ეს წერილი ვებგვერდის ფეისბუქ-გვერძე მოვიდა. 28 წლის თამუნა დახმარებას სთხოვს ყველა ჩვენს მკითხველს და სურს, რჩევებით დაეხმარონ, გაიგონ მისი თკივილი და ნაკლებად გაკიცხონ, რადგან ის, რაც მას სჭირს, მისი ბრალი ნაკლებად არის, ის უბრალოდ ცხოვრობს ამ პრობლემით და გამუდმებით ებრძვის საკუთარ თავს:
“გამარჯობა. მინდა ჩემი პრობლემის შესახებ მოგიყვეთ, გული გადავუშალო თქვენს მკითხველს ძალიან გთხოვთ თუ არ დაიზარებთ გამომიქვეყნოთ და რჩევა-დარიგებები მივიღო მხოლოდ თქვენი გვერდის მეგობრებისგან.
რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, რომ მჭირს ძალიან მავნე ჩვევა, ზნე თუ ავადმყოფობა, არ ვიცი, ამას რა დავარქვა… ქურდობა… კლეპტომანია.
ვიპარადი ჯერ პატარ-პატარა ნივთებს, რაც კი მომეწონებოდა, რასაც შემდგომ ძალიან ვნანობდი. ეს ხდებოდა მაღაზიებში, სადაც შეუმჩნეველი იქნებოდა ჩემი ქმედება…
იმ დროს რაღაც არანორმალური განცდა მეუფლებოდა, წნევა მაწვებოდა ტვინში და იმდენად დიდი ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი, რომ ასე მეგონა, ძალიან მაგარ საქციელს ჩავდიოდი, და როცა შედეგს მივაღწევდი, გამარჯვების განცდა რამდენიმე წუთი მიგრძელდებოდა…
თუმცა შემდეგ მოდიოდა სინანული, განცდა ცოდვის შიშის, უფლის, დასჯის შიში.
ეს ქცევა გადაიზარდა ძალიან დიდ ჩვევად – დავიწყე მშობლებთან მოსული მეგობრების ჩანთებში ქექვა და ფულის ამოცლა.
ეს შედეგი არ მექნებოდა ალბათ, ვინმეს რომ დავენახე, ფაქტზე დროულად დავეჭირე, დავესაჯე ან დავერიგებინე, შესაბამისი ზომები რომ მიეღოთ. ან ფსიქოლოგი ჩააერთოთ ან ნევროპათოლოგი ან ვინმე, ან – ტაძარი…
გადიოდა თვეები და მე თვითონ ვხვდებოდი, რომ ძალიან ბევრს ვკარგავდი და საკუთარ თავს ვებრძოდი. შეიძლება ამ ცოდვის ჩადენისგან თავი რამდენიმე თვე ამერიდებინა, მაგრამ ყოფილა დრო, იმდენად ჩავვარდნილვარ დეპრესიაში, საკუთარ მეგობარს, სისხლსა და ხორცს, ბავშვობის დობილს, ჩანთიდან ფულს ვაცლიდი და მერე ვისხედით და ერთად ვნერვიულობდით, ნეტავ სად დაიკარგა…
ეს ამბავი იქამდე გაგრძელდა, სანამ ოქროზე არ მიდგა საქმე. მოვიპარე ბეჭედი, ყელსაბამი და სამაჯური. ფაქტზე დამიჩირეს… (როგორც იქნა).
ალბათ ჩემი ხსნა აქედან დაიწყო, როცა საჯარო გახდა ეს ყველაფერი, როცა სინდიდი უკვე საკუთარ თავთან კი არა, მთელს ოჯახთან, მთელ გარე სამყაროსთან მაწუხებდა.
ამ დროს მივხვდი, რომ მარტო ჩემს გადარჩენაზე კი არა, იმ ადამიანზე ვდარდობდი, ვისაც ეს გავუკეთე, ჩემს ოჯახზე. რა ეშველებათ მათ? თავს როგორ გაართმევენ ნასროლ ტალახს? გამკიცხავ მზერას სად გაექცევიან, დამცირებას როგორ აიტანენ?
ისე გამოვიდა, რომ ამ შემთხვევაშიც ჩემი მეგობრის ოჯახმა გადამარჩინა საბოლოო დასჯისგან, რასაც ციხე ჰქვია, მაგრამ შინაგანი ჭრილობა იმხელა დამრჩა, ალბათ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვერაფერს ვიზამ.
ახლა დავდივარ ფსიქოლოგთან, უკვე 2 წელია. ვცდილობ შევიცვალო. მართალია, არის შემთხვევები, როცა ძველი ზნე თავს მაჩვენებს, მაგრამ ამ დროს უკვე ისე გავძლიერდი, ვიღებ ტელეფონს და ვურეკავ ჩემს ფსიქოლოგს, ჩემს გადამრჩენელს, თუ შეიძლება ასე ვუწოდო.
მე ჯერ კიდევ ჭაობში ვარ, ჯერ კიდევ ვებრძვი თავს, სინდისს. ოჯახს ჯერ კიდევ ვერ ვუსწორებ თვალს. მინდა გავიქცე შორს, მაგრამ იქაც ხომ იგივე ვიქნები? იქაც ხომ ანალოგიურს გავაკეთებ?
ვიცვლები, მაგრამ ძველი ცოდვები თავს მაინც არ მანებებენ. განვიცდი… დაკარგული მეგობრის ნდობის გარეშე დარჩენილმა ცხოვრების გაგრძელებას შევძლებ?
ამ კითხვას ყოველდღე ვუსვამ ჩემს თავს. ყოველდღე მინდა მახსოვდეს ის დღე, როცა სირცხვილით მინდოდა მოვმკვდარიყავი. მინდა, რომ მსგავსი შეცდომა თავიდან ავიშორო, მაგრამ რამდენ ხანს შევძლება ასე ცხოვრებას?
ძალიან მინდა ჩემს მეგობარს, მის ოჯახს თვალებში შევხედო და პატიება ვთხოვო.
ალბათ ამას წლები დასჭირდება, მაგრამ მინდა იცოდეს, ძალიან ვნანობ,ვნანობ ყველას წინაშე, ვისაც ასე ვექცეოდი…
როგორ ვიცხოვრო? რა გავაკეთო? თქვენი თანადგომა და გამხნევება მჭირდება…
დიდი მადლობა ჩემი მოსმენისთვის”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია