შენ ყველა ქალი შემაძულე, არ მეგონა ასეთ რამეს თუ გამიკეთებდი, – მითხრა ჩემმა საყვარელმა ადამიანმა და ატირდა. მას გული ვატკინე.
თუ რა მოხდა ჩვენ შორის, მოგიყვებით. დავიწყებ იქიდან, რომ არ მესმის, კაცები რატომ არიან გაუმაძღრები, რატომ არასოდეს არაფერი ჰყოფნით, რატომ არასოდეს ხედავენ იმ სიკეთეს, რასაც უკეთებ. რასაკვირველია, ყველა კაცს არ ვგულისხმობ, მაგრამ მე მამაც ასეთი მყავდა და, სამწუხაროდ, ქმარიც ასეთი შემხვდა.
ჩემთვის ძვირფასი მამაკაცები ერთ რამეშიც აუვსებელი ქვევრებით აღმოჩნდნენ. მამაჩემს ყოველთვის არასაკმარისად ეჩვენებოდა ის ტკივილი, რასაც დედაჩემს აყენებდა და ჩემი ქმარიც ზუსტად ასე იქცეოდა. არ ვიცი, შეიძლება ბედიც არის, რომ სწორედ ასეთი კაცების გარემოცვაში მოვხვდი.
მშობელს ბავშვი არ ირჩევს, უფლის ნებაა, ვის ოჯახში დაიბადები. მერე კი გაქვს თავისუფალი ნება, რომ ვინც გინდა, აირჩიო, მაგრამ მე ამაშიც არ გამიმართლა. მომავალი ქმარი მამაჩემმა ამირჩია, ძმაკაცის შვილი გამირიგა.
უცნაური ის იყო, რომ ამ კაცს ძალიან ბევრი წლის შემდეგ შეხვდა. უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა სახლში მოიყვანა და გაგვაცნო, ჩემი ძმაკაცია, უზბეკეთში ერთად ვმსახურობდით ჯარშიო. მაშინ გაიგეს ერთმანეთის ამბები და ურთიერთობა განაახლეს.
იმ კაცს ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ვაჟი ჰყავდა და მამებმა ჩვენი შეუღლება გადაწყვიტეს. დედაჩემმა წინააღმდეგობა გაუწია, ეგ კაცი ახლახან გაიცანი და შვილს ვის ატანო. მამაჩემს როგორც სჩვეოდა, მაშინაც მუშტი მოუღერა, შენი საქმე არ არის, ჩემს შვილს ცოლად ვის გავატანო.
ერთ დღეს კი გამოაცხადა, დასანიშნად მოდიანო და ამ სიტყვებს პურმარილიც მოაყოლა, ანუ ფაქტის წინაშე დამაყენა.
იმ ბიჭს ვიცნობდი, ჩვენს ოჯახში რამდენჯერმე მოვიდა, მაგრამ ისე ახლოს არ ვიყავი, რომ მასთან შეუღლება გადამეწყვიტა. მოკლედ, წინააღმდეგობა ვერავის გავუწიე, დედაჩემიც შემეცოდა და გავთხოვდი.
დედას გული უგრძნობდა, რომ იმ ოჯახში ბედნიერი არ ვიქნებოდი და ასეც აღმოჩნდა. ჩემს ქმარს ორი შვილი გავუჩინე, 10 წელზე მეტი მის უამრავ ცუდ თვისებას გავუძელი, მაგრამ პატივისცემა ვერ დავიმსახურე.
ქალიდან ქალთან გადადიოდა, ჩემს ტანჯვას დასასრული არ უჩანდა. როცა მისი ღალატის გამო ჩხუბი მოგვდიოდა, დაცინვით მეტყოდა ხოლმე, რა, სიყვარულით კი არ მომიყვანიხარ, ერთი ქალის ხელში რომ ჩავკვდეო. ერთ დღესაც მოთმინების ფიალა ამევსო და ოჯახი დავანგრიე.
არ გეგონოთ, ამის გამო ქმარმა ძალიან ინერვიულა. მაშინ ერთი ქალით იყო გატაცებული და არც ჩემთვის ეცალა და არც ჩვენი შვილებისთვის.
არავის ვუსურვებ ოჯახის დანგრევას და ამ სიმწრის გამოცდას. ძალიან მძიმედ გადავიტანე ყველაფერი, მაგრამ მაინც გავუძელი. მერე ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი ადამიანი გამოჩნდა, კარგ ადგილას დავიწყე მუშაობა, სხვათა შორის, მამაჩემმაც ხელი შემიწყო და საწუწუნო აღარაფერი მქონდა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ კუთხითაც ყველაფერი მშვენივრად აეწყო. თაყვანისმცემელი გამომიჩნდა, რომელმაც ისე იაქტიურა, რომ მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა.
მეხვეწებოდა, რომ ცოლად გავყოლოდი და ჩემს შვილებს მამობას გაუწევდა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, დავთანხმებოდი, რომ ჩემი ყოფილი ქმარი გამოჩნდა.
რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ვიღაცებმა ენა მიუტანეს, რომ გათხოვებას ვაპირებდი. ეს ვერ აიტანა, მოვიდა და შერიგება მთხოვა. ისე ტიროდა, ისე იქცეოდა, რომ დავიჯერე. მეუბნებოდა, მაპატიე და უფლება მომეცი, შვილები ერთად გავზარდოთო. შვილების გამო დავთანხმდი და შევურიგდი.
ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ეს ძალიან მძიმედ გადაიტანა. სწორებ მაშინ მითხრა, არ მეგონა, ასეთ რამეს თუ გამიკეთებდი. შენ ყველა ქალი შემაძულეო. ეს ისეთი ხმით მითხრა, ახლაც მეტირება.
ადამიანები რომ არ იცვლებიან, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. შერიგებიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ ისევ სხვა ქალთან გაძვრა, ისევ მიღალატა და ისევ გავცილდი.
ამჯერად უკვე ის კი აღარ გადავიტანე მძიმედ, რომ ოჯახი დამენგრა, იმაზე ვინერვიულე, რომ ყოფილ ქმარს დავუჯერე და საყვარელი ადამიანი დავკარგე. ასე არც მას უნდა მოვქცეოდი და არც საკუუთარ თავს, მაგრამ ახლა რაიმეს შეცვლა გვიანია. ის ადამიანი ამ ღალატს არასოდეს მაპატიებს და ამაც ვერც ვთხოვ.
ყოფილ ქმართან ურთიერთობას კი საბოლოოდ წერტილი დავუსვი. დედამიწაზე არ არსებობს ისეთი რამ, რის გამოც მასთან დავბრუნდები.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.
ყურადღება: ფოტო პირობითია