ერთ-ერთმა ქართველმა ექიმმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ..
არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო, რომ გადამეწყვიტა აქ დამეპოსტა ამის შესახებ. ისე, როგორც ადრე.
ორშაბათი დილა. 08:30. სამსახურში ვარ, ოპერაციაზე. საოპერაციოს ტელეფონი რეკავს და მთხოვენ, რომ მივიდე. ანესთეზიის განყოფილების მთავარი ექიმია ხაზზე და მეუბნება, რომ სასწრაფოდ შევეშვა ყველაფერს, რასაც ვაკეთებ და პრეოპერაციულ სივრცეში მივიდე, პარალელურად კიდევ ერთხელ მეკითხება – ხომ ნამდვილად ვსაუბრობ რუსულად?!
უამრავი რუსი ცხოვრობს ზოგადად გერმანიაში. შესაბამისად, პაციენტებიც ხშირად გვყოლია ამ ჩვენი სამეზობლოდან და მეც ვდგავარ ხოლმე და ამ გასაჭირში მყოფ ექიმებს ვეხმარები კომუნიკაციაში.
მივატოვე ყველაფერი და წავედი დანიშნულების ადგილისკენ. კარებთანვე მომვარდა საოპერაციოს მედდა, უნდა გვიშველოო, თუ რაღაცები ზუსტად ვერ გავარკვიეთ პაციენტისგან, ვერაფერს ვაგრძელებთ, ისეთი სიტუაციააო.
მეც, ცხადია, დაუფიქრებლად შევედი ხელში დიაგნოზის ფურცლით, გზად ზოგადი მაჩვენებლებიც გადავიკითხე და ველი მორიგ ზორბა უკმაყოფილო რუს მუჟიკთან გასაუბრებას.
თითოეული პაციენტის საწოლის ქვედა კიდეზე არის პატარა ჩარჩოში სტიკერი – სახელით, გვარით, დაბადების თარიღითა და ა.შ. სანამ პატივცემულს რაიმეს ვკითხავდი, გვარი ხომ უნდა გამეგო.დავხედე.
საწოლის სტიკერზე წერია მაისურაძე (პირობითად). ვაჰ.
მეორე წელი რომ ერთ ქალაქში ცხოვრობ და წამლად არ შეგხვედრია ქართველი ახლომახლო, ცოტა ძნელია პირველივე დახედვაზე დაიჯერო. გადავამოწმე. მეორედ. მეათედ. მეასედ.
ყველანაირად დავეჭვდი, რაც შემეძლო, მაგრამ შევხედე ამ კარგ კაცს სახეზე და ვაჰ. ქართული სახე აქვს. ტიპური 55-60 წლის ქართველი კაცი რომ წარმოიდგინოთ, ოჯახის ბურჯი, ოდნავ პუტკუნა, კეთილი სახითა და მთელი ამტანობით რომ ცდილობს თავი შეიკავოს, მაგრამ ნაწამები თვალები რომ ყიდის ამდენი ‘ჩინურად’ მოლაპარაკე ექიმის შემყურეს.
მოვიდაო, ანიშნეს. მივუახლოვდი და ისიც შეემზადა საკითხვაპასუხოდ.
დიდზე გავუღიმე და გამარჯობა-მეთქი ვუთხარი. ან ჯერ ვუთხარი და მერე გავუღიმე.
სამედიცინო სიმპტომები არ ვიცი, მაგრამ ამის გაგონებაზე ისე გაუფართოვდა თვალები და წამოუწითლდა სახე, რომ სულ დაფეთდნენ ჩემი ექიმები და გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად მოემზადნენ.
ვაი, შვილოო ერთი მითხრა და ამ ბუთქუნა საყვარელ კაცს ორივე თვალიდან ცრემლები წამოუვიდა. თან შერცხვა, მაგრამ მგონი აღარ ადარდებდა. საიდან ხარო, მოაყოლა პირველივე კითხვად. მეც არც ვაციე, არც ვაცხელე და ჭიათურიდან-მეთქი უთამამესად ვუპასუხე.წამოწია ამ კაცმა თვალი და მიყურა სახეში სიზმრად გამოცხადებულივით.
მერე კი მომაყოლა თბილისზე და ყველაფერი, მაგრამ მაინც ჭიათურელი ვარ, გეფიცებით-მეთქი, დავუბარე ბოლოს. მე ზესტაფონელი და კი შეგვიკრავს იმერეთი, შენ გენაცვალე მეო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, 22 წლის გავხდი უკვე და ცხოვრებაში მგონია სულ ცალ ხელზე ჩამოსათვლელი ადამიანი გამიხარებია ჩემი არსებობით ისე, როგორც დღეს ეს კაცი.
თუ ვინმეს ამქვეყნად ბედი ჰქონია შვილო, ალბათ მე, რომ დღეს აქ შემხვდიო. დიაგნოზი მძიმე იყო ისედაც. ეს საწყალი კაცი მარტო ამდენ რობოტში.
გვერდითა პალატებში 90 წლის სპორტულად აქტიური მოხუცი კაცები რომ პლასტირის დაკვრა/აძრობაზე კაპრიზობდნენ, ეს თამამად დაწვა საოპერაციო მაგიდაზე და რომ ვკითხე თუ კომფორტულად ვერ წევხართ, ფართო სამხრეებს მივამაგრებინებ-მეთქი, გადმომხედა და ‘უჰ, შენ კაათ იყავი, შვილო, გოვუძლებ აპა რას ვიზამო’.
მორჩა მალე და წარმატებით ყველაფერი. ერთ კვირაში მკურნალობასაც მორჩება. საავადმყოფოში 40 წლია ალბათ არ ვყოფილვარო. მეშინიაო. ხომ არაფერი მეტკინებაო?! პატარა დიდი ბავშვივით გამომკითხა. მერე სანამ ცენტრალური საოპერაციოს კარი მიიხურებოდა და ხმის მოწვდენა შეეძლო, მანამდე მლოცავდა.
მომდევნო ოპერაციამდე პაუზა მქონდა. დერეფანშივე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი, რომ სხვა ხალხი ვართ. სულ სხვა ხალხი ვართ. და არ მგონია მსგავსი განცდები მხოლოდ იმიტომ მქონდეს, რომ ჩემია ეს ხალხი.
ნათელი ღიმილით ვიდექი მთელი ის დრო და თან ისე ბევრ რამეზე მწყდებოდა გული. ისეთი სევდა შემეყარა უცებ, რომ რა იქნება მეტი გასაქანი გვქონდეს, მეტი კომფორტი, მეტი ბედნიერება. მეტი კარგად ყოფნა.
არავის შეუძლია ისე გულწრფელი სითბოს გამოხატვა და გაცემა, როგორც ჩვენთან იციან. არაფერი მაკლი,ა აქ ყველა ასპექტში ცხოვრებააწყობილს, ისე, როგორც საქართველოში, ნაცნობ კი არა, უცნობ ხალხში ნაპოვნი ოჯახური ატმოსფერო, ნდობა, სიკეთე, გვერდში დგომა, უბრალოება, თავგანწირვა და ნაკლებზე ნაკლები პრაგმატულობა.
აი მე ხომ ერთი ვარ? ეს კლინიკა ხომ უდიდესია? ქუთაისის თუ არა, ჭიათურისხელა მაინც. ყველამ იცის საიდან ვარ. იმიტომ რომ საუბარს ამით ვიწყებ და ვამთავრებ. ყველა ჩემი თანამშრომელი ღელავს, როდის ვიყიდი ხოლმე ბილეთებს სახლში წასასვლელად. სადაცაა ერთად დავჯავშნოთ რეანიმაციის კომპიუტერებზე.
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამათ კომფორტსაც, წესრიგსაც, დროულ ხელფასსაც, სამი წლით ადრე დაგეგმილ ზაფხულის ორკვირიან შვეულებასაც და შვილებთან თამაშისთვის გამოყოფილ 43 წუთსაც შაბათ საღამოს.
გულით ბედნიერი ვარ, რომ იქ გავჩნდი, სადაც გავჩნდი. იმიტომ რომ ადამიანების ცხოვრებას ურთიერთობები ქმნის და დედამიწას ჯერ კიდევ სიყვარული ატრიალებს. კარგია, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც არის. მადლობა. ნახვამდის.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია..
ყურადღბა: ფოტო პირობითია