ჩვენი მკითხველებიდან ძალიან ბევრი ემიგრაციაში იმყოფება და საკმაოდ ხშირად ვიღებთ მათგან წერილებს. ეს წერილიც ერთ-ერთმა ემიგრანტმა გამოგვიგზავნა, რომელსაც შვილებმა ბედნიერება არ აპატიეს და ზურგი აქციეს.
“დავიბადე და გავიზარდე იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. წყნარი, დამყოლი და მორჩილი ვიყავი ყოველთვის. სულ მახსოვს დედაჩემის სიტყვები:
”ვინც მოითმენს, ის მოიგებს” – მოგებისა რა გითხრათ, მაგრამ ვითმენდი, ვითმენდი ყველაფერს. დავდიოდი მშობლებისა და ძმების ხუშტურებზე.
მეგობრებთან ერთად არსად წასვლა არ შეიძლებოდა, სადმე დარჩენაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. ყოველთვის სხვისი გამონაცვალი მეცვა და სკოლის ფორმა მარტო იმიტომ მიხაროდა, რომ ვიცოდი, ყველას ერთნაირი გვეცმებოდა.
სკოლა დავამთავრე და “პატრონს ჩავაბაროთო”, მამაჩემმა ბრძანა, „სწავლა რა ქალის საქმეაო“.
მაშინ ის პერიოდი იყო, ექიმის ოჯახი პრესტიჟულად რომ ითვლებოდა. თუ მათ ოჯახში შედიოდი რძლად, პატივიც იყო და ავტომატურად, სარფიან გათხოვებასაც ნიშნავდა.
ჩემი მომავალი მეუღლე ჩემზე 6 წლით უფროსი იყო. არ გამიპროტესტებია, ან რა აზრი ჰქონდა? ჩემს მხარეს მაინც არავინ დაიჭერდა, ბედს დავნებდი.
არაფერი გვიჭირდა, სანამ დედამთილ-მამამთილი ახალგაზრდები იყვნენ და შეეძლოთ ჩვენი რჩენა.
სამი შვილი გავაჩინე. ჩემი ქმარი ნასწავლი იყო, ისიც ექიმის პროფესიით, თუმცა ქეიფი და დროსტარება უფრო უყვარდა, ვიდრე საქმე და ოჯახი.
დედამთილ-მამამთილის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი თავზე დაგვენგრა. ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა, ბავშვები პატარები იყვნენ და მათ სარჩენად თუ რამე გაგვაჩნდა სახლის გარდა, ყველაფერი გავყიდეთ.
ჩემმა მეუღლემ სმას მოუმატა, დაიწყო კონფლიქტები, ფიზიკურადაც მისწორდებოდა ბავშვების თვალწინ, არც მაშინ ამოვიღე ხმა. ან ვისთვის მეთქვა?! ჩემი ძმების იმედი არც ახლა მაქვს, იტყოდნენ, შენი ბრალი იქნებოდაო. საზღვარგარეთ მეგობრის დახმარებით, ნასესხები ფულით წამოვედი.
გული გავიგლიჯე, მაგრამ დღესა და ღამეს ვასწორებდი, რომ ჩემს შვილებს არაფერი მოკლებოდათ.
არაფერი მეთაკილებოდა. დღე რომ მოხუცს ვუვლიდი, დილამდე რესტორნებში ჭურჭელს ვრეცხავდი ან კაფელს ვხეხავდი.
ჩემი შვილები დადგნენ ფეხზე, ქალაქში სამივეს ბინა ვუყიდე. დღეს უკვე თავისი ოჯახები აქვთ. გოგო გათხოვდა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანეს.
ჩემმა მეუღლემ მალევე გაიჩინა საყვარელი, თავისი ცხოვრება აქვს და ღმერთმა ხელი მოუმართოს.
ცხოვრება უცნაურია, ის რაც არ მიძებნია, თავისი ფეხით მოვიდა ჩემამდე. გადაკარგულში, ჩემი ქვეყნიდან ძალიან შორს ნამდვილი სიყვარული ვიპოვე. უკვე ერთი წელია, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ.
ბედნიერი ვარ, მაგრამ შვილებმა ეს არ მაპატიეს. დიდხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა მათთვის სიმართლე, მაგრამ დასამალი არაფერი მქონდა, მათ ასეთ რეაქციას კი ნამდვილად არ ველოდი.
“ამ ასაკში რამ აგაცანცარა, რაღა დროს შენი სიყვარულია, ხალხში თავი როგორ გამოვყოთ. რა თქვან შენმა შვილიშვილებმა, რომ ბებია გაგვითხოვდაო? აქ ჩამოდი და ჭკუას მოუხმე ან დაივიწყე რომ ვარსებობთო,”- გული ძალიან მეტკინა.
მთელი ჩემი ცხოვრება დაბადებიდან დღემდე ტანჯვა იყო. ჩემი სიხარული და ბედნიერება მხოლოდ ჩემი შვილები იყვნენ, რომელიც უფალმა მომივლინა ამ ცხოვრებაში გასაძლიერებლად, მაგრამ მათაც ზურგი მაქციეს.
მამას აპატიეს საყვარელი და ჩემი ბედნიერება მათ თვალში დანაშაულია.”
მარინა 55 წლის
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ფოტო პირობითია