დავიბადე და გავიზარდე საქართველოს ერთ-ერთ რაიონში და დღესაც იქ ვცხოვრობ, თუმცა, სკოლა რომ დავამთავრე, უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე და შვიდი წელი თბილისში გავატარე – ხუთი წელი სტუდენტი ვიყავი, ორი წელი კი ვმუშაობდი ერთ ორგანიზაციაში.
მაგრამ, მერე ეს სამსახური დაიხურა, თან, დედაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და იძულებული გავხდი, სოფელში დავბრუნებულიყავი.
მიუხედავად იმისა, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე და სკოლაც აქ დავამთავრე, თბილისში გატარებული წლების შემდეგ ძალიან გამიჭირდა აქაურობის შეგუება. მოგეხსენებათ, ქალაქურ ცხოვრებას ადვილად ეჩვევა ადამიანი და მერე ძნელია მისი „გადართვა“ მოსაწყენ და პატრიარქალურ სოფლურ ყოფაზე, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა.
მართალია, ვოცნებობდი თბილისში დაბრუნებაზე, მაგრამ, ეს მხოლოდ ოცნება იყო და სხვა არაფერი. რაღაც სამსახურის მაგვარი ვიშოვე სოფელში, თან ვმუშაობდი და თან ოჯახს ვუვლიდი.
პატარა საკარმიდამო ნაკვეთიც გვქონდა და, მოკლედ, დილიდან საღამომდე დაკავებული ვიყავი. მომწონდა თუ არ მომწონდა, ვუძლებდი სოფლურ ცხოვრებას, გათხოვებას კი საერთოდ არ ვაპირებდი. როგორც გინდათ, ისე ჩამომართვით, მაგრამ, არ მინდოდა, მეც ისეთი ქმარი მყოლოდა, როგორიც, ვთქვათ, ჩემს ბავშვობის მეგობარს – ანას ჰყავდა.
არადა, ის ბიჭი (თავისი ოჯახიანად) ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლებოდა არა მარტო ჩვენს სოფელში, არამედ მთელ რაიონშიც. თავისთავად, ცუდი ბიჭი მართლაც არ იყო, ცოლი უყვარდა, პატივს სცემდა, აცმევდა, ახურავდა, თავისებურად ანებივრებდა, მაგრამ, ეს მხოლოდ სახლში ხდებოდა.
როგორც კი სადმე წავიდოდნენ, ვთქვათ, სტუმრად, ქორწილში ან გასვენებაში, ეს ბიჭი სულ სხვანაირი ხდებოდა, თითქოს გამოცვალესო: ანას უხეშად ელაპარაკებოდა, ყურადღებას არ აქცევდა და, საერთოდ, ისე იქცეოდა, თითქოს ეშინოდა, ვინმე არ მიხვდეს, ცოლი რომ მიყვარსო.
მე ამაზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ანა ყურადღებას არ აქცევდა, სიცილით მეუბნებოდა: აქ ეგრეა მიღებული. სხვის დასანახავად რომ მცეს პატივი, ბიჭები დასცინებენ და „ქალაჩუნას“ დაუძახებენო.
სოფელში „ქალაქელ სარძლოს“ მეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჰქონდა თბილისში უმაღლესი განათლება მიღებული, რატომღაც, მე მაინც გამომარჩია სოფელმა და ხაზგასმული პატივისცემით მეპყრობოდა ყველა, განსაკუთრებით კი – უცოლო ბიჭები. ვიცოდი, რომ ბევრს მოვწონდი, მაგრამ თქმას ვერავინ მიბედავდა, ისე მეჭირა თავი.
ბოლოს ერთმა მაინც გაბედა და იმდენი მიტრიალა, იმდენი მოახერხა, რომ მართლა შემაყვარა თავი, თუმცა, ძალიან ბევრი ვაწვალე, სანამ ცოლად გავყვებოდი. ახლა ვუტყდები საკუთარ თავს, რომ სინამდვილეში კი არ მიყვარდა, მისი სიყვარული მომწონდა და, თან, მეცოდებოდა, ასე კანიდან რომ ძვრებოდა ჩემი ყურადღების მოსაპოვებლად.
ერთი სიტყვით, შევეგუე ბედს, რომ სოფელში უნდა გამეტარებინა მთელი ჩემი სიცოცხლე და გავყევი საბას. ანას ქმარს ვამტყუნებდი გულში და ჩემი ცხოვრება პირიქით აეწყო: თუ სადმე ერთად წავიდოდით, ხაზგასმული პატივისცემით მეპყრობოდა, რომ ყველასთვის ეჩენებინა – ქალაქელი (ისიც ასე მეძახდა) ქალი მოვიყვანე ცოლად და მეც ქალაქურად ვექცევიო.
სახლში კი ისეთი დესპოტი იყო, ვერ აგიწერთ. მართალია, ტანსაცმელიც ნაირ-ნაირი მიყიდა და დედამთილმა ოქროულობაც მაჩუქა, მაგრამ, ამ ყველაფრის ჩაცმისა და გაკეთების უფლება მხოლოდ მაშინ მქონდა, თუ მათთან ერთად მივდიოდი სადმე.
სახლში კი ძველმანები უნდა მცმოდა და, რაც მთავარია, თავით ვიყავი ჩაყუდებული საქმეში, თუმცა, საბა მაინც ყველაფრით უკმაყოფილო იყო, რის მიზეზსაც თავიდან ვერ ვხვდებოდი. მაგრამ, ერთხელ მითხრა, თავში გაქვს ავარდნილი შენი ქალაქელობა და ამდენი რომ მაწვალე, იმის სამაგიეროს გიხდიო.
ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ არ დავფეხმძიმდი და უსიამოვნებები კიდევ უფრო გახშირდა, რადგან საბა მაბრალებდა, ჩემგან შვილი არ გინდა და იმიტომ არ ორსულდები.
აბა, მეც ქალაქელი ვიყო, თუ ბავშვს არ გააჩენდიო. მივხვდი, რომ მასთან არც ლაპარაკს ჰქონდა აზრი, არც დავას, არც ახსნა-განმარტებას და, ერთ დღეს, როცა მორიგი სპექტაკლი მომიწყო ქალაქელობა-სოფლელობასთან დაკავშირებით, ჩავალაგე ჩემი ბარგი და დედასთან დავბრუნდი, რასაც ახალი ბრალდებები მოჰყვა:
ვითომ მე ქალაქში „ნასტუდენტარმა გომბიომ“, ვერ შევიფერე პატივი და კარგი ცხოვრება და ქალაქურად „ტრაშუნი“ მოვინდომე.
ამის ატანა უკვე აღემატებოდა ჩემს შესაძლებლობებს და ერთ დღეს თბილისში წამოვედი, ოთახი ვიქირავე და ჩემი ყოფილი თანაკურსელის დახმარებით სამსახურიც ვიშოვე.
ახლა გადაწყვეტილი მაქვს, სოფლის სახლი გავყიდო და დედაც ჩემთან წამოვიყვანო – იქით გახედვაც არ მინდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სოფო, 28 წლის.