15 წლის ისე გავხდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ დედა მკვდარი მყავდა. 16 წლისაც არ ვიყავი, მამაც გარდამეცვალა, რომელმაც სიკვდილის წინ გამიმხილა, რომ დედაჩემი ცოცხალიც იყო, ჯანმრთელიც და გადასარევადაც გრძნობდა თავს თავის სამშობლოში – რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში.
როგორც მამაჩემმა მითხრა, 2 წლის ვყოფილვარ, დედამ რომ მიგვატოვა (თუ შეიძლება, რომ იმ ქალს დედა ვუწოდო) და მას მერე ერთხელაც არ დაურეკავს – არ უკითხავს, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი.
მისი წასვლის შემდეგ მამას დედაჩემის ყველა სურათი დაუხევია და დაუწვავს, ერთის გარდა, რომელიც სიკვდილის წინ გადმომცა და მითხრა, თუ მოძებნა მოგინდება, ეს სურათი დაგეხმარებაო.
მამას გარდაცვალების შემდეგ ჩემთან ბებია ჩამოვიდა სოფლიდან და ის მივლიდა, მე კი სულ დედაზე ვფიქრობდი, მაინტერესებდა, როგორი იყო ახლა, როგორ ცხოვრობდა, ვახსოვდი თუ არა საერთოდ და კიდევ თუ ჰყავდა შვილები.
ისე დავიღალე ამაზე დაუსრულებელი ფიქრითა და დარდით, რომ ერთ დღესაც, გადავწყვიტე, მომეძებნა და შევხმიანებოდი. მაშინ გამახსენდა მამაჩემის სიტყვები – ეს სურათი დაგეხმარება მოძებნაშიო.
სურათის უკანა მხარეს დავაკვირდი და ძლივს გავარკვიე გაფერმკრთალებული მინაწერი, რომელიც აშკარად მისამართი უნდა ყოფილიყო. ცოტა კი დავეჭვდი, რომ დედაჩემს ამდენი წლის შემდეგ იმავე მისამართზე მივაგნებდი, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველივე ცდაზე „გავარტყი“. როცა დავადგინე, რომ ისევ იქ ცხოვრობდა, გავუგზავნე წერილი ჩემი და მამას სურათებით.
ყველაფერი მოკლედ მოვუყევი ჩემ შესახებ და ვთხოვე, სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით, პასუხი მოეწერა. საკმაოდ დაგვიანებით მივიღე საპასუხო წერილი, რომელშიც სულ რამდენიმე წინადადება ეწერა: „არ გიცნობ, ვინ ხარ და არც მაინტერესებს. აღარ გაბედო მოწერა.
ქმარიც მყავს და შვილიც. სამუდამოდ დამივიწყე“. ჩემი გაგზავნილი სურათებიც კი უკან გამომიგზავნა. როგორია ასეთი ტკივილის გადატანა 16 წლის ბიჭისთვის? ძალიან კი ვმალავდი, მაგრამ ბებიაჩემმა მაინც გაიგო, რაც მოხდა და, როგორც იტყვიან, თმა გაიშალა:
მაგ უჯიშომ და ეშმაკის მოციქულმა გადამირია შვილი, მაგან მიგაგდო ძაღლის ლეკვივით, მაგან დააქცია ჩემი აწყობილი ოჯახი, მაგ ბოზანდარამ და, კიდევ მაგას ეხვეწები შეხვედრასო?! მერე გულში ჩამიკრა და ორივე ხმამაღლა ვტიროდით.
ხომ ასე გულმოკლული ვიყავი დედისგან, მაინც მეწყინა, ბებიამ ცუდად რომ მოიხსენია, მაგრამ მისი სახელი სამუდამოდ ამოვირეცხე გულიდან და ხმამაღლა განვაცხადე, მე დედა დღეს მომიკვდა-მეთქი.
იმ დღიდან ძალიან სევდიანი და გულჩახვეული გავხდი. საწყალი ბებიაჩემი სულ თვალებში შემომცინებდა, ოღონდ რამე ესიამოვნებინა. მეც სულ ვეფერებოდი, რადგან ძალიან მეცოდებოდა – ერთადერთი შვილი (მამაჩემი) მოუკვდა და ჩემ მეტი არავინ ჰყავდა.
ისე გავიდა ხუთი წელი, დედაჩემი გადაკვრითაც კი არ მიხსენებია. ის კი არა, ვცდილობდი, არც კი მეფიქრა მასზე. ერთ დღეს კი, სამსახურიდან რომ მივედი სახლში, ბებიაჩემი მისაღებ ოთახში იჯდა და ვიღაც ფაშფაშა უზარმაზარ ბეწვისქუდიან, წითურ ქალს ელაპარაკებოდა დამტვრეული რუსულით.
იქვე, შემოსასვლელში სამი ჩემოდანი დავინახე და გულმა რეჩხი მიყო. გიჟივით შევვარდი ოთახში და ისე, რომ იმ ქალისთვის არც კი შემიხედავს (ძალა არ მეყო, რომ თუნდაც თვალი შემევლო), ბებიას ვეცი – ვინ არის ეს ქალი, უცხოებს რატომ უშვებ სახლში-მეთქი.
ბებიამ ხმის კანკალით მითხრა, დედაშენია და მიესალმე მაინცო. მე დედა მეორედ მომიკვდა ხუთი წლის წინ და კატა ხომ არ არის, ცხრა სიცოცხლე ჰქონდეს-მეთქი, – ვიყვირე. ის ქალი კი ჯერ მაკვირდებოდა, მერე კი წამოხტა და ჩემკენ გამოექანა აფერისტული კრუსუნით:
– „სინოკ, კაკ ტი ვიროს, უჟე მუჟჩინა! ია ტვოია მამა, იდი კო მნე, როდნოი!“ – და საკოცნელად გამოიწია, მაგრამ მე ისე უხეშად ვკარი ხელი, კინაღამ წავაქციე.
მერე ბებიას მივუბრუნდი და კატეგორიულად მოვთხოვე: ან ახლავე გააგდე სახლიდან და ფეხის მოდგმაც კი აუკრძალე, ან მე წავალ და თვალით ვეღარ მნახავ-მეთქი.
ბებომ ტირილით ამოიკვნესა და მითხრა, სად გავაგდო, ცხრა მთას იქიდან ჩამოსული ადამიანი, ქალაქში არავის იცნობს, ღამე მაინც გაათიოს აქ და დილით ვეტყვი, რომ წავიდეს. თანაც, ეს უბედური ქმარ-შვილს გამოუგდია სახლიდან. წასასვლელი რომ აღარსად ჰქონდა, აქ ჩამოვიდა და ახლა ჩვენც გავაგდოთო?
არ მაინტერესებს-მეთქი, ვუყვირე ბებიას, მერე კი იმ ქალს მივუბრუნდი და ვუთხარი, ქალბატონო, არ გიცნობთ ვინ ხართ და არც მაინტერესებს, ახლავე თქვენი ბარგიანად მიბრძანდით აქედან-მეთქი.
მან ტირილი დაიწყო, – მართალია, შეცდომა მომივიდა, მაგრამ მე ხომ შენი დედა ვარ, თანაც, ამ შუაღამისას ამ უცხო ქალაქში ვის მივადგე.
უკანაც ვეღარ დავბრუნდები, იქიდანაც გამომაგდესო. რომ არ გამოეგდე, ჩემი არსებობა თუ გაგახსენდებოდა-მეთქი, ვუყვირე.
მერე მისი გამოგზავნილი წერილი გამოვუტანე (შენახული მქონდა) და თვალებზე ავაფარე, – ხომ არ დაგავიწყდა, რაც მომწერე-მეთქი. არც ამ უცხო ქალის ცრემლებმა გაჭრა არც ბებიაჩემის ხვეწნა-მუდარამ, მხეცად ვიქეცი და დედაჩემი, რომლის ნახვასაც ასე ვნატრობდი, შეუბრალებლად გავაგდე სახლიდან.
მოგვიანებით გავიგე, რომ ორი დღე ბებიაჩემს დაუბინავებია სადღაც, მერე კი ბებიას თავისი ფულით უყიდია უკან დასაბრუნებელი ბილეთი, რაღაც თანხაც მიუცია (უკაპიკოდ ბრძანდებოდა, თურმე, ქალბატონი), თვითონვე ჩაუსვამს მატარებელში და გაუცილებია.
იმ ამბებიდან თითქმის 20 წელი გავიდა. თავიდან რამდენიმე წერილი გამომიგზავნა დედაჩემმა, პატიებას და შერიგებას მთხოვდა, მაგრამ არც ერთ წერილზე არ მიპასუხია.
ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს საქციელს, ვხვდები, რომ სასტიკად მოვექეცი და სადღაც, გულის სიღრმეში ვნანობ კიდეც, მაგრამ ჩემს თავს არაერთხელ გამოვუტყდი, რომ ახლა, როცა უკვე 40 წელს გადავაბიჯე, ისევ რომ მომადგეს დედაჩემი, ალბათ, ისევ ისე მოვიქცევი.
შეიძლება, არ ვარ მართალი, მაგრამ შეუძლებლად მიმაჩნია პატიება და რა ვქნა!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
კობა, 41 წლის.