“მიხაროდა, რომ ასეთი თაობა გვყავს, მინდა, ბევრნი იყვნენ ასეთები, მინდა, ბევრი ვიყოთ ასე” – თბილისური ამბავი საღამოს, ყინვასა და ქარში, სახლში ავდიოდი.
წამიც და სადარბაზოში შევიდოდი. უცებ წინ პატარა ბავშვი გადმომიხტა. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ დახმარების მთხოვნელს არ ჰგავდა.
იქნებოდა ასე 5-6 წლის. მეუბნება: – 5 თეთრი ხომ არ გექნებათო. ვიფიქრე, ლიფტისთვის უნდა-თქო.
არ მქონდა და ვკითხე, სხვა ფული რომ მოგცე-მეთქი? კარგიო (გაუბრწყინდა თვალები).
მივეცი 1 ლარი და გულითადი მადლობის მერე გავაგრძელე გზა, მაგრამ უცებ გავჩერდი, შიშმა გამიელვა, ამ ფულით (მერე რა, რომ ლარია) რამე ისეთი არ იყიდოს-მეთქი (ვთქვათ, სიგარეტის ღერები).
გამოვბრუნდი და პირველივე მაღაზიაში შევედი. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა…
ვნერვიულობდი, ამ ბავშვის გზის აცდენას თუ შევუწყე უნებლიედ-მეთქი ხელი. მაგრამ უცებ დავინახე, როგორ ყიდულობდა ერთ პურსა და პატარა მინერალურ წყალს.
უცებ დავიმალე, მაინტერესებდა, სად მიჰქონდა. გამოვიდა, გავყევი. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ჩვენს კორპუსთნ ახლოს ერთი კაცი ძველმანებზე იწვა, გამოწვდილი ხელით.
მიირბინა ამ ბავშვმა და გამოაფხიზლა. გარკვევით მესმოდა: “გოგი პაპა, პური და წყალი მოგიტანეო”.
გოგი პაპამ დალოცა, თვალებში ცრემლები ედგა. საოცარი თვალებით უყურებდა ჩემს უცნობ მეზობელს.
მე იმ მომენტში ვამაყობდი ამ ბავშვით, მისი ნათქვამი “გოგი პაპა” მიმანიშნებდა იმაზე, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ვფიქრობ, არც უკანასკნელი იქნება.
ცრემლები წამომივიდა, ისეთი გრძნობები მომაწვა. მიხაროდა ამ ბავშვის არსებობა, მიხაროდა, რომ ასეთი თაობა გვყავს, მინდა, ბევრნი იყვნენ ასეთები, მინდა, ბევრი ვიყოთ ასე. ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო პატარა უცნობო მეზობელო!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ლიზი ფუხაშვილი