ბევრი ისეთი ადამიანი მინახავს, რომელიც მხოლოდ გვარის ან ჩაცმის სტილის გამო დაიწუნეს, რაც ცხადია, არაა სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ამ მომავალ დედამთილ-მამამთილებსა თუ სიდედრ-სიმამრებს რას გაუგებს კაცი?.. გაგიგიათ გვარის გამო დაწუნებული სარძლოს ამბავი, თუ არა, ახლა მოგიყვებით:
მაია, 26 წლის: – სადედამთილო გვარს მიწუნებდა – ჩიქოვანის ქალი იყო და არ სურდა, მის ოჯახში გლეხის გოგო შევსულიყავი. მაგ საცოდავს კუდი ყავარზე კი ჰქონდა შემოდებული, მაგრამ ის კუდი ისე დავუწვი, რომ მერე მეხვეწებოდა: არიქა, ნუ დამღუპავ, ჩემს შვილს ცოლობაზე უარს ნუ ეტყვიო.
– ასეთი რა გააკეთეთ? – მისი ძველი ამბები გამოვჩხრიკე და დავემუქრე: თუ ჭკვიანად არ იქნები, შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ-მეთქი. – რას მეუბნებიო? – ჰოდა, ვუთხარი, რომ ვიცოდი მისი რომანის ამბავი, რომელიც ქორწინების პარალელურად ჰქონდა გაჩაღებული… და ტელეფონი გავუთიშე.
ქალი მირეკავდა, მე კი მის ზარს ჯიუტად არ ვპასუხობდი. მერე შინ მომადგა: ეს ყველაფერი საიდან მოიტანე, ახლავე უნდა მითხრაო. ვუპასუხე: ამაზე მთელი ქვეყანა ჭორაობს და თანაც, ამქვეყნად ვერაფერს დამალავ-მეთქი…
რაღაც პერიოდის შემდეგ, ამ ქალმა ხვეწნა დამიწყო: ჩემს შვილს ცოლობაზე უარს ნუ ეტყვი და ხელისგულზე გაცხოვრებო. მე კი ვეუბნებოდი, რომ მისი რძლობის სურვილი არ მქონდა. თუმცა საბოლოოდ დავთანხმდი…
– საინტერესოა, როგორი რძალ-დედამთილობა გაქვთ? – მართლაც, თავს მევლება და ცდილობს, არაფერი მაწყენინოს. ეტყობა ეშინია…
– ფეხი რომ აუცდეს და რაღაც ისე ვერ ან არ გააკეთოს, როგორც შენ გინდა, მის საიდუმლოს ყველას გაუმხელ? – არა, ეგეთი გიჟიც არა ვარ, მაგრამ ჩემს დედამთილს სიმართლის გამჟღავნების ისე ეშინია, რომ არა მგონია, ოდესმე მაწყენინოს…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ჟურნალი “გზა”