ეს სევდიანი ისტორია წლების წინ, მაშინ დაიწყო, როცა ქვეყანაში 90-იანი წლები იდგა. გაჭირვება და ომი მაშინ ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო.
იმ დროს, როცა ადამიანები გადარჩენისთვის იბრძოდნენ, ქუთაისში, იოსებაშვილების ოჯახში გოგონა გაჩნდა.
ირინა იოსებაშვილს კარგად ახსოვს, როგორ მოევლინა ქვეყანას მისი ნაბოლარა დაიკო. იმ სიხარულით გამოწვეული ემოციები ბავშვობიდან ახლაც მოყვება.
მერე, ყველაფერი ტრაგიკულად განვითარდა. ისტორია ბავშვის დაკარგვით გაგრძელდა. წლებია დას ეძებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილები წამოეზარდა.
ეშინია მისმა ბიჭებიდან რომელიმემ ბედი მის დისშვილს არ დაუკავშიროს და მერე, მთელი ცხოვრება სანანებელი არ ჰქონდეს…
ის, რაც წლების განმავლობაში მათ ოჯახში ტაბუდადებული თემა იყო, დღის სინათლეს ახლა იხილავს. სჯერა, რომ მცდელობა შედეგს გამოიღებს და იპოვნის იმას, ვისაც წლებია უშედეგოდ ეძებს. ირინა „პრაიმტაიმს“ თავის ისტორიას უყვება.
„ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ზუსტად წელი არ მახსოვს მაგრამ 90-იან წლებში, შიმშილი და უბედურება, რომ იყო, ძალიან გვიჭირდა.
მაშინ მამიდამ მამას უთხრა, რომ მის სოფელში (სოფელ უხუთში) ცხოვრობდა 3-შვილიანი ქვრივი ქალი, რომელსაც ვენახი და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები ჰქონდა. ქალს თუ დაეხმარებოდა მიწის დამუშავებდაში, მცირე, მაგრამ გარკვეული შემოსავალი გაუჩნდებოდა.
მამამ ქვრივი ქალის მიწების დამუშავება დაიწყო. მასთან ჩვენც ხშირად დავყავდით… გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთ დღესაც სახლში მოვიდა მამა და ის ქვრივი ქალი თავის 3 შვილთან ერთად სახლში მოიყვანა.
დედას გამოუცხადა, რომ ქალბატონი მისგან ფეხმძიმედ იყო. ისიც უთხრა, იმ სოფელში, რომ დარჩეს მულები მოკლავენო…
არ ვიცი, ესეც ალბათ გმირობის ტოლფასია, როცა ასეთ ამბავზე თვალს ხუჭავ და შენს სახლში სულ სხვა ქალს იტოვებ, რომელიც შენი მეუღლისგან შვილს ელოდება… ძალიან მეცოდებოდნენ ბავშვები, სამივეს მე ვუვლიდი..
ორსული ქალი თავისი შვილებით ჩვენს სახლში ცხოვრობდა იქამდე, სანამ არ იმშობიარა. როგორც ჩანს, ჯერ არ დაბადებული ბავშვის ბედი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი… დაბადების შემდეგ, ბავშვთა სახლში უნდა ჩაებარებინათ.
მეექვსე სართულზე ვცხოვრობდით, ჩვენს ზემოთ უშვილო წყვილის ბინა იყო. ქალბატონი დედასთან მეგობრობდა. სავარაუდოდ, ეს ისტორია დედამ მას მოუყვა.
ერთ დღეს, ჩემი მეზობელი მოვიდა და დედას უთხრა, რომ მის ძმას შვილის აყვანა უნდოდა და თუ ამ ბავშვს, რომელიც უნდა გაჩენილიყო, თავშესაფარში დატოვებდნენ, მას მეზობლის ძმის ოჯახი წაიყვანდა.
ალბათ, ამ საკითხე ბევრი ისაუბრეს და საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ჩემი ნახევარდას დაბადებისთნანავე სხვა ოჯახში წაიყვანდნენ. შეთანხმდნენ. მაშინ 10 წლის ვიყავი. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ, როცა ქალი სამშობიაროში წაიყვანეს იქედან ბავშვის გარეშე დაბრუნდა…
ახლა სულ უფრო ხშირად მიჩნდება ეჭვი, რომ ბავშვი ამ უშვილო წყვილმა დაიტოვა. გარკვეული პერიოდი, ეს მეზობელი ქალი მეუბნებოდა ხოლმე, ძალიან გგავს შენი დაიკოო.
ამ ბავშვის გაშვილების შემდეგ, ჩვენი მეზობლები სოფელში საცხოვრებლად მალევე გადავიდნენ და მას მერე ისინი ქუთაისში აღარ მინახავს.
ჩემი და ქუთაისში, წყალტუბოს გადასახვევთან რომ სამშობიაროა იქ დაიბადა… დანამდვილებით ვიცი, რომ ირმას სახელით გააფორმეს. სავარაუდოდ, მამამ გვარი მისცა. ზუსტად ვიცი, რომ მერე სახელსაც შეუცვლილდნენ და გვარსაც. ვიცი, რომ გააშვილეს სოფელ გეგუთში.
ამ ბოლო დროს ამეკვიატა და სულ მესიზმრება, რომ ვიღაც მეძებს. 3 შვილის ემიგრანტი დედა ვარ, რაც დრო გადის სულ უფრო მეშინია, მისი შვილები ჩემს შვილებს ისე არ დაუკავშირდნენ რომ მერე სატირლად მქონდეს საქმე.
მე ბაღდათის რაიონიდან ვარ, სოფელი გეგუთი ჩვენთან ახლოსაა.
მე ახლა 40 წლისა ვარ, ჩემი და სავარაუდოდ, 29 -30 წლის უნდა იყოს. მამა გარდაცვლილია და დედას არ ახსოვს ზუსტი წელი… თუ ვინმეს ეცნობა ეს ისტორია, უმორჩილესად გთხოვთ შემეხმიანეთ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია