ბავშვების ჩხუბი, ბულინგი, ჩაგვრა, აგრესია – ეს ის თემებია, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში და რომლებიც, რასაკვირველია, ძალიან აღელვებთ მშობლებს.
ყველა თავისებურად ცდილობს პრობლემის მოგვარებას, როდესაც ეს მის შვილს შეეხება ხოლმე, ზოგიერთი მშობელი ამ ცდაში, ამწვავებს კიდეც და ხანდახან უარეს შედეგებს ვიღებთ.
ამჯერად ერთი დედის გამოცდილებას გთავაზობთ, რომელიც ბევრისთვის იქნება საყურადღებო და მოსაწონი. მაია ოტიაშვილი წერს, როგორ მიუდგა ამ საკითხს და რა შედეგი გამოიღო მისმა საინტერესო მეთოდმა.
“გამარჯობა, დედიკოებო. ყველას გვყვავს შვილები, დადიან სკოლაში და ჩვენ არ ვიცით, რას აკეთებენ სკოლაში ჩვენი შვილები.
ვის როგორ ექცევიან ან თვითონ როგორ ექცევიან სხვებს, თანაკლასელს ან სხვას.
მასწავლებელს რომ ეკითხები, როგორ იქევა ჩემი შვილი, ხომ არ ჩხუბობს ან სხვა ხომ არ ეჩხუბება, ხშირად გვესმის, რომ კარგი ბიჭია, არავის არაფერს უშავებს, მაგრამ ისე დავდგებით მერე ფაქტის წინაშე, აღმოვაჩენთ, რომ ბულინგის მსხვერპლი ყოფილა ან თავად ყოფილა მჩაგვრელი…
მე მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია ამის შესახებ და იქნებ ვინმეს გამოადგეს და ბევრი ბავშვი გადავარჩინოთ და დავიცვათ. ჩემი ბიჭი მეორე კლასიდან გადავიყვანე სხვა სკოლაში. ძალიან განიცადა და როგორც იქნა, გადალახა და დაუმეგობრდა ახალ კლასელებს.
თუმცა ერთი ბიჭი ძალიან გადაეკიდა, მოსვენებას არ აძლევდა, სულ ჩხუბობდნენ. ერთხელაც ნაცემი გამოვიყვანე სკოლიდან.
მეორე დღეს მივედი სკოლაში და გავარკვიე, რომ ისიც კარგად უცემია ჩემს შვილს ძალიან შევშფოთდი. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, და გადავწყვიტე, დამერეკა იმ ბიჭის მშობელთან.
დავრეკე და ვეუბნები, გამარჯობა, მე ანდრიას მშობელი ვარ და ჩვენი შვილები ვერ უგებენ ერთმანეთს… – და გავჩერდი, დაველოდე იმ ქალბატონის სიტყვებს, ტონს. უცებ შეცვლილი ტონით, ცოტა უხეში ხმით დამიწყო ლაპარაკი.
მე გავაჩერე და ვეუბნები: – ქალბატონო, თუ თანახმა იქნებით, იქნებ ჩვენი შვილები ამ შაბათს წავიყვანოთ სადმე და უფრო ახლოს გაიცნობენ ერთმანეთს, დამეგობრდებიან.
კინოში, თუნდაც გასართობ ცენტრში… მისი დაბნეული ხმით – კი ბატონო, თანახმა ვარო…
დადგა შაბათი. დილიდან ანდრიას არ ვუთხარი, სად მიმყავდა, თორემ არ გამომყვებოდა. არც მეორემ იცოდა. ვითომ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, და იცით, რა მოხდა?
ისე კარგად გაერთნენ და ისე დამეგობრდნენ, დღესაც განუყრელი მეგობრები არიან, მშობლებიც დავმეგობრდით და ვართ შეხმატკბილებული და კარგი მეგობრები…
ბოდიშის მოხდით, გამიგრძელდა მოყოლა, მაგრამ მინდოდა მომეთხრო, იქნებ ვინმეს გამოადგეს.
P.S. ნუ უბიძგებთ ბავშვებს, რომ თუ დაგარტყამს, შენც დაარტყიო. ნუ ვასწავლით ძალადობას.
სიკეთე გადამდებია!”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: მშობლები.გე