სოციალური ქსელის მომხმარებელი, კატია ტერეზა ზოშჩენკო ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს.
“მაპატიეთ, რომ ამ ტექსტს ხშირად გავიმეორებ, მაგრამ ჩემი შვილის ეს ამბავი შესაძლოა, თქვენს შვილებსაც გადახდეთ და რომ არ გადახდეთ, ამიტომ ასეა საჭირო….
დიახ, ამ ტექსტის ავტორი – თორნიკე ობოლაშვილი ჩემი შვილია, რომლითაც სულ ვამაყობდი და სულ ვიამაყებ!
“ორშაბათს, 15 ივლისს, საღამოს 6-ის ნახევრისკენ გამოვედი ჩემი საცხოვრებელი სახლიდან და მივდიოდი ავტობუსის გაჩერებისკენ, რათა შევხვედროდი მეგობარს.
გაჩერებისკენ მიმავალს მომესმა სიტყვები – „ჯიგარო, აქეთ მოიწი“. როდესაც მივტრიალდი დავინახე, რომ ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი, დაახლოებით 40 წლის მამაკაცი მე მთხოვდა მათთან მისვლას.
ვკითხე ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, რაზეც მიპასუხეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და სურდათ ჩემი იდენტიფიცირება.
ვინაიდან, გარეგნულად არაფერზე ეტყობოდათ, რომ პოლიციელები იყვნენ მოვთხოვე ჯერ თავად წარმოედგინათ შესაბამისი საბუთი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მაჩვენა თავისი სამსახურებრივი მოწმობა. აღნიშნულის შემდგომ, დავრწმუნდი რა, რომ ნამდვილად პოლიციიდან იყვნენ ჩემი ჩანთიდან ამოვიღე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამომართვა ერთ-ერთმა მათგანმა.
ამ დროს მეორე პოლიციელმა მითხრა, რომ „ტურისტს“ ვგავდი, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და ვთხოვე ახსნა თუ რას გულისხმობდა ამით, რაზეც მიპასუხა, რომ ეს ცუდი განზრახვით არ უთქვამს და კომპლიმენტად უნდა მიმეღო. ამის შემდგომ, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ზედაპირულად უნდა შევემოწმებინე, რაზეც დავთანხმდი და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე საშუალება მივეცი ზედაპირულად შევემოწმებინე.
მას შემდეგ, რაც ზედაპირულად შემამოწმა, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ჩანთა გამეხსნა, რაზეც უარი განვაცხადე, განვუმარტე, რომ ჩანთაში არაფერი უკანონო არ მედო, რომ ვიყავი იურისტი, ვიცოდი ჩემი უფლებები და რომ თუ ჩემი ჩანთის გახსნა უნდოდათ მაშინ უნდა ეწარმოებინათ ჩხრეკა, შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამის შემდგომ, ამავე პოლიციელი გადავიდა აშკარა მუქარის ტონზე და მითხრა რომ თუ ჩანთას არ გავხსნიდი, მაშინ 3 საათით დამაყოვნებდა ადგილზე და ვერსად წავიდოდი. აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ მისი მუქარა იყო არაკანონიერი და კიდევ რამდენჯერმე მოვითხოვე დაებრუნებინათ ჩემი პირადობის მოწმობა და გავეშვი, რადგან მეგობართან შესახვედრად მაგვიანდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს გადავიღებდი ვიდეო კამერით.
ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ მიბრუნებდნენ პირადობის მოწმობას, მეუბნებოდნენ, რომ თუ მართლა მეჩქარებოდა მაშინ გამეხსნა ჩანთა და თან მეუბნებოდნენ რომ ნუ ვკანკალებდი (არ ვკანკალებდი :დ). ასე ვიყავით დაახლოებით 5 წუთი, რის შემდეგაც ამოვიღე ჩემი მობილურის ტელეფონი და ჩავრთე კამერა, რათა ამესახა ამ პოლიციელების უკანონო ქმედებები.
როგორც კი დაინახეს, რომ გადაღება მართლა დავიწყე, მაშინვე ორივე შეხმატკბილებულად მომვარდა, ტელეფონი წამართვეს, ხელები ძლიერად გადამიგრიხეს და სწრაფი ტემპით წამიყვანეს მათი მანქანისკენ. მე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია.
ამ დროს დავინახე, რომ იქვე იმყოფებოდა ერთი ბიჭი, რომელსაც ვთხოვე ეს ყველაფერი ვიდეოკამერით გადაეღო, მაგრამ მითხრა, რომ მის ტელეფონს კამერა გაფუჭებული ჰქონდა და ვერ გადაიღებდა.
სანამ მანქანამდე მივედით გზაზე წამაქციეს და ასფალტზე დამაგდეს, რის შედეგადაც იდაყვიდან და თითებიდან სისხლი წამომივიდა.
ამ დროს გავიგე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა რაციით დამხმარე ეკიპაჟიც გამოიძახა. მალევე მანქანის უკანა სავარძელზე ძალით ჩამაგდეს, ერთი პოლიციელი საჭესთან დაჯდა, ხოლო მეორე ჩემს გვერდით და ხელი ძლიერად გადამიგრიხა. ამ დროს დამხმარე ეკიპაჟიც მოუვიდათ და უკანა სავარძელზე კიდევ ერთი პოლიციელი მომიჯდა, რომელმაც მეორე ხელიც გადამიგრიხა. ასე მიმიყვანეს თემქის პოლიციის განყოფილებამდე. მანქანიდან ისევ ძალით გადმომიყვანეს და შემიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
პოლიციის შენობაში შეყვანის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა აგდებული ტონით მითხრა – „ჰა, ახლა ხო მაინც გახსნი მაგ ჩანთას“. ამაზეც ვუპასუხე რომ მე ჩემი ნებით ჩანთას არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ ენახათ მაშინ უნდა გაეჩხრიკათ.
ამის შემდეგ ჩამიყვანეს ქვევით სართულზე, სადაც კამერები არ იყო და დამიწყეს აგდებული ტონით საუბარი, რომ რამდენს ვბედავდი, როცა უარს ვეუბნებოდი ჩანთის გახსნაზე. მე მოვითხოვე განემარტათ სტატუსი ვიყავი თუ არა დაკავებული, რაზეც ისევ აგდებული ტონით მითხრეს რომ ბორკილები ხომ არ მეკეთა და თუ იურისტი ვიყავი ეს უნდა მცოდნოდა :დ. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიციის შენობის დატოვებაზე უარი მითხრეს და „განმიმარტეს“. რომ ვიყავი არა დაკავებული არამედ შეკავებული (პოლიციის განყოფილებაში :დ).
ამის შემდეგ მოვითხოვე ადვოკატთან ზარის განხორციელება, რაზეც მითხრეს, რომ რახან დაკავებული არ ვიყავი ამიტომ არ მქონდა არც ზარის განხორციელების უფლება და არ დამარეკინეს.
ასე გავიდა დაახლოებით 1 საათი, რა დროსაც ჩემთან მოვიდა არაერთი პოლიციელი, რომლებიც ზუსტად ერთი და იგივეს მეუბნებოდნენ – თითქოს ვალდებული ვიყავი, რომ ჩანთა გამეხსნა და რომ არ გახსნის მიზეზი მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ შიგნით რაღაც უკანონოს ვინახავდი. ამის შემდეგ ჩამოვიდა ისევ ის პოლიციელი, დამიბრუნა ჩემი ტელეფონი და მითხრა, რომ უფლება მქონდა დამერეკა ადვოკატთან. მე გამოვართვი ტელეფონი და როგორც კი მას ბლოკი მოვხსენი, უკნიდან მეორე პოლიციელი მომეპარა, ტელეფონი წამართვა და გაიქცა :დ, ხოლო დანარჩენმა პოლიციელებმა მითხრეს რომ სკამზე დავრჩენილიყავი და არ გავნძრეულიყავი.
მიუხედავად ამდენი და ასეთი სახის უკანონობისა შევძელი თავის ხელში აყვანა და მშვიდად განვაგრძე მოცდა (სხვა რაღა დამრჩენოდა..). აშკარა იყო, რომ სურდათ ჩემს ტელეფონში არსებული პირადი ინფორმაციის ნახვა იმ იმედით, რომ იქნებ რამე უკანონოსაც გადაყროდნენ :დ. ამის შემდეგ ჩემთან ჩამოვიდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელმაც თავი გამაცნო განყოფილების უფროსად და მითხრა თავიდან მომეყოლა ყველაფერი. მეც დავიწყე თავიდან ყველაფრის მოყოლა, მაგრამ ლაპარაკისას მაჩერებდა და მეუბნებოდა ხელები არ მექნია და მშვიდად მესაუბრა ( ხელები ისედაც გაჩერებული მქონდა და მშვიდად ვსაუბრობდი :დ).
განყოფილების უფროსს ყველაფერი დეტალურად მოვუყევი (ის, რომ უკანონოდ წამართვეს ტელეფონი, უკანონოდ დამაკავეს, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მექცეოდნენ აგდებულად და რომ ტელეფონი მეორედ წამართვეს (ამჯერად განბლოკილ მდგომარეობაში) და დიდი ვარაუდით უკანონოდ აგროვებდნენ ჩემს ტელეფონში არსებულ პირადი ხასიათის ინფორმაციას და ვთხოვე დაებრუნებინათ ჩემი ტელეფონი და მოეცათ უფლება დამერეკა ადვოკატთან, რაზეც მან მიპასუხა, რომ მომეცადა და თვითონ აუცილებლად გაერკვეოდა საქმის ვითარებაში. ასევე, მკითხა თუ სად ვმუშაობდი და ვუთხარი რომ ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი, რის შემდეგაც მისი სახის გამომეტყველებაზე უკმაყოფილება შევნიშნე.
საბოლოოდ წავიდა იმ პირობით რომ საქმის დეტალებში მალე გაერკვეოდა და მთხოვა მომეცადა მის დაბრუნებამდე. მე ვიცდიდი, ის არ მოვიდა. არც ის მითხრეს დალოდების საათები როდიდან რომლამდე მქონდა :დ.
დაახლოებით კიდევ 1 საათის გასვლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდა რამდენიმე პოლიციელი და მითხრეს, რომ წინააღმდეგობას გაწევას აზრი არ ჰქონდა და ჩანთა გამეხსნა. ამაზე ვუთხარი, რომ მე წინააღმდეგობა არცერთ ეტაპზე არ გამიწევია და რომ მე თვითონ ჩანთას კვლავ არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ თავად გაეჩხრიკათ. ამის შემდგომ გამომართეს ჩანთა და დაიწყეს მისი გაჩხრეკა და ვიდეო გადაღება.
მათდა სამწუხაროდ არც ჩანთაში აღმომაჩნდა რაიმე სახის უკანონო ნივთი. სამაგიეროდ აღმოჩნდა ჩემი სამსახურებრივი მოწმობა, რომელზეც ეწერა, რომ ნამდვილად ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე. აღნიშნულის შემდგომ, ჩემს მიმართ აქამდე არსებული აგდებული ტონი ძირეულად შეიცვალა და დაიწყეს, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომ თუ მე თავიდანვე ვანახებდი მათ ჩემს სამსახურებრივ მოწმობას ისინი მაშინვე გამიშვებდნენ და ეს „გაუგებრობაც“ არ მოხდებოდა…მეტი დამაჯერებლობისთვის ერთ-ერთმა მათგანმა დაიგინა :დ.
ასევე მითხრეს, რომ თითქოს ჩვენ ერთ საერთო საქმეს ვემსახურებოდით და ბევრი საერთო გვქონდა :დ (კენდრიკს მეტი საერთო აქვს დრეიკთან ვიდრე მე ყველა იმ პოლიციელთან, რომლებიც ასეთ უკანონობას სჩადიან, არღვევენ ადამიანის უფლებებს და აზიანებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტს.
ამის შემდგომ ჩემთან მოვიდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც გამეცნო როგორც გამომძიებელი და მითხრა რომ დგებოდა ჩემი დაკავების ოქმი და რომ დაახლოებით 1 საათში შევძლებდი პოლიციის შენობის დატოვებას, თუმცა დარეკვის საშუალება არც მან მომცა, რადგან, მისი აზრით, ადვოკატის საჭიროება არ იყო..:დ
დაახლოებით 1 საათში მართლაც ჩამოვიდა ის პოლიციელი, რომელმაც დამაკავა და მითხრა, რომ ხელი უნდა მომეწერა დაკავების ოქმზე, რაზეც უარი განვაცხადე 2 მიზეზის გამო:
ა) ძალიან რთულად ან საერთოდ არ იკითხებოდა ოქმში რა ეწერა;
ბ)რისი წაკითხვაც მოვახერხე იყო ტყუილი, კერძოდ, ოქმში ეწერა, რომ მე დაკავებისთანავე განმემარტა ჩემს მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძველი, რომ მქონდა ჩემი დაკავების ფაქტი მეცნობებინა ახლობლებისთვის.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არათუ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მომცეს, ისიც კი არ განმიმარტეს, რომ ვიყავი დაკავებული და არა შეკავებული :დ.
ასევე, ოქმში რაც გავარჩიე მედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც თითქოს გამოიხატა იმაში, რომ არ მივეცი ზედაპირული შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა.
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ მაშინვე დავთანხმდი ზედაპირულ შემოწმებას და რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, რაც შეეხება ჩანთის გახსნაზე უარის თქმას ეს უკვე აღარ წარმოადგენს ზედაპირულ შემოწმებას და სრული უფლება მქონდა უარი მეთქვა ჩანთის გახსნაზე.
ასევე ოქმში წერია, რომ თითქოს პოლიციელებს ვესაუბრებოდი ცინიკურად, რაც ასევე ტყუილია, თუ ცინიზმში იმას არ გულისხმობენ, რომ ვიცოდი კანონში რა ეწერა და მოვუწოდებდი კანონის შესაბამისად ემოქმედათ.
საბოლოოდ, 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში ვიყავი უკანონოდ დაკავებული, არ მომცეს უფლება დამერეკა, რის გამოც ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანს, მათ შორის ასაკოვან ბებიას, მოუწია ნერვიულობა.
გამიჩხრიკეს ტელეფონი, ფოტო-ვიდეოსურათების განყოფილებაში ჩასულები იყვნენ წინა წლის გაზაფხულამდე :დ
არ ვიცი კიდევ რა სახის ინფორმაციას გაეცნენ. ასევე წაშლილი დამხვდა ის რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც მოვასწარი სანამ ტელეფონს წამართმევდნენ.
ცხადია, ჩემს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ამ პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი მათ მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე.
გუშინ უკვე მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ველი მათგან ადეკვატურ რეაგირებას.
დღეს, წესით უნდა დამკავშირებოდნენ და სამედიცინო შემოწმება უნდა გამევლო სამხარაულის ექსპერტიზაში, რადგან იდაყვზე, თითებზე და მხრებზე მაქვს დაზიანებები და სისხლჩაქცევები ასევე კლინიკაში გავლილი დიაგნოზის თანახმად, მაქვს მარჯვენა მხრის სახსრის იოგების ღრძობა-დაჭიმულობა, თუმცა ჯერ არ დამკავშირებიან.
ყველას დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის. ამასთან, ძალიან გთხოვთ, თუ 15 ივლისს საღამოს 6-ის ნახევრიდან 6-საათამდე პერიოდში ვინმე იმყოფებოდა თემქის მე-3 მკრ.რ-ის მე-5 კვარტალში და შეესწრო აღნიშნულ ინციდენტს დამიკავშირდით.”
სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service !!! დღეში 9-ჯერ მოგთაგავთ, ვიდრე არ დაიწყებთ გამოძიებას!“
– წერს ზოშჩენკო.