“მე და რეზო (გვარ-სახელები შეცვლილია) უმაღლეს სასწავლებელში ერთად ვმუშაობდით. შვილები უკვე სტუდენტები გვყავდა. ოჯახში თითქოს სიამტკბილობა სუფევდა.
იმ კვირადღეს დილაადრიან ბაზარში წავედი. პროდუქტებიანი ჩანთა მძიმე აღმოჩნდა, ტაქსის ფული ვერ გადავინარჩუნე, სახლამდე კი გვარიანი გზა მქონდა გასავლელი, ქმარს დავურეკე, მინდოდა მეთქვა, გაჩერებაზე დამხვდი-მეთქი.
რეზომ მობილური ტელეფონის ზარს რომ არ უპასუხა, სახლის ნომერი ავკრიფე და ქმრის გაღიზიანებული ხმა შემომესმა, ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა. მივხვდი, რომ შემთხვევით საუბარში ჩავერთე. ქმარი საყვარელს ესაუბრებოდა, რომელიც შეხვედრას სთხოვდა.
ნერვიულობისგან თავბრუ დამესხა, მაგრამ ტელეფონი არ გავთიშე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალის ხმა მეცნო –- დოდო ჩვენს ინსტიტუტში ოფისმენეჯერად მუშაობდა.
სახლამდე ფეხარეულმა მივაღწიე. მძიმე ჩანთები შესასვლელშივე დავყარე და ქმარს მივვარდი…
ერთი სიტყვით, 20 წლის ოჯახი ერთ დღეში დაინგრა.
თუმცა, რეზოს თავისი ცხოვრება დოდოსთვის არ დაუკავშირებია. ცოტა ხანში ყოფილი თანაკურსელი შეირთო და როგორც მითხრეს, თავსაც ბედნიერად გრძნობდა.
სამაგიეროდ, მე ცხოვრება ამეწეწა. მოკლე ხანში შვილები თავ-თავის გზას დაადგნენ და მარტო დავრჩი. მალე სამსახურიდანაც დამითხოვეს კადრების შემცირების მოტივით და იძულებული გავხდი, თავის რჩენის გზები მეძია.
სწორედ იმხანად, მეზობელმა შემატყობინა, ერთ ოჯახს ბავშვისთვის სადღეღამისო ძიძა სჭირდება, თანაც როგორც ვიცი კარგადაც გადაიხდიანო. ვიფიქრე, მარტოობას მაინც გავექცევი-თქო და მეზობელს იმ ოჯახის მისამართი გამოვართვი.
კარი ჩემივე ხნის ლამაზმა და მოვლილმა ქალმა გამიღო, სახლში გულითადად შემიპატიჟა, ჩაითაც გამიმასპინძლდა და ჩემთვის გამოყოფილი ოთახიც მაჩვენა, სადაც ღამღამობით წლინახევრის საბასთან ერთად უნდა დამეძინა.
თეამ, ასე ერქვა მასპინძელს, ამიხსნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილის მოვლა უჭირდა. თანაც, ბავშვიც უკვე ასაკში მყოფმა გააჩინა.
იმ საღამოს ბავშვი ძლივს დავაძინე და დაღლილს თავადაც მალე ჩამეძინა. ამიტომ სახლში ოჯახის უფროსის დაბრუნება არ გამიგია.
სამაგიეროდ, დილით, როცა საბასთვის ფაფის მოსამზადებლად სამზარეულოში შევედი, კინაღამ გრძნობა დავკარგე, რადგან იქ ყავის ფინჯნით ხელში ჩემი ყოფილი ქმარი დამხვდა.
კაცმა არაფერი შეიმჩნია, ვითომც არც მიცნობდა, ისე მომესალმა, ფინჯანი მაგიდაზე დადგა და გავიდა.
თავიდან ვიფიქრე, ყოფილი ქმრის ახალ ოჯახში ძიძად მუშაობას ისევ სახლში მარტოობას და გაჭირვებულ ყოფას ვამჯობინებ-თქო, თუმცა, შემდეგ გადავწყვიტე, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ მუშაობას ისე გავაგრძელებდი, თითქოს რეზოს არც ვიცნობდი, მით უფრო, თუ ვერც თეა შეიტყობდა, რომ ძიძად ქმრის ყოფილი ცოლი დაიქირავა…
გავიდა დრო. საბა შემეჩვია, თეაც ძალიან კმაყოფილი იყო, რეზო კი უწინდებურად არაფერს იმჩნევდა. ეს ისტორიაც ალბათ ასე დასრულდებოდა, რომ არა ერთი გარემოება:
ერთ დღეს რეზომ დამიმარტოხელა და გამომიცხადა, რომ ისევ ვუყვარვარ და ჩემ გარეშე ახლა უფრო მეტად ვერ წარმოუდგენია ცხოვრება, თუმცა, ახალ ოჯახსაც ვერ დაანგრევს.
– ერთი სიტყვით, ყოფილმა ქმარმა, ჩემი შვილების მამამ, საყვარლობა შემომთავაზა. ხელისგულზე გატარებ, ფინანსურადაც დაგეხმარები, ოღონდ დამიბრუნდი, თეა ვერაფერს გაიგებსო, – თხრობა დაამთავრა ჩემმა რესპონდენტმა და კარგა ხანს გულიანად გაიცინა.
– ახლა რას აპირებთ-მეთქი, – ვკითხე თამარს.
– სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, ზოგჯერ ვფიქრობ, ყველაფერს თეას მოვუყვე. მერე რომ დავფიქრდები, ქალი მეცოდება, განა მან რამე დამიშავა?
მერე მაინც გაბრაზება მძლევს და შურისძიების სურვილი მიპყრობს, ჩემი ქმარყოფილი ღირსია, რომ ცხოვრება გავუმწარო.
აქ რომ მოვდიოდი, სწორედ ამ აზრზე ვიყავი, მაგრამ თქვენ რომ მოგიყევით ჩემი ამბავი, გულზე მომეშვა. ახლა ვიცი, როგორც მოვიქცევი-იმ სახლიდან წამოვალ.
რეზო ისეთი არაკაცი აღმოჩნდა, რომ ჩემი “დახმარების” გარეშეც მოიტეხს კისერს. თანაც ყოფილ ქმართან, რომელსაც ახლა სხვა ცოლი ჰყავს, რომანის გაბმა უზნეობად მიმაჩნია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია