გაოცებული ვარ ჩემი ქმრის საქციელით. 17 წელია, ცოლ-ქმარი ვართ, ლამის შევაბერდით ერთმანეთს, მოზრდილი შვილები გვყავს და ეს წლები ისე გავიდა, პრაქტიკულად, უსიამოვნება არ გვქონია.
ბოლო ხანებში კი რაღაცნაირი შარიანი გახდა, უფრო სწორად – ეჭვიანი. რამ გააგიჟა, წარმოდგენა არ მაქვს. რომ ჰკითხო, სულაც არ ეჭვიანობს, მაგრამ, აბა, რა ჰქვია იმას, ამ ხნის ქალს, სამსახურის გარდა არსად რომ არ მიშვებს?
ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან და თანაკლასელ ქალებთან რომ მომინდეს წასვლა, ამაზეც კი, ან წინასწარ მთელი კვირა უნდა ვეხვეწო, ან არ უნდა ვუთხრა, ისე ჩუმად უნდა წავიდე.
მაგრამ, ამის გაკეთებაც მეშინია, რადგან, რომ გაიგოს, შეიძლება, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ისე გადაირიოს. რამდენჯერმე ისიც ვთხოვე, შენც წამოდი, ორივე ვართ დაპატიჟებული-მეთქი, მაგრამ, არ წამომყვა და ამის გამო ვერ წავედი ვერც სკოლის და ვერც ინსტიტუტის დამთავრების წლისთავებზე.
ვინც კი ახალგაზრდობიდან იცნობს ჩემს ქმარს (ჩემს დაქალებს ვგულისხმობ), ყველა გაოცებულია მისი ასეთი შეცვლით. თვითონ თუ მიდის სადმე, აუცილებლად უნდა გავყვე, მე კი არსად დამყვება.
ერთი პირობა, ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, ჩემი გოგონები არ მოსწონს და ამ ფორმით ცდილობს, მათთან ურთიერთობა ამიკრძალოს-მეთქი, მაგრამ, როცა ისინი მოდიან ჩემთან, თან ჰყვება, აღარ იცის, როგორ სცეს პატივი.
მისი ხასიათის ასეთი შეცვლა უფრო იმიტომ მაოცებს, რომ მთელი ცხოვრება ვმუშაობ, თანაც, ისეთი სამსახური მაქვს, ხან დღისით მაქვს მორიგეობა, ხან – ღამით („სასწრაფოს“ ექიმი ვარ) და ამაზე არასდროს, ერთხელაც კი მსგავსი არაფერი უთქვამს ან გამოუმჟღავნებია.
მესმის, ყველა კაცს უნდა, სამსახურიდან რომ მიდის დაღლილი და მშიერი, ცოლი სახლში დახვდეს, მაგრამ, ჩემი ქმარი მაშინაც მოითხოვს, სულ სახლში ვიყო, როცა თვითონ, ვთქვათ, რამდენიმე დღით მივლინებაში ან სადმე სხვაგან არის წასული.
ასეთ დროს ყოველ ნახევარ საათში მირეკავს და, მომენატრეო, მეუბნება, თან, სხვათა შორის, შეაპარებს ხოლმე – სად ხარ, და რას აკეთებო. მაღაზიაშიც რომ ჩავიდე და თვითონ სახლში არ იყოს, უნდა დავურეკო და ვუთხრა, პურზე ან პროდუქტებზე ჩავდივარ-მეთქი.
უკვე მრცხვენია ჩემი მეგობრების. თუ მოხდა სასწაული და ერთი საათით გამიშვა ან გავიპარე, სულ საათზე ვიყურები და გაქცევაზე ვარ. ბავშვებსაც ვერაფერს ვეუბნები, ვერც ჩემს მშობლებს, მარტო ჩემმა დამ იცის, რა დღეშიც ვარ.
მაგრამ, ვერაფერს მშველის. ცოტა ხანს კიდევ მოვითმენ და შევეცდები, ჭკუაზე მოვიყვანო და თუ მაინც არაფერი გამომივიდა, ალბათ, გავეყრები, რადგან, ვატყობ, ასეთი პრესის ქვეშ ცხოვრებას ნამდვილად ვეღარ ვუძლებ. გავეყრები, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ძალიან მიყვარს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია
ქეთინო, 41 წლის.