოვდა და ქმართან ერთად გერმანიაში წავიდა სამუშაოდ.
ასე ჩაიფუშა ჩემი გეგმები და, გამდიდრების ნაცვლად, ჩემი სიმამრის წყალობით, იმხელა ვალებში ვარ ჩავარდნილი, ჯეკპოტის მოგების მეტი არაფერი მიშველის. გამოგიტყდებით, რომ აღარც ცოლი მიყვარს, რადგან, ერთი ქარაფშუტა, გატუტუცებული, პრეტენზიული და უხასიათო გოგო აღმოჩნდა.
ასე დამსაჯა ღმერთმა და ახიც არის ჩემზე. ახლა უფრო მძაფრად ვხვდები, რომ არაკაცურად მოვიქეცი და იმიტომ აღმოვჩნდი ამ დღეში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ლექსო, 30 წლის.