რისთვისაც სხვას განიკითხავ, იგივე შეიძლება საკუთარ თავზე იწვნიო. ალანა თავის ისტორიას “სარკეს” უყვება:
– ერთი დედმამიშვილი მყავს, ძმა, ლერი. ჩემს მეგობარ ანის ლერი სიყმაწვილიდან უყვარდა. ლერი ფიზიკურად გამორჩეული იყო, გოგონების ყურადღებას იქცევდა, თვითონ კი არავის უყურებდა. ანი კარგი გოგონა იყო, მეც ძალიან მომწონდა და ჩემს ოჯახსაც. ლერის ჩავაგონებდით, რომ ანი იყო საუკეთესო გოგო და იდეალური საცოლე.
– ანი მოიწონა?
– ანის თავის საცოლედ თვლიდა, მაგრამ ქორწინებას არ ჩქარობდა, მერე ლერის ცხოვრებაში გამოჩნდა ლიზა, რომელმაც ჩემი ძმის პირადი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ლიზას წინა ქორწინებიდან შვილი ჰყავდა, რომელსაც დედა უზრდიდა. თვითონ მუშაობდა და საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა.
– ანიმ როგორ მიიღო საქმროს ღალატი?
– შეურაცხყოფილი დარჩა, მაგრამ ეცადა, თავშეკავებული ყოფილიყო და თავისი ბრაზი სხვაზე არ ენთხია. მე კი ლიზას, როგორც სულთამხუთავს, ისე ვუყურებდი. იმდენი ვაძაგე, რომ ლერის ჩემკენ გამოხედვაც აღარ უნდოდა.
მერე ლერი და ლიზა შეუღლდნენ და შესანიშნავი ოჯახი შექმნეს. ურთიერთობაც დაგვილაგდა. ანი მოგვიანებით გათხოვდა და კარგი ქმარი შეხვდა.
– თქვენი პირადი ცხოვრება როგორ აეწყო?
– გაცილებით მძიმე როლში აღმოვჩნდი, ვიდრე ლიზა. ჩემი მომავალი ქმარი, ლაშა, რომ გავიცანი, ცოლშვილიანი იყო. თავიდან გაშორებული მეგონა, ვინაიდან ცალკე ცხოვრობდა. რომ შევიტყვე, უკვე მიყვარდა.
ჩვენი სიყვარული ლაშას მხრიდან დაიწყო, მე გრძნობა მერე გამიჩნდა. მისი ცოლ-შვილის შესახებ რომ შევიტყვე, დავასკვენი, რომ ლაშასთვის უბრალოდ გასართობი ვიყავი, ამან ძალიან დამთრგუნა.
მე რომ უარი ვუთხარი და კარი მივუხურე, ლაშა ცოლს ოფიციალურად გაეყარა და საბუთით ხელში მომადგა. ამან უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩამაგდო. უხეშად გავისტუმრე. ვუთხარი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა.
ლაშას ნერვიულობისგან გულის შეტევა დაემართა და დედამისმა მომძებნა, მთხოვა, ანგარიში გამეწია მისი შვილის გრძნო-ბისთვის.
უშენოდ ვერ იცოცხლებსო, ეს რომ მითხრა, გულქვა უნდა ვყოფილიყავი, გვერდი ამექცია. მის სანახავად ოჯახში მივედი და დამტოვეს კიდეც. ასე მოხდა ჩვენი ამბავი. რისთვისაც სხვას განვიკითხავდი, იგივე დამემართა.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ნინია კახიძე, სარკე