გამარჯობა. საბერძნეთიდან ახლად დაბრუნებული, ყოფილი ემიგრანტი გწერთ. როგორ ხართ? ჩემი ამბავი უნდა მოგიყვეთ…
ახალგაზრდობაში კი არა და ბავშვობაში (16 წლის გოგო ბავშვია, აბა რა) მე და ერთ ლამაზ ბიჭს ერთმანეთი შეგვიყვარდა. მთელი 5 წელი ვგიჟდებოდით ერთმანეთზე, ვდნებოდით და ვკვდებოდით სიყვარულით, ერთ მშვენიერ დღეს კი ჩემმა დაქალმა (მისი მეზობელი იყო) დამირეკა და მითხრა, – შენმა შეყვარებულმა ცოლი მოიყვანაო. რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადე.
არადა, წინა საღამოს კოცნით დავშორდით ერთმანეთს, მეორე დღისთვის პარკში წასვლაც დავგეგმეთ და რა უნდა მომხდარიყო იმის მერე, რაც დავშორდით, ვერ გამეგო. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, არც მიცდია მაგის გამოძიება.
რა მნიშვნელობა ჰქონდა? ჩავთვალე, რომ ეს თავის დამცირება იქნებოდა. თანაც, ვერაფერს შევცვლიდი. ჰოდა, ჩავიქნიე ხელი. არც თვითონ უცდია ჩემთან დაკავშირება და თავისი საქციელის ახსნა.
მოკლედ, გავიდა წლები (3 წელი) და გავთხოვდი. ჩემს ქმარს საკმაოდ ძლიერი ოჯახი ჰყავდა. 1 კვირის რძალი ვიყავი, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა მიყიდეს. სიმართლე რომ გითხრათ, სწორედ მატერიალური მდგომარეობის გამო გავყევი მას.
თუმცა, ძალიან კარგი ბიჭი იყო თავადაც – სიმპათიური და კარგად აღზრდილი. როცა გავთხოვდი, არ მიყვარდა. უსიყვარულობას კი ძვირფასი ნივთებით ვივსებდი.
მოგვიანებით გრძნობაც გამიჩნდა, მაგრამ ეს არ იყო ისეთი სიყვარული, რასაც ზურას მიმართ განვიცდიდი. შვილები რომ შემეძინა, ცხოვრება უფრო იოლი გახდა, რადგან მთელი სიყვარული მათზე გადავიტანე.
მერე ისე მოხდა, რომ ჩემი მაზლი ჩამოვიდა რუსეთიდან. იქიდან ვიღაცები ჩამოჰყვნენ და მოსაკლავად დასდევდნენ, ვალების გამო. ნარკოტიკზეც არ ამბობდა უარს. მამამისმა გაუსტუმრა ვალი (საკმაოდ დიდი თანხა იყო), მაგრამ თამაში დაიწყო. კაზინოში აგებდა ფულს და ოჯხი გააკოტრა. ბინაც კი გაყიდა ჩემმა მამამთილმა.
ჩვენ კი გვიყიდა ცალკე რამდენიმე ოთახი, მაგრამ არსებობის საშუალება ფაქტობრივად, აღარ გვქონდა. კარგა ხანს ცდილობდა ჩემი ქმარი ფეხზე დადგომას, მაგრამ ძმა არ აძლევდა ამის საშუალებას. ამის გამო სულ ვჩხუბობდით.
ის ამბობდა, ძმას ვერ მივატოვებ, გვერდით უნდა დავუდგეო, ის ჭკუას ვერ სწავლობდა და ჩვენს ოჯახსაც ჭაობში ითრევდა. საბოლოოდ, ოჯახი დაგვენგრა.
შვილებიანად დედასთან გადავსახლდი დროებით, მერე ქმარს წილი მოვთხოვე, ბინა გავაყიდვინე და ცალკე ვიყიდე ჩვენთვის, რადგან მაინც მისი ძმა გააყიდვინებდა და სულ დაკარგავდნენ ბავშვები ჭერს.
შემდეგ ბავშვები დედაჩემს დავუტოვე და საბერძნეთში წავედი, რომ მათი აღზრდის საშუალება მქონოდა და სწავლა-განათლებაზე მეზრუნა. აქ ერთი ჩემი კბილა, ახალგაზრდა ქალი გავიცანი. ცოტა ხანს ვმეგობრობდით. ის მალე დაბრუნდა საქართველოში. წასვლამდე ნათქვამი მქონდა, რომ თბილისში ბინის გაყიდვას ვაპირებდი.
მას ყიდვა უნდოდა და მისამართი მივეცი, რომ ენახა. მოკლედ, ჩემი ბინა ცირამ იყიდა. – ჩემი ნივთები ერთ ოთახში დააწყვე და რომ ჩამოვალ, წავიღებ-მეთქი, ვუთხარი. 2 წლის მერე დავბრუნდი მეც და გარკვეული პერიოდის მერე, ვინაიდან ცირას კოორდინატები ვერ მოვიძიე, ავდექი და პირდაპირ შინ მივაკითხე. კარი მამაკაცმა გააღო.
დერეფანში ოდნავ ბნელოდა, თან შუქი ზურგიდან ურტყამდა და სახეზე კარგად ვერ გავარჩიე. – ცირა შინაა-მეთქი? – ვიკითხე და პასუხი რომ ვერ მივიღე, გაოცებულმა შევათვალიერე ზღურბლთან მდგომი ადამიანი. – ზურა? – აღმომხდა გაოცებულს.
ჩემ წინ ჩემი ბავშვობისდროინდელი შეყვარებული იდგა გახევებული. მეც დავიბენი. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ამ დროს ცირა გამოჩნდა. ჩემი დანახვა გაუხარდა, გადამეხვია და შინ ლამის ძალით შემიყვანა. უხერხულად ვგრძნობდი თავს.
რამდენი რამე მქონდა სათქმელი, საკითხავი, მე კი ვერ ვახერხებდი ხმის ამოღებას. მხოლოდ ცირას ვესაუბრებოდი და მის უამრავ შეკითხვას ზოგად პასუხებს ვცემდი. ის რომ სამზარეულოში გადიოდა, ოთახში სიჩუმე ჩამოწვებოდა ხოლმე.
ამ დროს ზურა თვალის დაუხამხამებლად მიყურებდა, მე კი მზერას ვერ ვუსწორებდი – მეშინოდა, ცირას რამე არ შეემჩნია. მოკლედ, ცოტა ხანში წამოვედი. ცირას დავუბარე, ჩემი ნივთების წასაღებად ამ დღეებში მოვალ-მეთქი და ტელეფონის ნომერიც დავუტოვე.
დარწმუნებული ვიყავი, ზურა აუცილებლად დარეკავდა. მართალიც აღმოვჩნდი. მეორე დღესვე შემეხმიანა და შეხვედრა მთხოვა. ისეთი ცივი ხმით ვუთხარი უარი, რომ სიტყვის შემობრუნება ვერ გაბედა. ჩემი ნივთების წამოსაღებად მე აღარ მივსულვარ, დედაჩემი გავგზავნე.
ზურა მას შემდეგ აღარ შემხმიანებია, თუმცა ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული. ჩვენი შეხვედრა ხომ ახალი წლის მერე მოხდა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ.
არა მგონია, გულმა გაუძლოს და კიდევ არ შემეხმიანოს. ისე კი ცოდვა გამხელილი ჯობს და მასთან ლაპარაკი მეც ძალიან მინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი, – არ მაინტერესებს, რა მოხდა და როგორ დაქორწინდა-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში ინტერესით ვკვდები. თუ სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ. პატივისცემით, ყოფილი ემიგრანტი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია