რძლებზე აუგის მთქმელი ბევრი დედამთილი მინახავს, მაგრამ იშვიათად შევხვედრივარ ქალს, რომელსაც თავისი რძალი გულწრფელად ექოს.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეექვსე წელია, ქალბატონი ნანა და მისი აწ უკვე ყოფილი რძალი ქეთი ერთ ჭერქვეშ აღარ ცხოვრობენ, მათ დღემდე საუცხოო ურთიერთობა აქვთ…
– მეექვსე წელია, ჩემი რძალი ჩემთან აღარ ცხოვრობს, მაგრამ მას და ჩემს შვილიშვილებს კვირაში რამდენჯერმე ვნახულობ. ძალიან მიყვარს სამივე და გული მწყდება, რომ დღეს ქეთი ჩემი შვილის ცოლი აღარ არის. თუმცა ყველაფერში დამნაშავე ჩემი შვილია და
მას ვერასოდეს ვაპატიებ, რომ რძალი სახლიდან გამიქცია.
– რა მოხდა? მოგვიყევით…
– ჩემი შვილი 25 წლის იყო, როცა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. ქეთი გასაცნობად ჩვენს ოჯახში რომ მოიყვანა, მის მიმართ მაშინვე სიმპათია გამიჩნდა. ხშირად გაიგონებთ, რომ დედები ბიჭების მიმართ ეგოისტურად არიან განწყობილნი და რაც უნდა კარგი რძალი ჰყავდეთ, ფარული თუ დაუფარავი აგრესია აქვთო.
თუმცა ამას ჩემზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევიძულო ის ქალი, ვინც ჩემი შვილის რჩეულია?! მით უფრო, როცა დაინახავ, რომ მას შენი შვილი უყვარს, ზრუნავს და საუკეთესო მეუღლეა. მართლაც არაჩვეულებრივი რძალი მყავდა, მაგრამ ჩემმა ბიჭმა ვერ შეიშნოვა.
გია ისეთი ეჭვიანი გამოდგა, რომ ქეთის არც მეზობელთან უშვებდა, არც მაღაზიაში და ყველა მეგობარსაც ჩამოაშორა. ტელეფონის ზარებს უმოწმებდა, უკონტროლებდა ჩაცმის სტილსაც, თუმცა მე არასოდეს მახსოვს, ქეთის გამომწვევად ჩაეცვა. მის ტანზე მუხლს ზემოთ კაბა არასოდეს მინახავს.
არ ვიცი, ჩემს ბიჭს რა დაემართა, გიჟივით იყო, ვერ ვცნობდი. ხან მამამისი ელაპარაკებოდა, ხანაც მე ვუჩიჩინებდი, რომ ცოლს პატივისცემით მოპყრობოდა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ქეთიმ სამ წელიწადში ორი ბავშვი გააჩინა. პროფესიით სტომატოლოგია და ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა.
ბავშვების დატოვებას და მოვლას როგორ დავამადლიდი, პირიქით, სიამოვნებით ვუვლიდი შვილიშვილებს, მაგრამ ჩემმა ბიჭმა ცოლს სამსახურისთვის თავის დანებება მოსთხოვა. ქეთი დაემორჩილა.
მე არ ვმუშაობდი და მთელი დღე რძალთან ერთად შინ ვიყავი. მაშინ კიდევ უფრო კარგად გავიცანი ის გოგო. მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი ხასიათის ადამიანი შემოგვივიდა ოჯახში.
ერთ დღესაც ჩემი შვილი შინ უგონოდ მთვრალი მოვიდა. ქეთიმ კარი რომ გაუღო, ხმა არ ამოუღია, ქმარი ისე შეიყვანა თავიანთ ოთახში და ლოგინში ჩაწოლაში დაეხმარა. გიას მაშინვე ჩაეძინა. რამდენიმე საათში, ბავშვები რომ დავაძინეთ, ჩვენც დავწექით. ღამით ჩემი რძლის განწირულმა კივილმა გამაღვიძა.
მივხვდი, საშინელება ხდებოდა. გია ცოლს სცემდა! ამასობაში ბავშვებსაც გაეღვიძათ და ტირილი მორთეს. ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, გულზე ხელი მიიდო და სკამზე მიესვენა. აღარ ვიცოდი, რა მექნა.
დავიბენი, მაგრამ “სასწრაფო დახმარება” მაინც გამოვიძახე. გიამ რომ დაინახა, მამამისი ცუდად გახდა, მომენტალურად გამოფხიზლდა, მაშინვე მის გვერდით გაჩნდა და დამშვიდება დაუწყო. კიდევ კარგი, ექიმები მალე მოვიდნენ და ჩემს მეუღლეს სერიოზული არაფერი სჭირდა. გადავრჩით.
– დარწმუნებული ვარ, რახან თქვენი შვილი ცოლს ხელით ერთხელ შეეხო, ამას მეორედაც გააკეთებდა…
– სამწუხაროდ, კი და ამ ყველაფერმა სისტემატური ხასიათი მიიღო. როგორ არ ვთხოვე, რა არ ვუთხარი, დავემუქრე კიდეც – მოვკიდებ ამ გოგოს და ბავშვებს ხელს და სოფელში წავიყვან-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ხანდახან ისე მძულდა, თითქოს ჩემი შვილი კი არა, ვიღაც უცხო, მტერი ყოფილიყო!
მე და ჩემს მეუღლეს არაერთი ღამე გაგვითენებია თეთრად, როცა გვერდით ოთახიდან ჩემი შვილის ყვირილი და ქეთის ტირილის ხმა გამოდიოდა.
ხან ვფიქრობდი, ცოლ-ქმრის ჩხუბში არ ჩავერევი-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო. ერთხელაც ჩემი რძალი ოთახიდან თვალებჩაწითლებული და ტანდალილავებული რომ გამოვიდა, ვეღარ მოვითმინე, ფეხებში ჩავუვარდი და ავტირდი.
სანამ რამეს მეტყოდა, მე ვუთხარი, შვილო, ამ მხეცს თავს ნუ შესწირავ, ჩაალაგე ბარგი, მოჰკიდე ბავშვებს ხელი და წადი ჩვენი სახლიდან. თუ მშობლებთან დაბრუნება არ გინდა, ბინას გიქირავებ და იქ გადადით-მეთქი. ჩამეხუტა და მითხრა, რომ ბინა უკვე ერთი კვირის ნაქირავები ჰქონდა, ბარგიც ჩაალაგა და ჩვენი სახლიდან გადასვლას აპირებდა.
გამიხარდა-მეთქი, რომ გითხრათ, დამიჯერებთ?! მაგრამ მართლა ასე იყო, რადგან მე ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. რასაკვირველია, გიას დავუმალეთ იმ ბინის მისამართი, სადაც მისი ცოლ-შვილი გადავიდა. ვუთხარი, რომ ჩემგან ამას ვერ გაიგებდა და ხომ არ მომკლავდა?!
გაგიჟდა, გადაირია, ორი კვირა გადაბმულად სვამდა, მაგრამ როცა განქორწინების საბუთი მოუვიდა, ვეღარაფერი თქვა… რატომ ვერ შეიშნოვა ამ კაცმა ანგელოზივით ცოლ-შვილი, დღემდე ვერ გამიგია.
– იქნებ მეუღლე არ უყვარდა?
– არა, პირიქით, ზედმეტადაც უყვარდა, მაგრამ სიყვარულის გამოხატვის ამგვარი ფორმა ჰქონდა. არ გეგონოთ, ვამართლებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც მაშინ და არც ახლა გიას ცხოვრებაში სხვა ქალი არ არსებობს.
– თქვენი ყოფილი რძალი ახლა როგორ არის? როგორ ცხოვრობს?
– ბავშვები ბაღში რომ შეიყვანა, მუშაობა ნახევარ განაკვეთზე დაიწყო. ფინანსურად თავისი ძმა ეხმარებოდა, რომელიც უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. მათ მე და ჩემი მეუღლეც ვედექით მხარში.
ორი წლის წინ ქეთი გათხოვდა და პირველი, ვინც ამ ამბის შესახებ გაიგო, მე ვიყავი. ქეთი ადრე ერთ ბიჭს უყვარდა და სწორედ მას გაჰყვა. თურმე, ქეთის ის არ მოსწონდა. როცა ქეთი დაოჯახდა, ის ბიჭი საქართველოდან წასულა. როცა გაუგია, რომ ქეთიმ ოჯახი დაანგრია და ორი შვილით მარტო ცხოვრება გადაწყვიტა, აქ დაბრუნდა და პირდაპირ ძველ სიყვარულს მიადგა.
უთქვამს, ვიცი, ბევრი ტკივილი ნახე, მომეცი უფლება, რომ ახლა მაინც იყო ბედნიერიო. ქეთი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ არავის დანახვა არ სურდა, მაგრამ ეს ბიჭი არ მოეშვა და ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა. დღეს ქეთი უკვე იმ ბიჭის ცოლია და ბავშვს ელოდება.
მათთან ხშირად მივდივარ, შვილიშვილებს ვნახულობ, ვასეირნებ. ჩემი შვილი კი ისევ მარტოა. დღე და ღამე სამსახურშია. კიდევ კარგი, იმდენი საქმე აქვს, რომ დასალევად ვერ იცლის, თორემ აქამდე ჩამოყალიბებული ლოთი იქნებოდა.
ქეთის მისთვის შვილების ნახვა არ აუკრძალავს, თუმცა გია მათ იშვიათად ნახულობს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემი შვილი ასეთი ცივი და უგულო იქნებოდა, მაგრამ რაც მოხდა, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალოს!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ანა კალანდაძე; ჟურნალი “რეიტინგი”