10 წლის ასაკიდან მოყოლებული თოჯინებს აქტიურად ამზადებს, დღეს კი უკვე 35 წლისაა და ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში ბაჩო ცანავას მიერ შექმნილი თოჯინები, დიდ ყურადღებას და ინტერესს იჩენს. ,, რას ვიზამთ ასეთი ვარ, ეს თვალებზეც მეტყობა იმიტომ რომ დაბადებიდან ასეთი სევდიანი თვალები მაქვს მიუხედავად, იმისა რომ შეიძლება მუცლის ტკივილამდე ვიცინოდე, თვალები ისევ ისეთი მრჩება. ‘’ – ბაჩო ცანავა. უფრო ვრცლად კი თავად მოგვიყვება თოჯინების შექმნის ისტორიას.
1. რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველი თოჯინა შექმენი?
ჩემი ისტორია, როგორც მეთოჯინის, ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. თავდაპირველად ეს ბავშვური თამაშით , ძალიან მომწონდა და მომწონს ძველებური სტილის ფაიფურის ფიგურები, ძირითადად ეს იყო ინსპირაციის წყარო. ვბაძავდი მათ და ვაკეთებდი პლასტილინისაგან ძველებურ სამოსში გამოწყობილ ადამიანებს. მაშინ 10 – 11 წლის ვიქნებოდი. ფიგურებს რომლებსაც ვძერწავდი საახეები არ ჰქონდათ, მაგრამ ჩაცმულობითა და მოძრაობით საოცარ დინამიას ქმნიდნენ, რაც ჩემი ოჯახისთვის და უბრალო მნახველებისათვის დიდ აღტაცებას იწვევდა. დადებითი შეფასებები კი ჩემში მეტ სტიმულს აჩენდა. მეც ვშლიდი და ვძერწავდი განუწყვეტლივ . შესაბამისად, ნამუშევრები ნელ-ნელა იხვეწებოდა.მე თვითნასწავლი ხელოვანი ვარ და დღეს რა სახეც აქვს ნამუშევრებს ეს დიდი შრომის , მონდომებისა და რა თქმა უნდა თვითნაბადი ნიჭის დამსახურებაა.
- საიდან მოგივიდა პირველი თოჯინის შექმნის ინიციატივა?
სახლში რემონტი გვქონდა და ერთერთ ოთახში ტომრით თაბაშირი იდო მეც თამაშით წყალში მოვძილე თაბაშირი და პირველი ნამუშევარი ქალი კალათით გავაკეთე. ის რომ დღეს მეთოჯინე ვარ ეს რაღაცნაირად უცნაურად განვითარდა. შემოქმედებით გზაზე ყოველთვის მიმართლებდა და მიმართლებს ვხვდები ისეთ ადამიანებს რომლებიც დახმარების ხელს მიწვდიდნენ როგორც ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანს . დღეს მე ვცდილობ რაც შემიძლია დავეხმარო თუნდაც რჩევიტ ადამიანებს რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ შემოქმედებაში. - თუ შეგიძლია გაიხსენო, დაახლოებით რამდენი თოჯინა გაქვს შექმნილი ამ ხნის განმავლობაში?
ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი თოჯინა მაქვს გაკეთებული. არასდროს დამითვლია, ალბათ 2000 ზე მეტი. ნამუშევრები გაფანტულია სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. სახლში ნამუშევრების, რაღაც რაოდენობის მოგროვებას ვერ ვახერხებ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ჩემ ნამუშევრებზე. თან კონვეირივით მუშაობას ვერ ვახერხებ. ჯერ იმიტომ, რომ განწყობა და ხასიათი სჭირდება ყოველი ახალი პერსონაჟის დაბადებას ( ჩვენში ამას მუზას ეძახიან. ) მეორეც ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ამ ბოლო დროს სულ უფრო ცოტა დრო მრჩება თოჯინებზე სამუშაოდ, რადგან ვმუშაობ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმში და ასევე ყოველ შაბათს დეფანი ხელოვნების სახლში თოჯინების ხელოვნებას ვასწავლი, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე. ერთი სიტყვით, თოჯინები ჩემი ცხოვრების მთავარი თემაა. - ბაჩო, შენ შემოქმედებებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თოჯინების ძველი ტანისამოსი, რას აღნიშნავს ეს ყოველივე? რატომ ძველი სტილის ჩაცმა(რაც ჭარბობს) და რატომ არა ტანისამოსის თანამედროვე სტილი? გეთანხმებით, ჩემს ნამუშევრებში ძველებური სტილის ჭარბობს. როგორც ჩემი გარემოცვა ამბობს, ცნობილი მეძველმანე ვარ და მიყვარს და ვაგროვებ ყველაფერს, რაც ძველია და საუკუნეებს მოიცავს. ასევეა, ჩემი ნამუშევრებიც რომ თოჯინას ძალიან მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის ძველებური ჩაცმულობა. სხვათა შორის ,არც ისე მარტივია. ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას , გემოვნებას და ენერგიას მოითხოვს რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თანამედროვე ჩაცმულობა კი, იმდენად პრიმიტიული და მარტივია, რომ ჩემთვის სულაც არ არის თოჯინისთვის საინტერესო. თუმცა ვფიქრობ და გონებრივად ვმუშაობ რომ ძველი სტილიდან ახალზე გადავერთო. აი მაგ ზღვარზე ვარ მაგრამ ბოლომდე ჯერ ვერ ვხვდები როგორი უნდა იყოს ეს ახალი სტილი ნამუშევრებში. ძალიან ბევრს ვფიქრობ, რომ საბოლოო კონცეფციამდე მივიდე და ეს არ იყოს მკვეთრი ნახტომი. მირჩევნია, კონტრასტულად ნელ-ნელა შევიტანო სიახლე ნამუშევრებში, ისე რომ თოჯინური სახე არ დაიკარგოს. თუმცა, ეს ტოპსა და შორტში გამოწყობილი თოჯინები არ იქნება ნამდვილად. ( არ იფიქროთ რომ ტოპს და შორტს ვერჩი და არც იმას ვფიქრობ რომ ხაბარდით უნდა ეცვას ვინმეს, მე უბრალოდ შემოქმედებით სტილს ვგულისხმობ თორე ნება რომ მომცენ სულ შორტით ვივლიდი.)
- შენ მიერ შექმნილ თოჯინებში ჭარბობს სევდიანი სახე, რამ განაპირობა ეს ყველაფერი, რომ ძირითადად ვხედავთ სევდას, ნოსტალგიას, მონატრებას და ა.შ.
ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდ. ბევრი კარგი, ბევრი ცუდი. შესაბამისად მუშაობის პროცესიც აქტიურად ისრუტავს შემოქმედის განწყობასა და ემოციას. რაც ნამუშევარში პირდაპირ აისახება . ეს თავისდა უნებურად ხდება, თოჯინური ხელოვნება ხომ ცოცხალი პროცესია. ვცდილობ, რომ ჩემი უცნაურობა არც ისე საჯარო იყოს და არ მიყვარს ხაზგასმა იმის, რომ ცოტა უცნაური ხასიათი მაქვს. რომ ყოველ 2 საათში შეიძლება გუნება განწყობა შემეცვალოს, ისე რომ თავადაც ვერ მივხვდე და ვერ გავაკონტროლო. თან ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ, შესაბამისად ჩემი ცვალებადი – ზოგჯერ უჟმური, ზოგჯერ მხიარული ხასიათი ნამუშევრებში გადადის . ჩემ ნამუშევრებში ხშირად სევდა და მარტოობას ხედავენ . ალბათ იმიტომ რომ მარტოობა ძალიან მიყვარს და საერთოთ არ ვარდები პანიკაში როცა მარტო ვგრძნობ თავს, ხშირად მივილტვი მარტოობისკენ. მიუხედავად იმისა რომ ჩემს ირგვლივ უამრავი მეგობარი და ახლობელია. რას ვიზამთ ასეთი ვარ, ეს თვალებზეც მეტყობა იმიტომ რომ დაბადებიდან ასეთი სევდიანი თვალები მაქვს მიუხედავად, იმისა რომ შეიძლება მუცლის ტკივილამდე ვიცინოდე, თვალები ისევ ისეთი მრჩება. ხშირად მეკითხებიან რა გჭირს რატომ გაქვს სევდიანი თვალებიო ? არაფერიც არ მჭირს ასეთი თვალები მაქვს არ ვიცი.
ბაჩო, ცნობილია რომ მეთოჯინე მასწავლებლის როლიც აქტიურად მოირგე ბოლო პერიოდში. მინდა გადმოსცე ის ემოცია და განწყობა რასაც იღებ ყოველი გაკვეთილის ჩატარების შემდეგ.
ჩემი პედაგოგიური საქმიანობა თოჯინების მუზეუმში დაიწყო, სადაც თოჯინების ისტორიასა და ეთნოგრაფიული თოჯინის დამზადების მასტერკლასებს ვატარებდი და ვატარებ. პარალელურად დეფანის ხელოვნების სკოლაში ვასწავლი თოჯინების დამზადების ტექნიკას. იყო პედაგოგი, ეს ურთულესია, მაგრამ ყველაზე საინტერესო. ჩემს პედაგოგიურ არეალს მხოლოდ ბავშვები არ შეადგენს. ძალიან ბევრი უფროსი თაობის მოსწავლე მყავს, რომლებიც დიდი მონდომებითა და გულისყურით ერთვებიან თოჯინურ ხელოვნებაში. ის პატარა ადამიანები, რომლებიც ჯერ ვერაფრით იგებენ რომ მე შეიძლება თოჯინებს ვაკეთებდე და ვასწავლიდე თოჯინურ ხელოვნებას ჩემი ფიზიონომიიდან გამომდინარე იმხელა გულწრფელ აღტაცებასა და ემოციას გამოხატავენ და ისეთი მონდომებით ამზადებენ თოჯინებს, მარტო მათი ჯერ გაკვირვებული მერე აღფრთოვანებული შეძახილები ღირს დღის ბოლოს კარგ ხასიათზე დადგე, ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან , და ძალიან ბევრ დადებით ემოციას ვიღებ მადლიერების ნიშნად როცა პატარები გარს შემოგეხვევიან. მართლა ბევრს ნიშნავს ჩემთვის მათი გულწრფელი ემოციები, როცა თავიანთ ნამუშევრებს ბედნიერი სახეებით შესცქერიან. თოჯინური ხელოვნება ხომ მაგისთვისაა, რომ ადამიანები გააბედნიეროს, პატარები გაახაროს დიდები კი ბავშობაში დააბრუნოს . მე კი იმით ვარ მადლიერი თუ ეს ყოველივე გამომივა.