შარშანდლამდე უბედნიერესი კაცი ვიყავი. მყავდა უსაყვარლესი მეუღლე და შესანიშნავი შვილი. ერთადერთი, რაც ჩვენი ოჯახის ბედნიერებას ჩრდილავდა, ის იყო, რომ შვილიშვილი არ გვყავდა. ვერ გადავაწყვეტინეთ ჩვენს ვაჟს ცოლის შერთვა.
ყოველთვის, როცა კი ამ თემაზე დავუწყებდით ლაპარაკს, სიტყვას ბანზე გვიგდებდა. თან სულ იმას გვიმეორებდა, სანაშენე ბუღა ხომ არ ვარ, ცოლი მარტო იმიტომ შევირთო, რომ შთამომავლობა გავაგრძელო, თუ არ შემიყვარდა, ისე ქალთან როგორ უნდა ვიცხოვროო.
გულში ვერც ვამტყუნებდი, მაგრამ ეს ოხერი სიყვარული რომ ძალიან იგვიანებდა, იმაზე ვნერვიულობდი. საშველი რომ აღარ დაადგა ამ საქმეს, ჩემს ცოლსა და ცოლისდას ვთხოვე, ქალები თქვენ ხართ, დატრიალდით, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ, იქნებ ვინმე კარგი გოგო მოძებნოთ და გავაცნოთ ამ ბიჭს, ეგებ მოეწონოს, შეუყვარდეს და გვეშველოს რამე-მეთქი.
ქალებს ჩემი აზრი მოეწონათ და დატრიალდნენ. ხან ვინ გააცნეს სანდროს, ხან – ვინ, მაგრამ ყველა დაიწუნა. ბოლოს მოტყუებით ერთი ახლობლის ოჯახში გაიყოლეს, ვითომ რაღაც საქმეზე. ამ ოჯახსაც გასათხოვარი გოგო ჰყავდა.
კარგი გოგო იყო ძალიან, ლამაზი, მშვიდი, წყნარი, საქმიანი, მაგრამ რატომღაც არ თხოვდებოდა. ძმა ჰყავდა ორი-სამი წლით უფროსი, ისიც უცოლო და განიცდიდა ოჯახი – ბიჭს ცოლი ვერ მოუყვანია, სანამ ამ გოგოს არ გავათხოვებთ.
არ გვინდა, რძალს გაუთხოვარი მული სახლში დავახვედროთო. ჩვენი არ იყოს, ისინიც ათას გზასა და ხერხს მიმართავდნენ, რომ თავიანთი ქალიშვილი საიმედო პატრონისთვის ჩაებარებინათ.
ჩემი ცოლისა და სანდროს „საქმიანი“ ვიზიტის ნამდვილი მიზეზი და მიზანი ყველამ იცოდა თავად სანდროსა და იმ გოგონას გარდა. ამიტომ, ვითომ საქმეზე მოლაპარაკების შემდეგ ჩემი ცოლ-შვილი უპატივცემულოდ აღარ გამოუშვეს და სუფრა გაშალეს – ერთად ვივახშმოთო.
როგორც ჩვენში ხდება ხოლმე, ვახშამი ხალისიან წვეულებაში გადაიზარდა. სანდრო მთელ ოჯახს მოეწონა და ამას არც მალავდნენ, განსაკუთრებით კი გოგონას ძმა არ მალავდა თავის კეთილგანწყობას. ჩემს ცოლსაც ძალიან მოეწონა მომავალი სარძლო, თან, ძალიან გახარებული იყო, რომ ოჯახის ყველა წევრი აღფრთოვანებული იყო მისი შვილით.
სანდროც კმაყოფილი დაბრუნდა იმ ოჯახიდან, მაგრამ გოგონაზე არაფერი უთქვამს, მის ძმას კი ისე დაუმეგობრდა, სახლშიც კი მოჰყავდა ხოლმე. ჩვენ გვიხაროდა, ვფიქრობდით, ალბათ, ძმის ნდობის მოპოვება უნდა და მერე მიხედავს გოგოსაცო, მაგრამ რძალი და შვილიშვილი კი არა, ისეთი ღვთის რისხვა დატრიალდა ჩემს თავს, ორჯერ ვცადე თავის მოკვლა და, სამწუხაროდ, ორჯერვე გადამარჩინეს.
ახლა სასოწარკვეთილებისგან აღარ ვიცი, რა ვქნა და ამიტომ უფრო გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. ჩემი ცოლი ლოგინად არის ჩავარდნილი, გაჟონვა დაემართა და არ ვიცი, კიდევ რამდენი დღის სიცოცხლე უწერია.
ცხადია, დაგაინტერესათ, რა უბედურება დამემართა. ძალიან მიჭირს ამის ასე საქვეყნოდ გახმაურება, მაგრამ, რადგან გადავწყვიტე მოწერა, ბარემ ბოლომდე ვიტყვი: ერთ დღეს სანდრომ ის ბიჭი მოიყვანა სახლში. ჩემმა ცოლმა ასადილა, მერე კი ბიჭები სანდროს ოთახში შევიდნენ.
ჩემმა შვილმა დედამისს უთხრა, სერიოზული საქმე გვაქვს და არავინ შემოხვიდეთო. ნახევარი საათის შემდეგ ჩემმა ცოლმა ყავა და ნამცხვარი დააწყო სინზე და დაუკაკუნებლად შეუღო კარი და უცებ ისეთი იკივლა, ლამის ჭაღი ჩამოვარდა, სინიც გაუვარდა ხელიდან და ყველაფერი დაიმსხვრა.
ამ ყველაფერს სანდროს ღრიალი მოჰყვა, – ხომ გითხარი, არ შემოხვიდეთო. საქმე ისაა, რომ ელისო შვილის ოთახში იმ დროს შევიდა, როცა გურიკო და ის ბიჭი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ. რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ხომ წარმოგიდგენიათ.
ამ ჩემს ავადმყოფ შვილს კი კარი იმიტომ არ ჩაუკეტავს შიგნიდან, რომ ეჭვი არ აგვეღო. თურმე, კარგა ხანია, გვიმალავდა, მაგრამ იმ დღეს იძულებული გახდა, ეღიარებინა. პირდაპირ გვითხრა, „ცისფერი“ ვარ, ასეთი გამაჩინა ღმერთმა, ეს ჩემი არჩევანი არ არისო.
მერე ისიც დაამატა, ვიცოდი, რომ ამას ვერასდროს შეეგუებოდით, ამიტომ ყველაფრის თადარიგი წინასწარ დავიჭირე. ერთ კვირაში მე და ჯაბა ევროპის ერთ ქვეყანაში მივფრინავთ, რომელში – არ გეტყვით, რადგან ამას აზრი არ აქვს. თქვენ ჩემნაირი შვილი არ გინდათ, მე კი – აქ დაბრუნება. ასე რომ, ყველაფერი მოგვარდებაო.
უკვე წელიწადი ხდება, რაც წავიდა. სად არის, არ ვიცით, არ გვეხმიანება. მართალია, ვერასდროს შევეგუები მის „ცისფერობას“, მაგრამ მაინც შვილია და ძალიან მეშინია, რამე არ დაემართოს. თანაც, რაღა დაგიმალოთ და, მენატრება კიდეც. ეს სიკვდილიც რომ აღარ მოდის!.. ახლა მე ყველაზე უბედური მამა ვარ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
გივი, 58 წლის; თბილისელები