რც მობილურები არსებობდა, არც “სკაიპი” და არც სოციალური ქსელი, დედას მთელი სათქმელი ერთ ფურცელში უნდა ჩაეტია, რომელსაც მშობიარე ქალიშვილთან სანიტარს გაატანდა. გთავაზობთ ერთ-ერთი დედის ასეთ წერილს:
“ჩემო მზია, როგორ ხარ, დედა? გილოცავ ქალიშვილის შეძენას და მშვიდობით გადარჩენას. ახლა შენ იცი, როგორ მოუვლი თავს.
დღეს მაინცდამაინც ნუ დაიძინებ ღრმად, ყურადღებით იყავი, სისხლის დენა არ აგიტყდეს, იცოდე, არ ადგე და არ დაიწყო სიარული, ნუ მიბაძავ ზოგიერთებს. არ გაიციო თავი.
ხვალ გამოგიგზავნი ჩულქებს, როცა შემოვლა დამთავრდება, მაშინ ჩაიცვი ხოლმე. მე და თენგო წამოვედით სახლში, იმიტომ, რომ აღარავინ გამოიხედა. იმ ქალმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზეაო. თან ფულიც არა გვქონდა.
მაგ დამლაგებელს კი 6 მანეთიც მივეცი და ერთი შოკოლადიც. ახლა მაინტერესებს, ბებიაქალმა გამშობიარა თუ ექიმის დახმარებაც დაგჭირდა და ფულსაც იმის მიხედვით გადავუხდით.
ბებიაქალს მიეცი 15 ან 20 მანეთი და თუ ექიმმა რამე გაგიკეთა, იმასაც ამდენივე. ბავშვის ამბავი იკითხე კარგად, დღენაკლული ხომ არ არის. რატომ დაიბადა ასეთი პატარა წონის? მოკლედ, მოიწერე ყველაფერი დაწვრილებით…
თენგო გითვლის, მე არ მწყენია, გოგო რომ გყავს, ოღონდ შენ იყავი კარგადო. ისე, დიდი ცირკი გოგო კი ხარ, რომ გუშინწინ სასეირნოდ წამოხვედი და დღეს უკვე შვილი გყავსო…
მზია, ნეტავი საჭირო ხომ არ იყო კიდევ ჩვენი მანდ ყოფნა? 11.30 წთ. წამოვედით. სახლში რომ მოველ, კი ვინანე, მაგრამ ვიფიქრე, თენგო ხომ მომიტანს ამბავს-მეთქი, მაგრამ თურმე რომ მოვიდა, ქუჩის მხრიდან შესვენების საათები იყო და ეზოდანაც ვერავინ ნახა.
თუ რამე გინდა, შემოთვალე, ისე, ვთქვათ რაიმე გაგიჭირდეს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს საავადმყოფოში გაგზავნე ვინმე და ისინი მაინც გამაგებინებენ. ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში…
ახლა გიგზავნი 40 მანეთს და მოიწერე როგორ იქნება საქმე.
ფული არ დაკარგო, ძუძუებს მოუარე, სულ იწველე ხოლმე, სუფთა ხელით…
ხომ არაფერი გაწუხებს ან უყურადღებოდ ხომ არ ხარ, ყველაფერს კარგად დააკვირდი. თენგოს მოსწერე, რომ შენი საქმეები მოაწესრიგოს წასვლამდე.
დეკანატს ხომ უნდა გავაგებინოთ შენი ამბავი და საწერს თუ მორჩი, წაიღოს და ჩააბაროს, ვისაც საჭიროა…
თუ რამე გინდა გულით საჭმელი, რაც გეჭმევა, მოიწერე და მოგიტანთ. ისე, სითხე ბევრი არ დალიო, თორემ რძე ბევრი ჩაგიდგება და არ გაგიმაგრდეს მკერდი.
რძე გიდგას თუ არა? იცოდე, არ გაიციო. როგორც გინდა გცხელოდეს, საბანი არ გადაიხადო.
მელოგინე ქალი სითბოში უნდა გამოშუშდეს, თორემ გაციებას ბევრი არასასიამოვნო გართულება მოსდევს. მოიწერე, რომელ პალატაში ხარ. დედა
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია; წყარო: მშობლები.გე