საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭირო არის იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სინოდზე 3 კანდიდატის გამოცხადება მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს შემდეგი სინოდი იქნება. წინმსწრები იქნება ეს შემდეგი სინოდი გაფართოებული კრების. გაფართოებული კრება 40 დღიდან 2 თვის შუალედში უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა, ასე არის დებულებაში. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება. მას გაფართოებული სხდომა სჭირდება. ამიტომ, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია“,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა სინოდის დღევანდელ სხდომაზე მომავალი პატრიარქის ასაკსა ან განათლებაზე საუბარი, ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, იმსჯელებენ.
„ეს იქნება მსჯელობა ზოგადად იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის შესაძლოა ამაზეც იყოს მსჯელობა, თუ რა თქმა უნდა, ეს საკითხი დაისვა“,-განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით, საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.
წყარო: IPN


