თბილისში გუშინ 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად მოკლეს. ლევან ჯანგულაშვილს 23 წლის ბიჭმა ჯერ ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო და გვამს ცეცხლი წაუკიდა.
შემზარავი დანაშაული ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა. საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.
მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ დანაშაული ჯანგულაშვილის საუკეთესო მეგობარმა ჩაიდინა, თუმცა მოტივზე საუბარი უჭირთ. მკვლელობაში ბრალდებული ლ.ტ.-ს გუშინ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ლევან ჯანგულაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლ.ტ.-ს ადვოკატი ლევან ზაქრაძე:
“მქონდა მასთან შეხვედრის საშუალება, ის დუმილის უფლებას იყენებს, ინტერვიუს უფლება არ მოუცია. თუმცა როგორც გავარკვიე, ამ ბავშვს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ნამკურნალებია და დღემდე მკურნალობს. ვერც მის ვინაობას გეტყვით, არც ამის უფლება მოუცია, თუნდაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რეალური დეტალები არავინ იცის და იმდენ სისულელეს წერენ ფბ-ზე…
ჩემთვის ყველაფერი ცნობილია, უბრალოდ, არ მაქვს მისი გამჟღავნების უფლება. ჯერ ისიც არ არის დადგენილი, ვისი გვამია ნაპოვნი, ტელევიზიით კი გაჟღერდა, სათვალთვალო კამერის ჩანაწერებია საქმეშიო, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მინახავს, ჯერ არაფერია მტკიცებულების სახით. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. მე როგორც ვიცი, დედას აუღეს დნმ და გვამიდანაც აიღებდნენ ნიმუშებს. ჩაატარონ გამოძიება, ჩვენც, დაცვის მხარე ვიმუშავებთ და ვნახოთ, რა გამოიკვეთება.“