“გლეხის ოჯახში დავიბადე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ მუშაობა დავიწყე და ცოლიც მალევე შევირთე. 19 წელი ვიცხოვრეთ ერთად და არ მახსოვს, გვეჩხუბოს.
შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი ვიყავით. თუმცა ალბათ, მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს იცხოვრებ, მთავარია, როგორ იცხოვრებ. კაცმა თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. ჩემი ცოლი ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ხვალ რომ გაცოცხლდეს, მაინც არ ვაპატიებ ღალატს. კაცებისთვის წუთიერი გართობა ღალატად არ ითვლება.
ჩემი პროფესიის წყალობით ბევრჯერ “შევხვედრივარ” ქალებს, მაგრამ ეს იყო “შეხვედრა დაშორება”. საყვარელი არასდროს მყოლია. ჩემი საყვარელი ჩემი ცოლი იყო.
ნათელა მუსიკის მასწავლებელი გახლდათ და ყოველ დილით, ბავშვებთან ერთად სკოლაში მიდიოდა. ერთხელაც, ნაცნობს მანქანით რაიონის ცენტრამდე გავყევი. გზაზე ჩემი მეუღლე შევნიშნე. ვიდრე რამეს ვიტყოდი, მძღოლმა მკითხა:
ხომ არ იცი, ეს ქალი ვინ არისო? – რატომ მეკითხები-მეთქი? – ეს ქალი ამა და ამ ბიჭის მანქანაში დავინახე, საყვარლები ყოფილანო. თავი საშინლად ვიგრძენი. სახლში ძლივს დავბრუნდი, ცოცხალ-მკვდარი. ალბათ ღალატი ერთადერთი რამ არის, რასაც საყვარელ ადამიანს ვერ აპატიებ.
შურისძიების აუტანელი სურვილი გამიჩნდა. მეორე დღეს ნათელას ვუთხარი, გავისეირნოთ-მეთქი. ვიცოდი, ეს ჩვენი უკანასკნელი გასეირნება იქნებოდა. გზაზე რამდენჯერმე მკითხა: რა უცნაურად მიყურებ, რაღაც სხვანაირი ხარო.
გზიდან გადავუხვიე და ზუსტად იმ ადგილას გავაჩერე მანქანა, სადაც ჩემი ნაცნობის თქმით, ის სხვასთან ერთად დაინახა. შეშინებული მიყურებდა და ელოდა, რას ვკითხავდი.
შენ ხომ კარგად გახსოვს, აქ რაც მოხდა? სიმართლის ღირსი ვარ და ყველაფერი უნდა ამიხსნა-მეთქი, – მოვთხოვე. გაუკვირდა, თუ ეს ამბავი ადრეც იცოდი, მაშინ აქ რატომღა მომიყვანეო და ყველაფერი აღიარა. 2-3 დღე მივეცი მოსაფიქრებლად და ვუთხარი, რომ თავისი ნივთები აეღო და სადაც უნდოდა, იქ წასულიყო.
დრო იმიტომ მივეცი, რომ საკუთარი თავისთვის თვითონვე გამოეტანა განაჩენი. თუ გინდა, მომკალი, აქედან არსად წავალ, ბავშვებს ვერ მივატოვებო, – ასეთი იყო მისი პასუხი. ბევრი ვიფიქრე, რა ელოდათ ჩემს შვილებს, დედა თუ აღარ ეყოლებოდათ, მაგრამ საუბედუროდ, მაშინ შურისძიებისთვის სხვა გზა ვერ ვიპოვე.
ერთ დღეს ვთხოვე, ტყეში გამომყევი-მეთქი. უსიტყვოდ გამომყვა. თითქოს ბუნება მოსალოდნელ უბედურებას გრძნობდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. როგორც ჯიხვები, ისე ვიდექით ხრამის პირას. თვალებში შევხედე.
უთქმელად მიხვდა, რომ ეს სიცოცხლის ბოლო წუთები იყო მისთვის. დღემდე თვალწინ მიდგას მისი მავედრებელი თვალები. იმ საღამოს მაინც სულ სხვანაირი თვალები ჰქონდა. ახლაც ჩამესმის მისი სიტყვები:
სიმართლე ხომ გითხარი, ბავშვებს ნუ დააობლებ, მაპატიე, მოსვენება არ მომცა იმ კაცმა და შევცდი, მაგრამ როდესაც ამას მივხვდი, გვიანი იყო და ოჯახის დანგრევის შიშით სიმართლე ვეღარ გითხარიო. ხალხის სასაცილო გამხადე და შეცდომისთვის პასუხი უნდა აგო.
იმ კაცსაც, ვინც ოჯახი დამინგრია, არ ვაცოცხლებ-მეთქი, – დავიქადე. ორჯერ ვესროლე გულში. “ღმერთო ჩემო”, – ამოიკვნესა. მიშველეო, – მთხოვდა. ყურებზე ხელი ავიფარე – არ მინდოდა, მისი ვედრების მოსმენა და წამოვედი.
ცოტა ხნის შემდეგ უკან მივბრუნდი, მაგრამ სიბნელეში ვერ ვიპოვე. არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი, რომ მენახა. ალბათ მის ტანჯვას ვერ გავუძლებდი, ხელში ავიყვანდი და სირბილით წამოვიყვანდი, რომ მეშველა. უკვე გვიანი იყო. კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ბუნებამ ცრემლებით გააცილა ჩემგან განწირული. თითქოს ხმა ჩამესმოდა: “აქ ვარ, მიშველე, ღმერთო!” ეს კოშმარი იყო, ვიტანჯებოდი.
მგელს აქვს ასეთი ჩვევა – დაჭრილ პირუტყვს სასიკვდილოდ მიატოვებს და მეორე დღეს მიაკითხავს. მეც ასე მოვიქეცი და მივხვდი, ადამიანის გული არ მქონია. ძაღლს არ დატოვებდნენ იმ ადგილას დაჭრილს, უპატრონოდ, არათუ საკუთარი შვილების დედას.
გასვენების დღეს ბავშვებთან ერთად, ერთი შეხედვით, მშვიდად ვიდექი. მათ ცრემლებს რომ ვუყურებდი, სიკვდილი მინდოდა. თითქოს ხალხის თვალებში ვკითხულობდი: ვიცით, ეს საქმე შენი ნახელავი რომ არისო.
ალბათ ეს დანაშაულის გრძნობა იყო. ძალიან გამიჭირდა ამის შემდეგ. ყოველ დილას სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავდიოდი და გვიან ვბრუნდებოდი. ჩვენს საძინებელშიც არ შევდიოდი, ბავშვებთან ერთად მეძინა.
რამდენჯერ შუაღამისას წამომხტარან ბავშვები “დედიკოს” ძახილით. ეტყობა, სიზმარში ხედავდნენ. ამას ვეღარ ვუძლებდი. ვიცვამდი და შუაღამისას გარეთ დავხეტიალებდი, ვფიქრობდი. დღითი დღე მაბოროტებდა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც კაცმა ჩემი ოჯახი არია, თვითონ კი წყნარად და ბედნიერად ცხოვრობდა საკუთარ ცოლ-შვილთან. მეშინოდა, არ გავგიჟებულიყავი ამდენი ფიქრისა და სიძულვილისგან.
ერთ დღესაც, პირდაპირ სახლში მივაკითხე. რომ დავუძახე და გამოვიდა, ჩემს დანახვაზე შეკრთა. იცი, რისთვისაც ისჯები-მეთქი? – ვუთხარი და ხუთჯერ ვესროლე. იმ საღამოსვე მივედი ნათელას საფლავზე და ვუთხარი, რომ დანაპირები შევასრულე.
საფლავის მიწას ხელი გადავუსვი. ჩემი ბრალი არ არის, ეს გზა შენ თვითონ აირჩიე-მეთქი, – უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და იქაურობას გავშორდი. არასდროს მიფიქრია, თუ ადამიანის მოკვლა შემეძლო, ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი. პირუტყვის დაკვლასაც კი ვერ ვუყურებდი ხოლმე. იარაღი ყოველთვის მქონდა, მაგრამ მანამდე არასდროს გამომიყენებია. მოგონებები მახრჩობს.
დანაშაულისთვის პასუხი რომ უნდა მეგო, ეს კარგად ვიცოდი და ჩემს განაჩენს მშვიდად შევხვდი. სიცოცხლე მიყვარდა, მაგრამ დავკარგე ყველაფერი, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო – ოჯახი, შვილები და თავისუფლება.
სისხლი სისხლით რომ არ დაიბანება, ეგეც კარგად ვიცი, მაგრამ. ადრე ვერ წარმოვიდგენდი, რას ფიქრობდა ოთხ კედელშუა გამოკეტილი ადამიანი, რომელიც ყოველდღე და ყოველ წუთს სიკვდილის მოლოდინით ცხოვრობს.
ახლა კი ვიცი, ეს რა შეგრძნებაცაა. იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ სხვა გზა არ მაქვს და ვერაფერს შევცვლი! სიკვდილის მოლოდინი უცნაური რამ ყოფილა. კარგი მონადირე დაჭერილ მხეცს გაუშვებს და მერე გამოეკიდება მოსაკლავად. ციხეში გამომწყვდეული უმწეო კაცის მოკვლა დანაშაული არ არის? ეს არ მესმის.
ბედს უკვე შევურიგდი, თუმცა კარის ყოველ გაღებასა და ხმაურზე წამოვხტები ხოლმე – მგონია, ჩემთან მოვიდნენ და სიცოცხლე დასრულდა. ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს უსასრულო მოლოდინი. ხშირად მახსენდება დედა, ბავშვები, ჩემი სოფელი და ტირილი მინდება, ცრემლი კი არ მომდის. უცრემლოდ ტირილი უფრო მტანჯველი ყოფილა. ჩემს დღეში ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ.
ერთადერთხელ შემახვედრეს შვილებს. მაპატიეთ-მეთქი, – მხოლოდ ამის თქმა შევძელი. ან რა უნდა მეთქვა მათთვის, ვისაც დედა მოვუკალი?! ბავშვებს ვუყურებდი და ვფიქრობდი: ნუთუ, მათ კვლავ ვნახავ-მეთქი?
რეალობა ძალიან მწარეა, ბევრჯერ აუტანელიც კი – საკანში უფასოდ გვაქვს შუქი, წყალი, ტუალეტი, მკურნალობა, რკინის საწოლი და ჭამა.
იქნებ ვინმემ თბილისში, ერთოთახიან ბინაშიც კი გამიცვალოს ციხის საკანი, აქაურ პირობებს რომ გაიგებს. თურმე, ამ ძნელბედობის ჟამსაც არ დამიკარგავს იუმორის გრძნობა. ესეც კიდევ ერთი აღმოჩენა! ისე, უჰაერობა ძალიან გვაწუხებს, სუნთქვა გვიჭირს.
ხშირად ვიხსენებ ახალგაზრდობის წლებს, ჩემს შეცდომებს, თავს გადახდენილ სახალისო ამბებს და გულიანად ვიცინი. ალბათ, უფრო საკუთარ თავს ვამხნევებ ამით. მახსოვს, ბავშვობაში ცეკვა და სიმღერა ძალიან მიყვარდა. ფორტეპიანოზეც კარგად ვუკრავდი, მაგრამ მამამ ბრძანა:
სოფელი ცეკვითა და სიმღერით არავის აუშენებია და ვერც შენ ააშენებ, რამე სხვა პროფესია აირჩიეო. გული მწყდება – მამა ისე წავიდა იმ ქვეყნად, რომ მისი პატივისცემაც ვერ მოვასწარი. დედა? დედას რა გავუკეთე? სიბერის დროს სიცოცხლე გავუმწარე. სადაც არის, 80-ის გახდება. ახლა სჭირდებოდა ჩემი თავი, მე კი.
ხშირად მესიზმრება ნათელა. მეუბნება, – სად არიან ჩემი შვილები, სახლში დამაბრუნეო. ასე ხშირად ნეტავ, რატომ მესიზმრება? უსამართლოდ ხომ არ მოვექეცი – დამნაშავე იყო. ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის ვისჯები და ვერავინ გაიგებს ჩემს გულის ტკივილს; ვერავინ მიხვდება, რა მწარეა ღალატი.
რას ვგრძნობ, ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. მორწმუნე კაცი ვარ. რა ბრალიც მიმიძღვის ღმერთის წინაშე, ვითხოვ, მეპატიოს და ბოლომდე არ გამწიროს. ახლა ვფიქრობ, რატომ დავმორჩილდი შურისძიების სურვილს, რატომ სხვა გზა არ ავირჩიე? თუნდაც, მიტევების, სიყვარულის, სიკეთის, მაგრამ რაღა დროს.
ღმერთო, როგორ მეშინია სასჯელის; როგორ მინდა სიცოცხლე; როგორ მინდა, ჩემი შვილები კიდევ ერთხელ ჩავიკრა გულში; ღმერთო, შემაძლებინე.”
დამეთანხმებით, ასეთი ხვედრი ძალიან მძიმეა ნებისმიერი ადამიანისთვის. განსჯა ჩვენი საქმე არ არის. ალბათ უმჯობესია, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და ყველაფერი ავწონ-დავწონოთ ხოლმე, ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწია ამ ჩანაწერის ავტორს ან სად არიან დღეს მისი შვილები და იციან თუ არა სიმართლე, თუმცა ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ავტორი: ნინო ჯავახიშვილი