ლეილა სამი წელი ქოთქოთებდა, – რად მინდა ისეთი რძალი, შვილიშვილი თუ არ გამიჩინაო, მერე ვაჟსაც შეაპარა, ცოლს გაშორდიო. შვილმა ერთხანს წაუყრუა, მერე, ყელში რომ ამოუვიდა დედის ჩიჩინი, უთხრა: – ლიკა კი არა, მე ვარ უნაყოფოო.
ამის მერე ლეილა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა რძალს. “ისე გამოაშტერა ჩემი შვილი, რომ უშვილობას აქეთ იბრალებს, მე რომ ჩემი რძლის ადგილზე ვიყო, გავეყრებოდი ქმარს, გასაქანს მივცემდი, სხვა რომ მოეყვანა. გიგის რომ ჩემთვის დაეჯერებინა და ჩემი მეგობრის ქალიშვილი, ქეთუსია მოეყვანა ცოლად, ყველანი ბედნიერები ვიქნებოდითო”, – ამ სიტყვებით თენდებოდა და ღამდებოდა ყოველი დღე.
გიგიმ ლიკას სთხოვა, – დედაჩემის ნათქვამს ყურადღება არ მიაქციო, დაიღლება და გაჩუმდებაო. ლიკა ასეც იქცეოდა, მაგრამ დედამთილის “რისხვას” წერტილი რომ
არ დაესვა, საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა.
შვილის უნაყოფობის დაჯერება ლეილას ცოცხალი თავით არ უნდოდა. აღარ მალავდა, რომ რძლად ქეთუსია უნდოდა, რომელიც გიგის ერთგულად ელოდა ამდენი წელი.
ერთ დღესაც გიგი მამას გაენდო: – დედას ომს ვერ გამოვუცხადებ, არადა ლიკა ძალიან მიყვარს, ამიტომ გადავწყვიტე, ცალკე ვიცხოვროთ, ბავშვს ავიყვანთ და გავზრდითო.
მამას კი ენანებოდა მისი ხელით ნაშენ-ნაამაგარი სახლ-კარი, მაგრამ მაინც დაჰყაბულდა გიგის, – თუ ლიკასთან ბედნიერი იქნები, გავყიდოთ სახლი და ცალ-ცალკე ვიცხოვროთ, თუმცა წინდაწინ გაფრთხილებ, რომ დედაშენი იოლად ვერ შეეგუება ამასო.
ქმარ-შვილის განზრახვა ლეილას ინსულტით დასრულდა. როგორც კი დედა გამოკეთდა, გიგიმ ბინა იქირავა და ლიკასთან ერთად ცალკე გადავიდა. მალე ბიჭი იშვილეს.
გავიდა ორი წელი. ლეილამ ვეღარ გაძლო უშვილოდ და გიგის შეუთვალა, – ოღონდ დაბრუნდი და ხმის ამომღები არ ვარო. გიგიმ ლიკა როგორღაც დაითანხმა და დაბრუნდნენ შინ.
რამდენიმე ხნის შემდეგ გოგონაც იშვილეს. ლეილა კარგა ხანს ცერად უყურებდა შვილიშვილებს, მაგრამ მერე ნელ-ნელა გული გაუთბა.
რძალს კი, თუ აუცილებლობა არ იყო, არ ელაპარაკებოდა. ლიკა უკვე შეგუებული იყო დედამთილის ხასიათს და ყურადღებას აღარ აქცევდა..
ერთხელაც, გიგიმ მამა და ბავშვები კიკეთში, აგარაკზე აიყვანა. ლიკა მუშაობდა, ლეილა კი სახლს “დარაჯობდა”. საღამოს თავი ცუდად იგრძნო, როგორ არ ეცადა, მაგრამ გიგის ვერაფრით დაუკავშირდა.
ლიკა შინ გვიან დაბრუნდა. ივახშმა, მერე ცოტა ხანს ტელევიზორს უყურა. დაძინებას აპირებდა, რომ ლეილას ოთახიდან ხმაური მოესმა.
დედამთილის საძინებლის კარი შეაღო და გულს შემოეყარა – ქალი იატაკზე ეგდო. ტელეფონს ეცა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
სასწაულით კვლავ გადაურჩა ლეილა ინსულტს. როცა რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, ექიმმა უთხრა: – ყოჩაღი ქალიშვილი გყოლიათ, დროულად გამოიძახა ექიმი.
ფეხი არ მოუცვლია საავადმყოფოდან, ძალიან ნერვიულობდაო. მეორემ დაუმატა, – მაინც სულ სხვაა ქალიშვილი, აბა, რძალი რას შეიწუხებდა თავსო.
საავადმყოფოში ლიკა ყოველდღე ნახულობდა დედამთილს. შინ დაბრუნებულმა ლეილამ “მტრად” და “უსირცხვილოდ” შერაცხილ რძალს გულწრფელად სთხოვა პატიება და მადლობაც გადაუხადა ზრუნვისა და გულისხმიერებისათვის.
ხშირად იტყვიან-ხოლმე, მოთმინებასაც აქვს საზღვარიო, ლიკას შემთხვევაში მოთმინებამ შედეგი გამოიღო, მან თავისი საქციელით მოდრიკა მედიდური დედამთილი…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია